საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. გაზეთი „საქართველო და მოფლიო“: „პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება ბიძინა ივანიშვილმა ურჩია. ამის შესახებ თავად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისივე განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეს არანაირი სურვილი არ ჰქონდა, «მხარი დაეჭირა «ნაციონალური მოძრაობის» ახირებისთვის», რადგან კარგად იგრძნობოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს უმრავლესობა ისედაც მიიღებდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ორი თვეა უთანხმოების საგანს წარმოადგენს პრემიერისა და პრეზიდენტის პოლიტიკურ გუნდებს შორის. მანამ, სანამ «ოცნება» სარეიტინგო კენჭისყრას დათანხმებოდა, ქუთაისში იმყოფებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში _ რიჩარდ ნორლანდი. ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აცნობდა. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობამ უეცრად გადაწყვიტა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, რამაც საზოგადოებაში გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ამერიკის ელჩის ხელი ერია.იყო თუ არა რიჩარდ ნორლანდის მიერ «ქართული ოცნების» იძულება საქართელოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, უეცრად შეეცვალა გადაწყვეტილება და დათანხმებოდა «სარეიტინგო კენჭისყრას», რაც «ნაცმოძრაობისა» და სააკაშვილის რეინკარნაციისკენ გადადგმული ნაბიჯია?
რამდენად აკნინებს ქართველი ხალხის არჩევანს და საკუთრივ «ქართულ ოცნებას» ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არა ქვეყნის მმართველი გუნდი, არამედ კვლავ აშშ-ის ელჩი იღებს?
არის თუ არა ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის გონივრული ბალანსირება ის ნაბიჯი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დააზღვევს მომავალში აშშ-ის ელჩის მხრიდან ხელების დამამცირებელი გადაგრეხვისგან და რა ნაბიჯი უნდა გადადგას პრემიერმა ამ მიმართულებით სამომავლოდ?
ამ შეკითხებზე პასუხის გაცემა «საქართველო და მსოფლიომ» საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს სთხოვა.
დემურ გიორხელიძე, ანალიტიკოსი:
- მოდით დავიწყოთ იმით, რომ ეს არასაჭირო და სრულიად უაზრო საკონსტიტუციო ცვლილებები, უმრავლესობის ლიდერების არასწორი და უადგილო ახირება, პოლიტიკური შეცდომა იყო. ახალ მთავრობას არაფერი ემუქრებოდა, ცხადია, არც სახელმწიფოს.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება «ნაციონალური მოძრაობის» ბენეფისად არ უნდა ქცეულიყო! ოპოზიციამ და საქართველოს პრეზიდენტმა შექმნეს ილუზია, რომ შესაძლებელი იყო მთავრობის გადაყენება. ეს ოპოზიციის და მიხეილ სააკაშვილის თვითმკვლელობა იქნებოდა; ეს მათ შესანიშნავად იცოდნენ, ხალხი მათ უმძიმეს პასუხს გასცემდა... საკუთარ დასაკლავ დანას ისინი საკუთარი ხელით არ გამოჩხრეკდნენ! უმრავლესობის ლიდერებს აშკარად სიყრუე შეეყარათ _ არ იციან საღი აზრის მოსმენა. სიყრუე პოლიტიკაში ცუდად მთავრდება... ჰოდა, როცა მმართველი ძალა პოლიტიკურ შეცდომას უშვებს, მისი გათამაშება იოლად შეიძლება პოლიტიკაში კარგად გათვითცნობიერებული ძალის მიერ და ასეც მოხდა. ოპოზიციამ ბრწყინვალედ გაათამაშა ყველაფერი. თუ ოპოზიციამ აშშ-ის ელჩი ნორლანდი გამოიყენა ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, არაა გასაკვირი. ახალმა ხელისუფლებამ ჩიხში თვითონ შეიყვანა საკუთარი თავი.
თუ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდოდა უმრავლესობას, რატომ გაიპამპულავეს თავი? გაოგნებული ვუსმენდი დებატებს: უმრავლესობის ლიდერები პატარა ბავშვებივით ჯიუტობდნენ და სისულელეებს ლაპარაკობდნენ. შექმნილ სიტუაციაში, ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო!
თუ ასეთი გადაწყვეტილება მართლაც აშშ-ის ელჩმა მიიღო და აიძულა უმრავლესობა შეესრულებინათ და ჩაეტარებინათ სარეიტინგო კენჭისყრა, მაშინ ეს აკნინებს მხოლოდ კოალიცია «ქართულ ოცნებას», როგორც უმრავლესობით მოსულ პოლიტიკურ ძალას. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ კოალიცია «ქართულმა ოცნებამ» გამოიჩინა დიდი სისუსტე და დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ასე ელემენტარულ მდგომარეობაში ვერ გათვალა საკუთარი მოქმედებები და, თუ ასეა, ცხადია, უპატივცემულობა გამოიჩინა ქართველი ხალხის მიმართ, ანუ იმათ მიმართ, ვინც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა. ქართველ ხალხს სამართლიანობის აღდგენა სურს და არა «ნაციონალური მოძრაობის» პოლიტიკური რეაბილიტაცია. ეს დიდი შეცდომაა! ოპოზიციამ ბრწყინვალედ გაათამაშა ყველაფერი, უმრავლესობაში საკუთარი მხარდამჭერების ხელშეწყობით. წააგო მხოლოდ ერთმა კაცმა, არადა, ის სულ ხელშეუხებელი იყო ამ ეტაპზე და ეს ცვლილებები არაფერში სჭირდებოდა.
ვფიქრობ, ბალანსირების თემა აშშ-სა და ჩრდილოეთს, ანუ რუსეთს შორის ყალბი დისკურსია; ეს ისევ ცივი ომის რეციდივებია. დააკვირდით აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობას, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობას. იაროსლავთან ახლოს ნატოს დიდი ბაზაა. საქართველოში ბევრმა იცის ეს! რუსეთში ნატოს ბაზა სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაიხსნა... საქართველოში, წინა ხელისუფლების 9-წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ, რომელიც მხოლოდ ფასადური იყო, ხალხზე საკმარისად ნეგატიური გავლენა მოახდინა _ ჩვენი მოქალაქეები ცუდად ერკვევიან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში. ამიტომ, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ არავინ ჩაერიოს და იმოქმედოს მასზე, არ უნდა დაივიწყოს, ვისი მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ჯერ ხალხის მიმართ ანგარიშის გაწევის სურვილი ნაკლები ჩანს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენა გარედან იოლად მოხდება მომავალშიც.
არნო ხიდირბეგიშვილი, «საქინფორმის» მთავარი რედაქტორი:
- საქართველო არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ამას არც ვმალავთ. ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად ავირჩიეთ ამერიკის შეერთებული შტატები. მივეცით მათ ძალიან ბევრი უფლება. ვმონაწილეობთ ყველა მისიაში, სადაც აშშ მოითხოვს. ამერიკის ელჩის, ნორლანდის, ჩარევა ყველა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ჩარევაც იქნებოდა და უფრო მეტიც. შეგვიძლია გავიხსენოთ ნორლანდის მონაწილეობა წინასაარჩევნო პერიოდში, შეგვიძლია შევადაროთ ამერიკის ნებისმიერი ელჩის ჩარევა _ მაილსიდან დაწყებული ჯონ ბასით დამთავრებული საქართველოს შიდა საქმეებში. ამერიკა ყოველთვის ასრულებდა არბიტრის როლს და ეს დადებითი იყო თუ უარყოფითი, არ ვიცი. ალბათ, ზოგ შემთხვევაში დადებითიც კი იყო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ამერიკის ელჩი ასე ჩაერია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხში. თუ ამერიკა დაინტერესებულია, რომ საქართველო არ გადაიქცეს ტოტალიტარულ ქვეყნად, გამოსწორდეს ყველანაირი დიქტატურის ნაშთი, რაც დარჩა წინა მთავრობიდან, ეს ნორმალურია. ამერიკის აზრით, ალბათ, საქართველო ძალიან სერიოზულ კონტროლს იმსახურებს მისი მხრიდან, რომ ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ ქვეყანად. თუ ამ თვალსაზრისით ერევა, კი ბატონო, მაგრამ იდეაში, მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ამერიკის კი არა, ნებისმიერი ელჩის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში დაუშვებელია. ამ შემთხვევაში, თუ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, წინა ხელისუფლებამ რევანში განახორციელოს ან ახალმა ხელისუფლებამ გადააჭარბოს რაღაც ზღვარს, ან ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის, რომელიც არ გამოირჩევა აქტიური თანამშრომლობით, ერთგვარი მომრიგებლის როლი შეასრულოს, ამაში საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ.
არ ვიცი, საზოგადოება როგორ უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ძალა მოვიდა იმავე საგარეო კურსით. ივანიშვილის ყველა წინასაარჩევნო მიტინგზე ფრიალებდა ნატოს დროშები. ევროატლანტიკური კურსი დარჩა უცვლელი. პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აცხადებდა, რომ ნორლანდი იყო უნიკალური პიროვნება, მისი მეგობარი და მის ჩარევას ახლა ამ სიტუაციაში ისე შევაფასებდი, როგორც ივანიშვილის ზარებს პარლამენტში ამ პროცესის დროს. არ განსხვავდება ერთი მეორისგან.
სანამ ჩვენ გვექნება ორხელისუფლებიანობა, სანამ არ ჩამოვყალიბდებით როგორც სახელმწიფო, სანამ ასეთი კაზუსური მდგომარეობა გვექნება საგარეო პოლიტიკაში, ასე ჩაერევიან და ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა. იმას, რასაც ახლა პრემიერ-მინისტრი აკეთებს, საგარეო პოლიტიკის ბალანსირებას ვერ დავარქმევდი. შენ თუ ნატოში შესვლას აპირებ, ვერასდროს მოაგვარებ რუსეთთან სიტუაციას. დღეს ისაა კარგი, რომ არ ვაგინებთ რუსეთს, არ ვთვლით მტრად, მაგრამ ვთვლით ოკუპანტად. გამორიცხულია, გაიხსნას საზღვრები და აღდგეს ნორმალური ურთიერთობა, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, რადგან საქართველოს ცხვირწინ რუსეთმა კედელი ააშენა. კედელში მე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვგულისხმობ. იმის მაგივრად, რომ ჩვენ დავანგრიოთ ეს კედელი, ვნახოთ რაიმე კარი და მოვძებნოთ რუსეთთან დიალოგის საშუალება, ამის მაგივრად მეორე კედელი ავაშენეთ, ვგულისხმობ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც წერია, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორიებს და არასოდეს შევალთ იმ გაერთიანებებში, რომლებშიც არის რუსეთი და ა.შ.
თუ საქართველო კარდინალურად არ შეიცვლის საგარეოპოლიტიკურ კურსს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, რომ სამომავლოდ ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებში სხვა ქვეყნების ელჩების ჩარევა საჭირო არ გახდეს. ივანიშვილს მიიღებენ მოსკოვში, ქართული ღვინო, შესაძლოა, გავიდეს რუსულ ბაზარზე, რუსი ხელოვანები ჩამოვლენ საქართველოში და პირიქით, მაგრამ კარდინალურად არაფერი შეიცვლება.
ლაშა ამირეჯიბი, «სახალხო კრების» ერთ-ერთი დამფუძნებელი:
- ნორლანდი პარლამენტში ტყუილად არ იყო მისული, რა თქმა უნდა. როგორც ჩანს, მისი ჩასვლა საჭირო გახდა. ცუდი ისაა, რომ ჩვენ თვითონ ჯერჯერობით ვერ ვიღებთ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. სარეიტინგო კენჭისყრაში, როგორც ჩანს, ჩაერია ნორლანდი. აშშ-ის ელჩმა არ უნდა გადაგვიწყვიტოს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. რაც შეეხება სააკაშვილისა და «ნაცმოძრაობის» რეინკარნირებას, თვითონ ეს ფორმულირება სწორია, მაგრამ, არა მგონია, «ნაციონალურმა მოძრაობამ» დიდხანს იცოცხლოს.
რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის არჩევანს და «ქართულ ოცნებასაც» აკნინებს ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არა ქვეყნის მმართველი გუნდი, არამედ კვლავ აშშ-ის ელჩი იღებს. ქართველმა ხალხმა და ახალმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი. ჩვენ ხომ უნდა ვისწავლოთ, გადავდგათ ის ნაბიჯი, რომ ოდესმე ჩვენ თვითონ გადავჭრათ პრობლემები. სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდი სულ ვიღაცაზე ვიყავით დაკიდებულნი და ჩვენს მაგივრად სხვა წყვეტდა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებს. შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას ასეთი მიდგომა რაღაც პერიოდით ხელს აძლევს კიდეც და ამიტომაც აკეთებს ამას.
ალბათ, ყველაზე კარგი იქნება, რომ პრემიერმა რუსეთთანაც დაალაგოს ურთიერთობა და ამერიკასთანაც კარგი პარტნიორობა ჰქონდეს. ერთხელ ვკითხე პრემიერს, როგორ აპირებდა ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან და ამერიკასთან და მან მითხრა, მე ამას შევძლებო. იმედია, რომ ამას გააკეთებს. დააბალანსებს რუსულ პოლიტიკასაც და ასევე გაატარებს ქართულ პოლიტიკას. აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის დათბობა. სამწუხაროა, რომ, თუკი დღეს საქართველოში ამერიკელების მიმართ არსებობს (არ მინდა, ზიზღი დავარქვა) არც თუ ისე კარგი განწყობა, ესაა მხოლოდ და მხოლოდ მიშა სააკაშვილის ბრალი, რადგან მან პრაქტიკულად ქართველ ერს ამერიკელები და ამერიკული პოლიტიკა შეაზიზღა. ისე აწვდიდა ქართველ ერს ამერიკულ პროდუქტს, რომ მათთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. ის ყველაფერი, რაც მამა-პაპათაგან დაგვრჩა, რაც დღეს გაგვაჩნია და რითაც ვამაყობთ, სააკაშვილმა ისე დაანახა ყველას, რომ სწორედ ამ ყველაფრის განადგურება უნდა ამერიკელებს. სწორედ ამიტომ არიან ასე განწყობილნი ქართველები ამერიკელების მიმართ.
რეზო ამაშუკელი, პოეტი:
- მარტო ამ საკითხში კი არა, ამერიკის ჩარევას ბევრ საკითხში ვხედავ. ეს უფრო ფართოდ სალაპარაკო თემაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ამ ერთის გარდა, საქართველოში სხვა ელჩი არ არსებობს. ძალიან გულდასაწყვეტია ის ამბავი, რომ ამას ასე ურეაქციოდ ვტოვებთ. ჩემთვის გასაგებია ეს პოლიტიკური სვლები და ყველაფერს ვხვდები, მაგრამ, ყველგან რომ ეს ადამიანი დედინაცვალივით მირბის და მორბის, სად იყვნენ მაშინ ეს ვაჟბატონები, სად იყო ან დასავლეთი, ან ამერიკა, ვითომ მეგობარი ქვეყნები, როცა «ნაცმოძრაობამ» სისხლში ამოთხვარა ეს ქვეყანა?! ვისთან უნდათ თანაცხოვრება? შეიძლება ჯალათებთან ერთად თანაცხოვრება?! ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი არასოდეს. ტყუილად ნუ გონიათ, რომ სახეზე ნიღბების აფარებით ვინმეს რამეს გამოაპარებენ. ნუ მიიყვანენ ქართველი ხალხის მოთმინებას იქამდე, რომ მერე ვერც ნორლანდმა და ვერც ვერავინ ვეღარ უშველოთ. ტყუილად თავს ნურავინ ნუ იმშვიდებს. არ წაეთრევა ეს სისხლიანი ვაჟბატონი ისე, რომ რამე დიდი ზიანი არ მიაყენოს ქვეყანას. რაც არ უნდა ილაპარაკონ რესპუბლიკელებმა, რომ ნორლანდი ჩამოვიდა და დაესწრო მხოლოდ კომიტეტის სხდომას, ეს ასე არაა.
მე ვარ თავგადადებული, ერთგული და გვერდში მდგომი ბიძინა ივანიშვილის. ამას ელემენტარული ადამიანური საწყისები აქვს. მე მან სიკვდილისგან გადამარჩინა. არა მარტო მე, ასევე მეუფე იობი, ძალიან ბევრი ადამიანი. «ნაციონალებს» რომ გაემარჯვათ, 2 ოქტომბერს აქ იქნებოდა სისხლის ტბები. ვინც რა უნდა, ის ილაპარაკოს, მე ბოლომდე ივანიშვილის ერთგული დავრჩები. დიდი იმედი მაქვს, რომ ის იმდენად ჭკვიანი კაცია, ერთგული თავის ქვეყნის და ამასთანავე გულწრფელი, რომ ამ ამღვრეულ გაუბედურებულ ქვეყანაში, სადაც 9 წელიწადი ითმენდნენ ყველაფერს და ერთ წუთში მოინდომეს ყველაფრის ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უმრავლესობაში ძალიან ბევრ ადამიანს პატივს არ ვცემ, ივანიშვილი მაინც მოახერხებს საბოლოოდ ამის დაბალანსებას. მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მაგრამ არ მინდა, არავის მტერიც ვიყო.
ქართული სახელმწიფოებრიობის ნომერ პირველი პრობლემა ძმები კუბლაშვილები არიან. რაც შეეხება სააკაშვილს, მაგას ყინულში თუ ჩავდებთ, თორემ სხვანაირად აღარ შეიძლება მაგის მოთმენა, იმიტომ, რომ ეს არის მძორი. ვერავის ვერასდროს დავეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტ პატივს პატრიარქის შემდგომ ივანიშვილს ვცემ, რომ სააკაშვილი არის მსხვერპლი და მასთან რაიმე ურთიერთობა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ პასუხი აგოს, რადგან მაგის გამო ნახევარი საქართველო განადგურდა. ველოდები ახლა პარლამენტის გადაწყვეტილებას, და როგორც მოიქცევიან პარლამენტარები, იმის მიხედვით იქნება ქართველი საზოგადოების რეაქცია. ასე რომ, ყველამ თავის წარსულს ჩახედოს და შვილებზე მაინც იფიქროს, თავიანთი ცოდვების გამო, თორემ პატიება ყველაფრის შეიძლება. ჩემთვის პირადად შეურაცხყოფა ბევრჯერ მოუყენებიათ, მაგრამ ჩემი სამშობლოს ხელყოფას ჩემს შვილსაც კი არ ვაპატიებ!
ლილი მიროტაძე