აი, ერთი ეპიზოდი მე–19 საუკუნის ქართულ-აფხაზური ურთიერთძმობის ისტორიიდან...
აკაკი წერეთლის ლექსი გიორგი შარვაშიძე-ჩაჩბას:
„ შენი ტკბილი საუბარი
მიყვარს, როგორც ქებათ-ქება,
შენი ნახვა ნერვებაშლილს
სამკურნალოდ შეერგება.
ეს შენც იცი, მაგრამ ძმაო,
ცოტას მოიაფხაზურებ,
ახალ-ახალს რომ მონახავ,
ძველებს აღარც კი უყურებ.
ეს არ არის მოსაწონი,
გეფიცები ზენა-არსსა,
ნათქვამია: ”ნუ დააგდებ
ძველ გზასა და მეგობარსა”.
თათარხანი ჩამოსულა,
მაგრამ ჩემთვის სად მოიცლის,
დღე ძინავს და ღამე ლოთობს,
თამაშობს და ყანწებსა ცლის;
ჩემთვის სადღა დაურჩება
ან საღამო და ან დილა,
ესეც კია მეგობრობა
სვანის არსად გაგონილა!
გიორგის პასუხი აკაკის...
შენი ტკბილი მგოსნის ენა
რა ხანია არ მსმენია,
ფუტკარმაცა იცის კბენა,
მაგრამ თაფლის გამჩენია.
რაც უნდა მითხრა, მეგობარო
მე, შენს შეგირდს, მაძლევს ლხენას,
რადგან ვიცი, უკეთ ხარო,
მადლსა ვსწირავ ცას და ზენას.
მაგრამ შენსა მაღალ ნიჭსა
არ შეჰფერის უმართლობა,
მოჰყოლიხარ ცოტა ჭორსა,
მოგრევია იმერლობა.
სვანი ყანწით გადღეგრძელებს,
მე, აფხაზი, წრფელი გულით,
ვით სცოდნიათ ჩვენსა ძველებს,
ძმობითა და სიყვარულით!“
გიორგი შარვაშიძე–ჩაჩბა გახლდათ უბრწყინვალესი თავადი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის (ხამუთ-ბეი) და თავადის ასულ ალექსანდრა (კესარია) დადიანის ვაჟი, აფხაზი და ქართველი პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. წერდა სამ – აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე. იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათთან ერთად იბრძოდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის, საერთოეროვნული ფასეულობების, ენისა და კულტურის განვითარებისთვის, ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიის ფალსიფიკაციის გამოვლენისათვის, ორი მოძმე ერის ეროვნული ფესვებისა და მათი ურთიერთობების შენარჩუნებისთვის!
ამ „გასაუბრებაში“, ნათლად ჩანს, თუ როგორი ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული არსებობდა ქართულ და აფხაზურ არისტოკრატიას შორის, არც განასხვავებდნენ ერთმანეთს, პირიქით, ამაზე მეტყველებს გიორგის სიტყვები:"სვანი ყანწით გადღეგრძელებს, მე, აფხაზი, წრფელი გულით, ვით სცოდნიათ ჩვენსა ძველებს, ძმობითა და სიყვარულით"! ესაა დღესაც ასაღორძინებელი, აქ არის რეცეპტი ქართულ–აფხაზური თანაცხოვრებისა… როგორი სითბოთი და მისთვის დამახასიათებელი "ენამწარობით ამკობს" აკაკი უმცროს მეგობარს, – "მოიაფხაზურებ", კონტექსტი - საერთო ქართულია!!! ასეთივე სულისკვეთებით პასუხობს (ასაკის გათვალისწინებით!) გიორგი, – "მოგრევია იმერლობა"!!! (თათარხანი გახლავთ, სვანეთის მთავრის შთამომავალი – დადეშქელიანი, ისიც „შეამკო“ განაწყენებულმა აკაკიმ - სვანის მეგობრობა ‘სად გაგონილაო“.;)) ნეტავ იმ დროს და იმ ხალხს, ქართველს თუ აფხაზს, რომლებისთვისაც საქართველო და აფხაზეთი, ერთი და იგივე იყო – სამშობლო!!!
საუკუნეების განმავლობაში აფხაზები და ქართველები აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი ავტოქტონური, მკვიდრი ერია. არ არსებობს ისტორიული წყარო, რომელიც მეტყველებდეს იმაზე, რომ ქართველები (მეგრელები, სვანები) მოსულიყვნენ აფხაზეთში, ან კიდევ, პირიქით! ქართველები ამ მიწაზე აფხაზებთან ერთად ყოველთვის სახლობდნენ!
ქართველთა და აფხაზთა შორის მტრობას, რუსეთმა ჩაუყარა საფუძველი 20-ე საუკუნის დასაწყისში და დროდადრო აღვივებდა მას.. და აი, უკვე 20 წელზე მეტია, სისხლია ჩვენს შორის (ძმებს შორის!)!.. აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება, მთელი კავკასიის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ომის შემდეგ, რომელსაც მრავალი ქართველი და აფხაზი ადამიანის სიცოცხელე შეეწირა, მხარეებს შორის მოლაპარაკება ძნელია და მით უმეტეს, ადვილი არ არის კომპრომისები. ამ სიტუაციაში, დიალოგს სერიოზულად ართულებს აფხაზებში გამეფებული ფსევდო გამარჯვების სინდრომი და შურისძიების შიში, ხოლო ქართველებში კი - რევანშისტული მიდგომა. ამ პირობებში, მთავარია რეალურად შევაფასოთ შექმნილი მდგომარეობა, ჩამოვყალიბდეთ მხარეთა პოზიციებსა და ინტერესებში, რათა გამოვძებნოთ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა. დღეს, თვალნათლივ ჩანს, რომ მხარეთა ინტერესები ურთიერთდაცილებულია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აფხაზეთის კონფლიქტს მოგვარება არ უწერია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აფხაზურ მხარეს, ვინც მოსურნეა ქართულ-აფხაზური შერიგების, ურთიერთობის აღდგენის, ისინი დუმილს არჩევენ. დუმან, რათა არ მოინათლონ “სამშობლოს მოღალატეებად”! ამიტომ, ქართველებისთვის და აფხაზებისთვის ურთიერთობის დარეგულირებისათვის საჭიროა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომელიც ნდობას და იმედს გაუჩენს ორივე მხარეს (უწინარესად, აფხაზებს), არ შელახავს ეროვნულ ღ ი რ ს ე ბ ა ს, დააშოშმინებს ყველას, მისცემს უსაფრთხოების გარანტიებს, კონფლიქტის მიზეზების გაანალიზების საშუალებას და ა.შ… მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე აფხაზი ეროვნების კანდიდატის წარდგენა მმართველი კოალიციის მხრიდან იქნება პროგრესული პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოიღებს დადებით შედეგს! სწორედ, აფხაზი ეროვნების საქართველოს პრეზიდენტის თაოსნობით საფუძველი დაედება მშვიდობიანი დარეგულირების და დაზავების პროცესს! ეს პიროვნება, რომელიც აღჭურვილი იქნება საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური პირის სტატუსით, გახდება ძლიერი დამაკავშირებელი რგოლი, ქართველთა და აფხაზთა ხელახალი დაახლოების და შერიგების! საქართველოს აფხაზი ეროვნების პრეზიდენტი, უნდა გახდეს აფხაზეთის მრავალეროვანი მოსახლეობის, უპირველეს ყოვლისა, აბორიგენი ხალხების - ქართველთა და აფხაზთა, მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენის გარანტი, რომელიც თავისი ფორმით და შინაარსით მისაღები იქნება აფხაზეთში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის! საქართველოს აფხაზი ეროვნების პრეზიდენტი იქნება დიდი იმედი და ბიძგის მიმცემი იმ აფხაზებისთვის, რომლებიც დღეს დუმან და ვერ ბედავენ გამოხატონ თავისი მოსაზრებები უშუალოდ აფხაზეთში! ამავდროულად, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი გახდება ახალი შტრიხი, რომელიც გააჩენს რეალურ შესაძლებლობას ღრმა ჩიხში შესული პროცესის შემოსაბრუნებლად, რაშიც უფრო აქტიურად და მეტი ინტერესით დაგვეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები - გაერო, ევროკავშირი, ეუთო და სხვა! აგრეთვე, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ქართულ-რუსულ ორმხრივ დიალოგზე, ანუ, რუსები გაცილებით „დამყოლნი“ გახდებიან და დარეგულირების პროცესიც დაჩქარდება...
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღევანდელი გაუცხოების პირობებში, სამწუხაროდ, სწრაფ შერიგება-გაერთიანებაზე ლაპარაკი აბსურდია. ამავდროულად, აფხაზებს უკვე გაცნობიერებული აქვთ ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდნენ. მათ მნიშვნელოვან და გავლენიან ნაწილს მიაჩნია, რომ თბილისი აღარაა მათი „უპირველესი მტერი“. ქართულ-აფხაზური ახალი ურთიერთობები და საგნობრივი დიალოგი უნდა დაეფუძნოს იმ ობიექტურ რეალობას, რომ აფხაზებს დიდი საფრთხე მოელით. დღეს, აფხაზები მთლიანად დამოკიდებულები არიან რუსეთზე, ვინაიდან რუსეთმა აღიარა მათი „დამოუკიდებლობა“. სწორედ ეს არის აფხაზებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. დანარჩენი მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოები, არ აღიარებენ მათ „დამოუკიდებლობას“, რაც ხელს უწყობს რუსეთის სრულ დომინანტობას აფხაზეთში. ეს კი, მომავალში გამოიწვევს აფხაზების ასიმილაციას და აფხაზეთის შეყვანას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. დიახ, ხვალ შეიძლება ყველაფერი დაგვიანებული იყოს. საშიშროება რეალურია, ახლო მომავალში აფხაზებს აფხაზეთში არაფერს კითხავენ, ხოლო ქართველები მხოლოდ იმედის ამარა დავრჩებით ენგურის ნაპირებთან! თავის დროზე, 17-ე საუკუნეში, სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა კელასურის დამცავი კედელი მდინარის გასწვრივ გაამაგრებინა, რათა აფხაზთა თავდასხმები მოეგერიებინა. დროთა განმავლობაში კელასურის კედელმა ფუნქცია დაკარგა და ქართველებმა და აფხაზებმა ერთად, ძმებივით განაგრძეს თანაცხოვრება. იმედია, ისტორია განმეორდება...
ამიტომ, შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან და ქართულ-აფხაზური საერთო ინტერესებიდან გამომდინარე (და ასეთი საერთო ინტერესები ბევრია, რომელიც დღეს მივიწყებულია!), გონივრული იქნება, თუ ოქტომბერში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე აფხაზი ეროვნების კანდიდატს წარადგენს "ქართულ ოცნება", ანუ, ბიძინა ივანიშვილი! ისეთი ავტორიტეტის ადამიანს, რომელიც ორივე ხალხისთვის ერთნაირად მისაღები იქნება და ვისაც ექნება ნდობის სახალხო მანდატი, უხუცესთა კრებიდან დაწყებული არასამთავრებო ორგანიზაციებით (აფხაზური და ქართული) დამთავრებული!..
ამ შეთავაზებასთან ერთად, ქართველებმა უნდა უთხრათ ჩვენს ძმებს, აფხაზებს, რომ ომი დამთავრდა და ჩათვალეთ, რომ თქვენ მოიგეთ (იმპერიის დახმარებით, მაგრამ მაინც), ძმებს შორისაც ხდება ასეთი უბედურება (ომი!), მაგრამ, დროა უკვე მშვიდობიანი ცხოვრება აღვადგინოთ, დევნილები დავაბრუნოთ თავის სახლებში, ერთად დავიტიროთ ჩვენი დაღუპული ოჯახის წევრები!.. მარტო მოსკოვში, პეტერბურგში და თბილისში კი არა, მთელს აფხაზეთში გადავიხადოთ ახლად შექმნილი შერეული აფხაზურ-ქართული ოჯახების ქორწილები! ჩავთვალოთ, რომ ამ ავადსახსენებელი ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორია „გაიზარდა აღმოსავლეთით“, მთელი საქართველო მოიცვა და ამის შედეგად, აგერ, აფხაზი პრეზიდენტი ჰყავს სრულიად საქართველოს! ქართველებმა და აფხაზებმა ე რ თ ა დ დავწეროთ ახალი კონსტიტუცია, ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ერთად გავუმაგროთ საძირკველი ჩვენს ს ა ე რ თ ო, გამთლიანებულ სამშობლოს და ერთად ავაშენოთ, ჩვენი ე რ თ ი ა ნ ი, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო!!!...