საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინმა გერმანიაში ვიზიტის წინ უდიდეს გერმანულ ტელერადიოკომპანია ARD-ს ინტერვიუ მისცა. საუბარი შეეხო ფართო თემებს: შიდა პოლიტიკიდან დაწყებული მსოფლიოში არსებულ ვითარებამდე დამთავრებული.
ინტერვიუს დასაწყისში გერმანელი ჟურნალისტი არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაციების თემას შეეხო, რომელთა ოფისებშიც რუსეთის პროკურატურამ გასულ კვირას შემოწმებები განახორციელა.-ძალიან ბევრი გერმანელი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს შემოწმებებს აქ, რუსეთში არსებულ გერმანულ ფონდებში. რუსი საზოგადოება, სავარაუდოდ, შეშინებულია. რატომ იქცევით ასე?
ვ. ვ. პუტინი: „ეს თქვენ აფრთხობთ გერმანელ საზოგადოებას. არაფერი მსგავსი არ ხდება, ნუ აშინებთ ხალხს. მოვლენები ობიექტურად უნდა გაშუქდეს. ობიექტური მხარე კი რაში მდგომარეობს? რუსეთში გასული წლის ბოლოს მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმადაც რუსეთში ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და შიდაპოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, უცხოელ აგენტებად, ანუ იმ ორგანიზაციებად უნდა დარეგისტრირდნენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სცენაზე უცხოური ფულით მოქმედებენ.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს კანონი არაფერს კრძალავს, არაფერს ზღუდავს და არავის ხურავს. ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, არავითარი საქმიანობა, მათ შორის, შიდაპოლიტიკურიც, არ ეკრძალებათ. უბრალოდ, გვინდა ვიცოდეთ, ვინ იღებს ფულს და რაში ხარჯავს“.
თავის მხრივ, ვ. პუტინმა ჟურნალისტს ჰკითხა: „აი როგორ ფიქრობთ, ევროპაში რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდება?“
ი. შიონენბორნი: „სიმართლე გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, მე არ შემიძლია ამ ვითარების შეფასება“.
ვ. ვ. პუტინი: „გეტყვით. ორი ორგანიზაციაა: ერთი - ამერიკაში, ერთიც - ევროპაში. რუსეთის ფედერაციაში 645 არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც, როგორც ახლა გაირკვა, ფულს საზღვარგარეთიდან იღებენ. 564 ორგანიზაცია ეს მთელი ქსელია რუსეთის ფედერაციაში, ყველა მისი რეგიონის ჩათვლით, - განაცხადა პუტინმა, - ჩვენ მიერ შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ მარტო ოთხი თვის განმავლობაში ამ ორგანიზაციების ანგარიშებზე უცხოეთიდან იცით, რამდენი ფული შემოვიდა? ვერ წარმოიდგენთ, მეც არ ვიცოდი: 28 მილიარდ 300 მილიონი რუბლი - ეს თითქმის მილიარდი დოლარია! 855 მილიონი რუბლი - დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან. ეს ორგანიზაციები შიდაპოლიტიკური საქმიანობით არიან დაკავებული. განა ჩვენმა საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, ვინ და რისთვის იღებს ფულს?“.
პუტინმა ტყუილუბრალოდ როდი აღნიშნა რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ფაქტები სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობათა მხრიდან. ეს კატეგორიულად აკრძალულია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით. და გაუგებარია, რატომ გამოთქვამს დასავლეთი ასეთ აღშფოთებას, როცა რუსეთი ამას შეახსენებს.
რუსეთის პროკურატურის შემოწმებებით აღშფოთებულმა ვიქტორია ნულანდმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას რუსეთში სხვა, გაცილებით უფრო რთული არხებით. ამასთან, ნულანდი საუბრობდა სწორედ იმ ორგანიზაციათა დაფინანსებაზე, რომლებიც რუსეთში უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებული არ არიან, რაც რუსეთის კანონების პირდაპირი დარღვევის განზრახვას წარმოადგენს.
ინტერვიუს მსვლელობისას პუტინმა აღნიშნა, რომ აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციებზე მკაცრი კონტროლი 1938 წლიდან ხორციელდება და რომ ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხო ქვეყნებიდან იღებენ, იქაც უცხოელ აგენტებს უწოდებენ. თანაც იქ აკონტროლებენ ყველას და არა მარტო მათ, ვინც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
ვ. ვ. პუტინი: „აი თქვენ დოკუმენტები, რომლებსაც აშშ-ში ჩვენი ორგანიზაციებისგან ითხოვენ. ნახეთ, ვინ ითხოვს, ხელმოწერა ქვემოთაა. კონტრდაზვერვის განყოფილება. არა გენერალური პორკურატურა, არამედ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შპიონაჟთან ბრძოლის კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილება. ეს დოკუმენტი ორგანიზაციაში ოფიციალურად არის გამოგზავნილი. ნახეთ კითხვების რაოდენობა, რომლებსაც იქ სვამენ. ეს დემოკრატიულია თუ არა?“.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა რუსეთს ძლიერი ოპოზიცია, პუტინმა მიუგო: „რა თქმა უნდა, სჭირდება“. მისი აზრით, კონკურენციის გარეშე ცხოვრების რომელიმე სფეროში, მათ შორის, პოლიტიკაშიც, განვითარება შეუძლებელია.
საქინფორმის რედაქციისგან: საინტერესოა, შეიტყობს თუ არა ოდესმე ქართველი საზოაგადოება სრულ სიმართლეს - რამდენი არაკომერციული ორგანიზაცია, რომლებსაც ჩვენ უფრო ხშირად არასამთავრობოებს ვუწოდებთ, მუშაობდა საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე და დღესაც მუშაობს. ვის მიერ და რამდენი მილიარდი დოლარით ფინანსდებიან ისინი და ამ თანხიდან რამდენი შემოვიდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების - საელჩოების ხაზით?..
ნათარგმნია საქინფორმის მიერ