საზოგადოება
ეკა ბესელია სუბელიანის გადაყენებას მოითხოვს

eka-beseliaსაზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრების“ თავჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს საგანგაშოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან გამართულ დევნილთა აქციაზე აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონმა ნანა ფიფიამ საცხოვრებელი ფართით დაუკმაყოფილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რომელიც მას დევნილთა სამინისტროს სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსმა გრიგოლ ტუღუშმა მიაყენა, თავის დაწვა სცადა.

ქალბატონს სხეულის 35 პროცენტის მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ეკა ბესელია მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და,  როგორც აღნიშნული ფაქტის გამოძიებას, ასევე „ბოლო თვეების განმავლობაში დევნილთა მიმართ გულგრილი, დანაშაულებრივი დამოკიდებულებისა და უპასუხისმგებლო ქმედებების“ გამო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხის დაუყოვნებლივ დაყენებას მოითხოვს.

„შემზარავი ფაქტია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ თავის დაწვა სცადა. ეს ხელისუფლების მხრიდან იძულებით გადაადგილებულ  და სოციალურად დაუცველ პირთა უფლებებისა და  კანონიერი მოთხოვნების სრული იგნორირების ლოგიკური შედეგია“, - მიიჩნევს საზოგადოებრივი მოძრაობის თავმჯდომარე ეკა ბესელია.