სამართალი
სუბარმა სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში გააკრიტიკა

1-subari-sozarსაქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების, პრობაციისა  და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ყოველწლიური ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეკომენდაციებს თითქმის არც ერთ პუნქტში არ ეთანხმება. მინისტრის თქმით,  სახალხო დამცველის ინსტიტუტისა და პირადად უჩა ნანუაშვილისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მას  ანგარიში არ მოეწონა. „წინასწარ რომ გაევლოთ ჩვენთან და დაესვათ ეს კითხვები, ძალიან ბევრ რამეზე მიიღებდნენ ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა სუბარმა და აღნიშნა, რომ დღეს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით მისი მოადგილე ბრიფინგს გამართავს.

თავის მხრივ, სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია იმნაძემ სოზარ სუბარის კრიტიკული შეფასებების საპასუხოდ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, სასჯელაღსრულების მინისტრს სახალხო დამცველის რეკომენდაციები წაეკითხა და რეაგირება ისე მოეხდინა.

„არც ველოდებოდით, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს მოეწონებოდა ჩვენი ანგარიში. ვერ გავიგე, რას ეფუძნება სუბარის კომენტარი, ალბათ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. კარგი იქნებოდა, თუ თვითონ გაეცნობოდა ანგარიშს და დასკვნებს შემდეგ გამოიტანდა“, – განაცხადა იმნაძემ.