რედაქტორისგან
საქინფორმის განცხადება: „ეს პრემიერი ივანიშვილის პრესსამსახურს უნდა გაეკეთებინა, და არა საქინფორმს!“

saq-geoსაქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. დღეს საქინფორმი საგანგებოდ, განმეორებით და დეტალურად აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის პირველი და ბოლო პრესკონფერენციების ფრანგმენტებს, რომლებიც, შესაბამისად, 2011 წლის 1 ნოემბერს და 2013 წლის 10 აპრილს გაიმართა, აგრეთვე ბოლო პრესკონფერენციის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ში მის ოფიციალურ გვერდზე “Bidzina Ivanishvili official“ 2013 წლის 12 აპრილს გავრცელდა.

როგორც ხედავთ, პატივცემულო მკითხველო, ზემოხსენებულ განცხადებაში, ისევე როგორც ქრონოლოგიურად პირველ და ბოლო პრესკონფერენციებზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს საბრძოლო მოქმედებებზე, და არა საქართველოს მიერ დაწყებულ ომზე. რადგან რამდენად ამაზრზენიც უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების (ამ შემთხვევაში სამხრეთ ოსეთელების) წინააღმდეგ და საკუთარ ტერიტორიაზე, ომს, მითუმეტეს, საქართველო-რუსეთის ომს, ამას ვერაფრით დაარქმევ!

საქინფორმის რედაქცია უკიდურეს გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ეს ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა არ აღნიშნა - სწორედ ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერს, და არა საქინფორმს, დაუყოვნებლივ უნდა ჩაეტარებინა ბრიფინგი და გაეკეთებინა ასეთი განცხადება, და იძულებული არ გაეხადა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, Facebook-ის მეშვეობით გაევრცელებინა ზემოხსენებული განცხადება, რომელიც პოლონეთში მყოფმა სააკაშვილმა დაუყოვნებლივ მკაცრად გააკრიტიკა და ივანიშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდის ინტერპრეტაცია მისცა!

საქინფორმის რედაქციას ეჭვიც არ ეპარება, რომ ანალოგიურ სიტუაციაში სწორედ ასე მოიქცეოდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური - პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე მაქსიმუმ ერთ საათში ბრიფინგით პასუხობს მიხეილ სააკაშვილის მისამართით ნებისმიერ გამოხტომას, როგორი დასაბუთებულიც უნდა იყოს ის. ხოლო როდესაც საქმე ეხება ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც 08.08.08 ომის გარემოებებია, პრემიერ-მინისტრის აპარატის მხრიდან ამგვარი “გულგრილობა“ აბსოლუტურად დაუშვებელია.

იქნებ, სწორედ ეს ლაფსუსები ჰქონდა მხედველობაში ბიძინა ივანიშვილს, როდესაც თქვა, რომ “ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ აწყენდა “ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენლისგან პროფესიონალიზმის სწავლა?..

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი