სამართალი
დედა 11 წლის შვილს პორნოგრაფიულ ვიდეოგადაღებებში მონაწილეობას აიძულებდა

trefiking-detiსაქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს მიერ გავრცელებული ცნობით, 2013 წლის თებერვლიდან  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლები, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიებას აწარმოებდნენ არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ხასიათის სურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონო დამზადების,  გავრცელებისა და გასაღების ფაქტზე. გამოძიებას პარალელურად აწარმოებდნენ აშშ-ის, ისრაელისა და ავსტრალიის სპეცსამსახურები.

სამთვიანი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი არის საქართველოს მოქალაქე, 11 წლის მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც დედა 2 წლის განმავლობაში აიძულებდა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათების და ვიდეოფირების გადაღებაში. პორნოგრაფიულ მასალას დედა მატერიალური გამორჩენის მიზნით, გარკვეული  თანხის სანაცვლოდ ყიდდა წარმოშობით ქართველ ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე, რომელიც, თავის მხრივ, ისრაელში დაფიქსირებული IP მისამართიდან ტვირთავდა აღნიშნულ ფოტო და ვიდეომასალას სხვადასხვა ინტერნეტ-საიტზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ რეალიზაციას  ახდენდა.

მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს მსხვერპლის დედა, 45 წლის, საქართველოს მოქალაქე, ხოლო ისრაელში - ამ ქვეყნის მოქალაქე, წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი 42 წლის მამაკაცი.

დაკავებული მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების  იზოლატორში, მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწლოვანით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). აღნიშნული დანაშაული  8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანილია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში, სადაც მას გამოცდილი ფსიქოლოგები სარეაბილიტაციო კურსს უტარებენ.