პუბლიკაციები
მეუფე სერაფიმე ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და პატრიაქის დალოცვა გადასცა

1-polit1-anal-mtavar

საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, 2013 წლის 29 მარტს ქალაქ სოჭში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ეკლესიური კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი მეუფე ილარიონის და აფხაზეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბის შეხვედრა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს იყო მაღალი დონის პირველი შეხვედრა, რომელიც ყველა მხარემ დადებითად შეაფასა. როგორც საქინფორმისთვისცნობილი გახდა, შეხვედრის ინიციატორი საქართველოს საპატრიარქო იყო, ხოლო ორგანიზაციული საკითხები მოსკოვის საპატრიარქოს დახმარებით მოგვარდა.

შეხვედრის დეტალების კომენტარი საქინფორმის კორესპონდენტმა მეუფე სერაფიმეს სთხოვა.

მეუფე სერაფიმე: აფხაზურ მხარესთან დიდი ხანია შეხვედრის გამართვა გვსურს, თუმცა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგი რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს გადაწყდა, რომ ალექსანდრე ანქვაბს ქალაქ სოჭში შევხვდებოდით.

შეხვედრამ ძალიან თბილ გარემოში ჩაიარა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ალექსანდრე ანქვაბმა ჩვენთან საუბრისას საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული ვითარება განიხილა და მოკლე ისტორიული შეფასებები გააკეთა. მან თქვა, რომ აფხაზი ხალხი ყოველთვის ისწრაფოდა დამოუკიდებლობისაკენ და შეძლო კიდევაც მისი მოპოვება.

მისივე თქმით, აფხაზებს არ უნდოდათ ომი, მაგრამ 1992 წლის 15 აგვისტოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით აფხაზეთში შეიარაღებული ძალები შევიდნენ, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ და საკუთარი თავი დაიცვეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სწორი გზა აირჩიეს. დღეისათვის აფხაზი ხალხი საკუთარ თავს ქართველებთან ერთად არ მოიაზრებს, რადგან მათ ჯერ კიდევ ახსოვთ ის ტკივილი, რომელიც ომმა მოუტანა.

როგორც შეხვედრაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა, აფხაზეთში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ აფხაზური ეკლესიაც დამოუკიდებელი იყოს. ამასთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა ილარიონმა ანქვაბს განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს კანონიკურად და ამით დე-ფაქტო პრეზიდენტს მიანიშნა, რომ აფხაზეთში არსებული ეკლესიები ჯერ კიდევ საქართველოს იურისდიქციაშია.

რაც შეეხება ზოგადად მის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ალექსანდრე ანქვაბმა გვითხრა, რომ იგი პატივს სცემს ქართველ ერს და გულწრფელად უსურვებს მშვიდობას და გაძლიერებას.

საქინფორმის კორესპონდენტი: მეუფე, ხომ არ იგეგმება ახლო მომავალში ქართველი სასულიერო პირების ვიზიტი აფხაზეთში?

მეუფე სერაფიმე: არა, რადგან ჩვენს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მოეწყოს ქართველი სასულიერო პირების ვიზიტი აფხაზეთში, ანქვაბმა გვიპასუხა, რომ, სამწუხაროდ, ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (იგულისხმებოდა მაღალი რანგის სასულიერო პირების ვიზიტი).

საქინფორმის კორესპონდენტი: გარდა ზემოაღნიშნულისა, რა კონკრეტული საკითხები იქნა განხილული?

მეუფე სერაფიმე: მინდა გითხრათ, რომ ოცწლიანი წინააღმდეგობების  და მოლოდინის შემდეგ ეს შეხვედრა იყო პირველი შესაძლებლობა იმისა, რომ ერთმანეთის პოზიციები გაგვეგო, ამიტომაც სოჭში სხვა კონკრეტული საკითხები განხილული არ ყოფილა.

მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა შედგა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი საუბრები სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც აუცილებლად გაიმართება.

დასასრულ მეუფე სერაფიმემ აღნიშნა, რომ მან ალექსანდრე ანქვაბს გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დალოცვა - უწმინდესმა პატრიარქმა დალოცა ალექსანდრე ანქვაბი და სრულიად აფხაზი ერი, რასაც აფხაზეთის პრეზიდენტი დადებითად შეხვდა.


1-polit1-anal-qvem