გუშინ კი თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა თურქეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეებს მოჰქონდათ ტრანსპარანტები “ვგმობთ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას!“, “ჩვენ ზედმეტი ტერიტორიები არ გვაქვს!“, “შეწყვიტეთ აჭარის ისლამიზაცია!“. მათ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუს განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვეს.
“ცხადია, რომ თურქეთს შორს მიმავალი გეგმები აქვს! ის ოსმალეთის იმპერიის აღდგენას იწყებს და სერიოზულად ფიქრობს ყოველგვარი ომისა და თავდასხმის გარეშე აჭარის მიერთებაზე. დავითოღლუს განცხადება შეურაცხმყოფელია და ორ სახელმწიფოს შორის განხეთქილება შეაქვს!“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
კოალიცია “ერთსულოვნების“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე არ გამორიცხავს, რომ დავითოღლუს განცხადება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო პროვოცირებული. აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხელს მოაწერენ ერთობლივ განცხადებას და მას საქართველოში თურქეთის საელჩოს გადასცემენ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ა.წ. 6 აპრილიდან თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამ ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან მისი მოლაპარაკების მიზნები არ ცხადდება, კეთდება მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებები შედარებით მეორეხარისხოვან თემებზე. თუმცა, 7 აპრილს მისი ვიზიტის მსვლელობაში “ტექნიკური პრობლემები“ შეიქმნა, რადგან წინა დღით თურქეთის პრემიერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სადილის შემდეგ ველოსიპედით დილის გასეირნებისას სააკაშვილი გზატკეცილზე გავიდა და საპირისპირო მხარეს დიდი სიჩქარით მომავალ ტრაილერს შეასკდა...