პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა!”

1-analit-new-CaCiaსაქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. როგორ მოქმედებდნენ საქართველოს ხელისუფალნი 2008 წლის აგვისტოს ოპერაციის დაწყებამდე, რას სთხოვდა სააკაშვილს რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და რა პასუხი გასცეს მას, - ამაზე «Кавказская политика»-ში საუბრობს რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სოციალური და ეროვნული ურთიერთობების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი, პროფესორი ალექსანდრე ჭაჭია.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებამდე, თქვენ რამდენიმეჯერ პრესის მეშვეობით მიმართეთ მიხეილ სააკაშვილს თხოვნით, რომ იგი შეხვედროდა რუსეთის პრეზიდენტს იმ საშინელების თავიდან ასაცილებლად, რომელიც შემდგომში მოხდა კიდეც. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იღო ყურად სააკაშვილმა თქვენი თხოვნა და როგორ აფასებთ საქართველოს პრეზიდენტის საქციელს?

- 2008 წლის 7 აგვისტოს მე თბილისიდან გავემგზავრე ბათუმში იმ განზრახვით, რომ რამდენიმე დღე გამეტარებინა ზღვისპირას. გზაში შემხვდა ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორების კოლონები, მანქანები ჯარისკაცებით, რომლებიც მიემართებოდნენ ცხინვალისკენ. სურათი თითქოს ნათელი იყო, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ სააკაშვილი ჩაიდენდა ამ სიგიჟეს. ვიმედოვნებდი, რომ ეს იყო რაღაც «დაშინების აქციის» მაგვარი, «ნაცმოძრაობის» მორიგი პიარაქცია.

მეორე დღეს ყველამ გაიგო ომზე. თბილისში დაბრუნების შესაძლებლობა უკვე არ მქონდა, ამიტომ პრესით მივმართე პრეზიდენტს და მოვუწოდე, შეეწყვიტა ეს სამარცხვინო თვითმკვლელური ავანტიურა. მე პირდაპირ განვაცხადე, რომ ამ სამხედრო მოქმედებებს მოჰყვებოდა არამარტო ჩვენი სასტიკი დამარცხება და ასობით ადამიანის სიკვდილი, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან.

პარალელურად შევეცადე, დავკავშირებოდი ნაცნობებს სააკაშვილის გარემოცვიდან. პირველი ორი დღე ისინი მპასუხობდნენ, რომ ცხინვალი უკვე აღებულია და სულ მალე ოსები შეწყალებას გვთხოვენო, ხოლო მთელი მსოფლიო მიესალმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ჩვენს ოპერაციასო.

შემდგომ, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების გვამები იხრწნებოდა თაკარა მზის ქვეშ, «ნაციონალები» ზეიმობდნენ «ისტორიულ გამარჯვებას» _ მღეროდნენ და ცეკვავდნენ რუსთაველის გამზირზე. მერე თბილისისკენ მომავალი რუსული ტანკების შიშით პარალიზებულებს ხმა ჩაუვარდათ, მაგრამ, როდესაც მიხვდნენ, რომ პირადად მათ არაფერი ემუქრებოდათ, გონს მოეგენ და უწინდელი აპლომბით თავდაჯერებულად აცხადებდნენ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა მათ მხარეზე იყო, ხოლო რუსეთი ვერ გაბედავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

პირადად მე სპეცსამსახურების თანამშრომელთა ალყაში აღმოვჩნდი. ისინი დაუფარავად უთვალთვალებდნენ ყოველ ჩემს ნაბიჯს. ამ დროს ინტერვიუები მივეცი რამდენიმე გამოცემას, რომლებშიც არა მხოლოდ სააკაშვილსა და «ნაცმოძრაობას», არამედ პოლიტიკურ პარტიებს, ინტელიგენციას, საზოგადოებას მოვუწოდებდი გონიერებისკენ, მაგრამ ამაოდ. ბოლო ინტერვიუში ვურჩიე სააკაშვილს, როგორც სამარცხვინოდ დამარცხებულ მთავარსარდალს, თავი მოეკლა; აღსანიშნავია, რომ გაზეთმა ეს მასალა მიაწოდა მკითხველს სათაურით «ჭაჭია ემუქრება სააკაშვილს მკვლელობით!». აგვისტოს ბოლოს ბათუმიდან გადავფრინდი სტამბოლში.

- ბატონო ალექსანდრე, დღევანდელი გადასახედიდან როგორ აფასებთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს? შესაძლებელი იყო მათი თავიდან აცილება?

- მე მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ აგვისტოს ომი იყო თავდაჯერებული და დაუსჯელობით გათავხედებული არამზადების სისხლიანი ავანტიურა! ის ფაქტი, რომ ამ მარიონეტებს აქეზებდნენ სისხლიანი სანახაობების ოკეანგაღმელი მოყვარულები იმ მიზნით, რომ მოესინჯათ რუსეთის შესაძლებლობა ადეკვატური ქმედებებისკენ, «ნაციონალებს» ვერ ჩამორეცხავს  იმ ასეულობით ადამიანის სისხლს, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ამ ვერაგ აქციას!

ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ომი იყო კანონზომიერი რგოლი საქართველოს მარიონეტული ხელისფლებისა და მისი პატრონების მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ავტონომიებისგან გათავისუფლებას, ვინაიდან ავტონომიების არსებობა ხელს უშლიდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ან მისი წევრი ქვეყნების სამხედრო ბაზების განთავსებას.

- ამ მოვლენების შემდეგ თქვენ აგიკრძალეს საქართველოში ჩამოსვლა. დღეს ეს აკრძალვა ძალაშია?

- ოფიციალურად ჩემთვის არავის აუკრძალავს საქართველოში ჩამოსვლა, თუმცა მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემი ჩამოსვლა და საზოგადოებრივი აქტიურობა არასასურველია, მაგრამ მე არც მქონია ამის მცდელობა. საქმე ისაა, რომ მთელი ჩემი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა განპირობებული იყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების პოზიტიური გადაწყვეტის იმედით. პოლიტიკისგან მეტი არაფერი მჭირდებოდა. 2008 წლის აგვისტოში ეს იმედი დამემსხვრა და ამიტომ დავტოვე საქართველო.

ამა წლის 14 მარტს მე ჩამოვფრინდი თბილისში და სასიამოვნოდ გამიკვირდა, რომ მესაზღვრისთვის წარდგენილი პასპორტი ერთი წუთის შემდეგ დამიბრუნეს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ეს პროცედურა, როგორც წესი, გრძელდებოდა 20-30 წუთს, ხანდახან კი ერთი საათითაც ჭიანურდებოდა, თუ ვერ უკავშირდებოდნენ იმ პირს, რომელსაც ჰქონდა უფლება ჩემი შემოშვების ან გასვლის ნებართვა გაეცა. ეს იყო ძალზე დამამცირებელი. მე, საქართველოს მოქალაქეს, მჭირდებოდა ვიღაცის ნებართვა საკუთარ ქვეყანაში შემოსასვლელად! მადლობა ღმერთს, ეს ფაშისტური წესები, რომლებიც მოქმედებდა ჩემთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, გაუქმებულია!

- როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ის პირველი ნაბიჯები, რომლებიც განახორციელა პრემიერმა ივანიშვილმა რუსეთთან დაკავშირებით?

- ამ ნაბიჯების ეფექტურობაზე ლაპარაკი ნაადრევია, ისინი უფრო სიმბოლური ხასიათისაა, მაგრამ უკვე კარგია, რომ ჩვენმა მმართველმა წრეებმა უარი თქვეს ბრიყვულ, აგრესიულ და შეურაცხმყოფელ რიტორიკაზე, მიაღწიეს გარკვეულ ეკონომიკურ შეთანხმებას, ასე თუ ისე გამოცოცხლდა კულტურული ურთიერთობებიც.

რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ უაზრო დემაგოგიას «ნატოში მალე შესვლის» თაობაზე, «ევროკავშირში ინტეგრაციაზე» და სხვა პოლიტიკურ ატრიბუტიკაზე, რომლიც დამახასიათებელია დასავლეთის თანამედროვე კოლონიებისთვის, მაგრამ რუსეთის მხარე ამას სათანადო გაგებით უნდა მიუდგეს. საქართველოში ხომ დამკვიდრდა რაღაც მახინჯი ორხელისუფლებიანობა, რომელსაც ამერიკელები თავგამოდებით იცავენ. ბიძინა ივანიშვილს, ძალიანაც რომ უნდოდეს (მე ამაზე ჯერ ვერ ვიმსჯელებ), არ შეუძლია გააკეთოს მკვეთრი მოძრაობები: პარლამენტშია «ნაცმოძრაობის» სოლიდური წარმომადგენლობა, არანაკლებ სოლიდურია «ნაციონალებთან» სულით მონათესავე პარტიების დეპუტაციაც, რომელიც ჯერჯერობით ივანიშვილის კოალიციაში იმყოფება, მაგრამ, «ნაციონალების» მსგავსად, მთლიანად კონტროლირებადია ამერიკელების მხრიდან.

ივანიშვილის პოლიტიკური ბაზა ძალზე მწირია. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უმრავლესობას, სასამართლო სისტემას, რიგ წამყვან მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ძველებურად აკონტროლებს სააკაშვილის ჯგუფი. და ამ ყველაფრის უკან აშშ-ის ელჩის ფხიზელი თვალია. ივანიშვილი კარგად რომც აცნობიერებდეს (და მე მინდა, ამის მჯეროდეს), რომ ჩვენი მთავარი, სასიცოცხლო პრობლემები _ კონფლიქტების დარეგულირება და ეროვნული ეკონომიკის შექმნა _ პირდაპირაა დამოკიდებული რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე, ის მაინც იძულებულია, გაითვალისწინოს საქართველოში ჩამოყალიბებული ძალთა თანაფარდობა.

- ბატონო ალექსანდრე, თქვენ მშვენივრად იცით, რომ არც ერთი ქართველი არ შეურიგდება ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას. შეუძლია თუ არა საქართველოს, არც თუ ისე შორეულ მომავალში გადაწყვიტოს ეს საკითხი რუსეთის იგნორირებითა და აშშ-ის, ევროპისა და ნატოს იმედზე ყოფნით?

- ჩვენ შეგვიძლია არ შევურიგდეთ ტერიტორიული მთლიანობის რღვევას, მაგრამ ამით ის ვერ გამთლიანდება. ოც წელზე მეტია, გამოვხატავთ «შეურიგებლობას» ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის, მითიური დახმარებისა თუ აბსტრაქტული მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერისა და სხვა აბსურდული ილუზიების იმედით. საზოგადოება წამოეგო ხელისუფლების ამ ანკესზე, იმ ხელისუფლების, რომელიც ამგვარი ფრაზეოლოგიით ფარავდა კონფლიქტის დარეგულირების სურვილის უქონლობას და უუნარობას.

ჩვენ ვხედავდით, რომ წლების განმავლობაში ამ კონფლიქტების მოგვარების პრობლემებით დაკავებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არავინ იცნობდა არც მოსკოვში, არც სოხუმში, არც ცხინვალში, თბილისშიც კი მათ მხოლოდ თანაპარტიელთა ვიწრო წრე თუ იცნობოდა! რა შედეგი უნდა მოეტანა მათ მოღვაწეობას?! სამწუხაროდ, მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ჯერ არ შეცვლილა.

ახალი ხელისუფლება დეკლარირებს თავის სწრაფვას დიალოგისკენ, მაგრამ ეფექტური დიალოგი, კონკრეტული წინადადებები, მოქმედების რეალური პროგრამები ჯერ არ ჩანს. მიაქციეთ ყურადღება: პოლიტიკის დასავლური ვექტორით დაკავებულნი არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი რიგი საპარლამენტო კომიტეტები, სპეციალურად შექმნილი მითიური «ჩრდილოატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის» სამინისტროები, ასობით გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებისთვის არსებობს მხოლოდ რეინტეგრაციის სამინისტრო, რომლის მარტო დასახელებაც კი გამორიცხავს დიალოგს!

არაა გასაკვირი, რომ ამ სტრუქტურის «დაძაბული მოღვაწეობის» პროდუქტი გახდა მინისტრის მიერ გამოცხადებული რეცეპტი: ჩვენ ავაშენებთ ისეთ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომ აფხაზები და ოსები თავად გვთხოვენ შემოსვლას საქართველოს შემადგენლობაშიო. ბუნებრივია, ასეთი მიდგომით პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.

ახლახან ქართულ პრესაში გამოვედი წინადადებით, რომ  აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, რუსეთთან, მათ შორის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობები რეალურად ავიყვანოთ სახელმწიფო პოლიტიკის უმაღლეს რანგში. მე ვთვლი, რომ ამ უაღრესად საჭირო საქმისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ პრეზიდენტის პოსტი, რომელიც მალე გამოთავისუფლდება. ახალ პრეზიდენტს უნდა დაევალოს პოლიტიკის ამ მიმართულებით არსებული პრობლემების გადაწყვეტა.

თავისთავად, ეს უკვე აღარ იქნება ის კომფორტული თანამდებობა, რომელიც ევროპულ დედაქალაქებში უაზრო ხეტიალისა და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკის საშუალებას იძლეოდა. ახალ პრეზიდენტს მოუწევს ჩასვლა სოხუმში, გუდაუთაში, ცხინვალში; აუცილებლად _ ვლადიკავკაზში, მაიკოპში, გროზნოში, ნალჩიკში, მახაჩკალაში და, რა თქმა უნდა, მოსკოვში.

თუ ეს იქნება მისაღები ადამიანი მიმღები მხარისთვის, მაშინ ის, როგორც მაღალი სახელმწიფო სტატუსის მქონე და კვალიფიციური გუნდის მყოლი პირი, პრემიერ-მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობით შეძლებს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებით გარღვევას. გარღვევად მიმაჩნია საზღვრების გახსნა, საერთო ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის შექმნა მუშახელისა და საქონლის თავისუფალი გადაადგილებით, კერძო საკუთრების უფლების საყოველთაო აღიარებით.

ესაუბრა ფრიდონ დოჩია