საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალები მშვიდობისათვის” ხელმძღვანელის, ლალი ანთიას თქმით, ა.წ. 19 აპრილი “მიშას და მიშისტების ბოლო გაფართხალება იქნება“.
“ორი დღის წინ ჩემთან მოვიდა ზუგდიდის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი, რომელიც ბაზარში ვაჭრობს. მასთან მისულან და უთქვამთ, 15-20 კაცს თუ შეკრებ და 19 აპრილის აქციაზე წამოიყვან, თითოს 300 ლარს გადავუხდითო. როგორც ამ ქალბატონმა მითხრა, თვითონ არა, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ 300 ლარი კარგი ფულია, ჩავალთ თბილისში და ჩამოვალთო”, - აცხადებს ანთია.
მისი თქმით, “ნაციონალები” ხალხს ეუბნებიან, რომ 21 აპრილს ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდება, თუმცა სოფლის მოსახლეობა აქციაში მონაწილეობის მიღებას მაინც არ აპირებს - “გვეყო ნაციონალების დაკრულზე ცეკვა, ძლივს გვეღირსა მშვიდი ცხოვრებაო“.
“სადაც უნდათ, იქ წავიდნენ, დადგნენ და დაუკრან ტაში თავიანთ ვადაგასულ პრეზიდენტს. მივმართავ სააკაშვილს: მიშა, არც 19 და არც 59 აპრილს სამეგრელოს და მეგრელების იმედი არ გქონდეს! სამეგრელოში მიშა დამთავრებულია და მის გვერდით მხოლოდ სისხლში ხელებგასვრილი და ადამიანის ცოდვაში ფეხჩადგმული ნაციონალები დგანან, რომლებიც ცოტანი არიან”,- აცხადებს “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ლალი ანთია.