საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზედამხედველობის სამსახურში, "როსსელხოზნადზორში" გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში გუშინ გაემგზავრა. შეხვედრაზე, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, ქართულმა მხარემ რუს კოლეგებს საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც სააგენტო სურსათის უვნებლობის კუთხით სრული კონტროლის გასახორციელებლად გეგმავს.
თავის მხრივ, რუსულმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ამჟამად რუსეთში მოქმედი მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტის გასახორციელებლად სავალდებულოა.
ზურაბ ჩეკურაშვილმა და "როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პრინციპული შეთანხმების მიღწევის შემდეგ ქართველი და რუსი სპეციალისტები ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობას განაგრძობენ.
„ლაპარაკია რუსეთის კანონმდებლობის გათვალისწინებით ვეტერინარული და ფიტოსანიტარული სერტიფიკატების შესაბამისობაში მოყვანაზე. ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი ძალიან მალე დასრულდება და ქართული პროდუქცია შეუფერხებლად შევა რუსეთის ბაზარზე. რუსულ მხარეს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს - საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქცია რუსეთის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს", - განაცხადა ჩეკურაშვილმა.