პუბლიკაციები
ზონდერ-პროკურორების და ადეიშვილის ხელის ბიჭების ჩამონათვალი მხილება

1analitika1-zonderსაქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში თანამდებობაშენარჩუნებული პირების საქმიანობის ირგვლივ აწკყპუ-ს ადვოკატი მამუკა ნოზაძე ესაუბრა. ინტერვიუში ორ ათეულამდე თანამდებობის პირია დასახელებული, რის გამოც ინტერვიუს მოცულობა ჩვეულებრივზე დიდია.

მამუკა ნოზაძე: „მაგალითად შემიძლია დავასახელო გოგა გუგავა, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; თამარ თომაშვილი, ამავე სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი; ბაბუცა პატარაია, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელი და მალხაზ სხირტლაძე, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი. ეს ადამიანები არჩევნების წინ, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რომ ხმა "ნაცმოძრაობისთვის" მიეცათ. ისინი სამინისტროს თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ იმით, რომ "ქართული ოცნება" ქურდების პარტია იყო და თუ ეს პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებდა, საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა, ხელისუფლების სათავეში კი ქურდები მოვიდოდნენ.

- რით შეგიძლიათ დაადასტუროთ ის, რასაც ახლა ამბობთ.

- ეს ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომლებისგან მაქვს. ამ და ქვემოთ ვისაც ჩამოვთვლი, იმ პიროვნებებზე ჩემი განცხადებების გადამოწმება იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს ძალიან მარტივად, მაგალითად, გენერალური ინსპექციის საშუალებით შეუძლიათ. სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლები მზად არიან ახსნა-განმარტების მისაცემად.

ლევან მესხორაძე - იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე. მის შესახებ თეა წულუკიანს მინისტრად დანიშვნისთანავე მივმართე და მივუთითე, რომ ეს პიროვნება წლების მანძილზე უკანონობას სჩადიოდა. კერძოდ, მამუკა ალადაშვილს, მამუკა კოჭლამაზაშვილსა და ვალერიან ბალიაშვილს სწორედ იუსტიციის სამინისტროში მომზადებულ ტექსტებზე მოაწერინა ხელი ე.წ. რეზბალნიცის ყოფილმა დირექტორმა ვაჟა ცხვედიანმა, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაშია მხილებული და იძებნება. ამ უკანონობაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ გაგა მკურნალიძე და დავით ხუჭუა.

ზემოხსენებულ სამ პიროვნებას გამოატანინეს საჩივარი ევროპული სასამართლოდან. ეს მესხორაძის გარეშე ვერ გაკეთდებოდა, რადგან არც ერთი ციხის დირექტორმა არ იცის, რომელი საქმე რა ნომრითაა რეგისტრირებული ევროპულ სასამართლოში. განცხადებების შინაარსი ლევან მესხორაძემ მოამზადა და მისი მეშვეობით მოხდა პატიმართა წერილების გაგზავნა სტრასბურგში. სხვათა შორის, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას ვითხოვ. კოჭლამაზაშვილის და ალადაშვილის დაკითხვის თაობაზე თეა წულუკიანს მივმართე. ისინი დაკითხვას ითხოვენ და დააკონკრეტებენ როგორ აწამეს, სტრასბურგიდან საჩივარი რომ გამოეტანათ. მე ხელს ვადებ ლევან მესხორაძეს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს სად დაიწერა წერილები, რომელზეც პატიმრებს ხელი მოაწერინეს. მესხორაძე თანამდებობას ინარჩუნებს, ადამიანი რომელიც ადეიშვილის და თინა ბურჯალიანის მონა-მორჩილი იყო. ის გამოდიოდა გირგვლიანის პროცესზე და უტიფრად ამტკიცებდა ისეთ რაღაცებს, რაც რეალურად არ ყოფილა.

ახლა მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს ჩამოვყვები და იმას გეტყვით, ვინ ვისი რეკომენდაციით არის მისული სამსახურში:

თამარ ჩუბინიძე მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსი და, ამავდროულად, გიორგი გაბრიელაშვილის მეუღლეა. გაბრიელაშვილი სამოქალაქო რეესტრის ყოფილი უფროსია. ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იგი გაათავისუფლა. თამარ ჩუბინიძეს პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ აქვს. ეს პიროვნება პრემიებს განუსაზღვრელად იწერდა. ამავდროულად, პრემიებს სხვა პირებსაც უწერდა და წილში უდგებოდა - მაგალითად, 5 000-ლარიან პრემიას გამოუწერდა და აქედან 2 500-სს თავად იტოვებდა.

- ამ კონკრეტულ შემთხვევაზეც იმავეს გკითხავთ.

- მეც იმავეს გიპასუხებთ - გამოწერილი პრემიები გადაამოწმონ, გამოკითხონ ის თანამშრომლები, რომლებმაც პრემიები მიიღეს, მათ შორის დაუმსახურებლად და რასაც გეუბნებით, იმას დაადასტურებენ. პლუს ამას, თამარ ჩუბინიძე ზურაბ ადეიშვილისა და მისი ყოფილი მოადგილის ნონა წოწორიას მარჯვენა ხელი იყო. ისე, ადეიშვილს ბევრი "მარჯვენა ხელი" ჰყავდა. ჩუბინიძე პროკურატურაში წოწორიამ მიიყვანა. წოწორია ამჟამად ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი, ანუ საქართველოდან წარგზავნილი მოსამართლეა.

მარიკა მარიკაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიშა ჩინჩალაძის მეუღლეა. ამჟამად მარიკაშვილი აგრძელებს მუშაობას მთავარი პროკურორის პირველი კატეგორიის მრჩევლის თანამდებობაზე. მას მთავარ პროკურატურაში აბსოლუტურად არანაირი ფუნქცია არ აქვს. მიუხედავად ამისა, განუსაზღვრელად დიდი ოდენობის ხელფასს და პრემიებს იღებს. მიშა ჩინჩალაძე კი იყო ადეიშვილის ნება-სურვილის, ყველა დაკვეთის შემსრულებელი. ამასთან, მიშა ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარეა და საქმეების 99(, სადაც ხელისუფლების ინტერესი გამოკვეთილი იყო, მოქალაქეთა წაგებით სრულდებოდა. მიშა ჩინჩალაძე თავისი ზონდერმოსამართლეებით მართავდა სასამართლო სისტემას. მისი მეუღლე ადეიშვილმა სწორედ ქმრის მონური ერთგულების გამო დაასაქმა მთავარ პროკურატურაში.

შორენა ირემაძე - თბილისის ყოფილი პროკურორის მამუკა გვარამიას მდივანი იყო. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, გამოცდა არც მას აქვს ჩაბარებული და, მგონი, იურისტიც არ არის, მაგრამ ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი კატეგორიის მრჩეველია. არჩევნების შემდეგ, სასწრაფო წესით მთავარ პროკურატურაში გადაიყვანეს.

პროკურორი თენგიზ ჭითაშვილი - თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორის მამუკა გვარამიას ბიძაა. ჭითაშვილი საპროცესო გარიგებების დიდოსტატი გახლდათ. უკანონო მეთოდების გამოყენებით ჭითაშვილი საპროცესოებს მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალებისადმი" ლოიალურად განწყობილ პირებთან აფორმებდა.

სოსო არჩვაძე, მეტსახელად "სიკვდილა" - მთავარი პროკურატურის კადრების უფროსია. მას უცხოეთში კონკრეტული დავალებებით აგზავნიდნენ. ის ადეიშვილის და მურთაზ ზოდელავას ხელის ბიჭი იყო. ეს პიროვნება ადეიშვილის მითითებით პროკურორებზე ზეწოლას ახდენდა - სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებებს აწერინებდა.

დოკუმენტები მიხეილ სააკაშვილთან უშუალოდ სოსო არჩვაძეს მიჰქონდა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ახალი ხელისუფლების მიერ პროკურატურიდან გაშვებულ კადრებს "სიკვდილამ" ურჩია ძველ მოწმობებს კარგად გაფრთხილებოდნენ, რადგან რამდენიმე თვეში მისი განმარტებით, ხელისუფლების სათავეში ისევ ძველები მოვიდოდნენ.

- "სიკვდილა" იმავე თანამდებობაზეა.

- დიახ, ისევ კადრების უფროსია. მე ვისზეც გელაპარაკებით, ესენი ყველანი თანამდებობებზე არიან. სანამ ინტერვიუს მოგცემდით, მთავარი პროკურატურიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე და სწორედ ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით გესაუბრებით. ქეთევან არჩვაძე მურთაზ ზოდელავას მდივანი იყო. ზოდელავას გაუჩინარების შემდეგ ეს ქალბატონი მთავარი პროკურორის მეორე კატეგორიის მრჩევლად გადაიყვანეს. ნინო ბიჭაშვილიც მთავარი პროკურორის მეორე კატეგორიის მრჩეველია. ის არის მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილის, ამჟამად პარლამენტარ დავით საყვარელიძის მეგობრის ცოლი, რომელიც ზემოხსენებულ თანამდებობაზე მხოლოდ იმ ნიშნით გაამწესეს, რომ "ნაცმოძრაობის" აქტივისტი იყო. ჩემთვის გაურკვეველია, რა და როგორ უნდა ურჩიონ დღევანდელ მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს (რომელიც კვალიფიციურ იურისტად და ღირსეულ ადამიანად მიმაჩნია) მისი წინამორბედის მდივნებმა, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებმა და, რაც მთავარია, ამ უმაქნის ადამიანებს ჩვენი ჯიბიდან ხელფასები რატომ უნდა უხადონ?!

- თქვენი აზრით, რა უნდა გაეკეთებინათ, ერთი ხელის მოსმით ყველა გაეთავისუფლებინათ.

- ამ ადამიანების წარსული საქმიანობა უნდა შეესწავლათ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიეღოთ. 3 300-მდე ადამიანმა გამოთქვა პროკურატურაში მუშაობის დაწყების სურვილი. მათ შორის ძალიან ბევრი კვალიფიციური ადვოკატი იყო, მაგრამ მათგან დასაქმებული ვერავინ ვნახე, კახა წერეთლისა და გია პაპუაშვილის გარდა (ახლო წარსულში პროკურატურაში მუშაობდნენ. წერეთელი ადვოკატობის დროსაც პროკურატურის ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო). საქართველოში, საბედნიეროდ, არის საიმისო რესურსი, რომ ეს თანამდებობები კვალიფიციურ ადამიანებს დაეკავებინათ. ისინი სახელმწიფოს ღირსეულად მოემსახურებოდნენ. როდესაც ჩემთვის, ადვოკატისთვის გახდა ცნობილი, თუ ვინ რის გამო და ვისი მეშვეობითაა დანიშნული კონკრეტულ თანამდებობაზე, წესით, ახალ მინისტრსა და მთავარ პროკურორს ამის გაგება არ უნდა გასჭირვებოდათ.

- გავაგრძელოთ ჩამონათვალი.

- თამარ აღლემაშვილი - მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. იგი ვანო მერაბიშვილის ნათესავი და "ნაცმოძრაობის" აქტივისტია. თანამდებობაზეც ამ ნიშნით დანიშნეს. ნინო იარალიშვილი - საკადრო უზრუნველყოფის სპეციალისტი. იგი "სიკვდილას" კადრად ითვლება, რადგან სამსახურში მან მიიყვანა. ეს ადამიანი საზოგადოებრივ მისაღებში ზის და უშუალოდ აკონტროლებს, თუ ვინ ვისთან შედის პროკურატურაში, ვინ ვის ესაუბრება და რა საკითხებზე შედის საჩივრები, ანუ "სიკვდილა" პროკურატურაში მიმდინარე მოვლენებს ნინო იარალიშვილის მეშვეობით აკონტროლებს, ეს ქალბატონი ინფორმატორის ფუნქციას ასრულებს.

ირაკლი ჩილინგარაშვილი - მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ადეიშვილისა და ზოდელავას მარჯვენა ხელი იყო. ეს ადამიანი საზოგადოებას, მათ შორის, ადვოკატებს საჯარო ინფორმაციას უმალავდა. საჯარო ინფორმაციაზე უარი ჩემთვისაც არაერთხელ უთქვამს.

პროკურორი ირაკლი კობალაძე - განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ნაცმოძრაობის" გულმხურვალე მხარდამჭერის ირინა ქურდაძის მეუღლე. ირინა ქურდაძის ძმა ბანკ "ქართუში" მუშაობდა და მან 1 ოქტომბრამდე თანამდებობა ვითომდა მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო დატოვა.

ვალერი გრიგალაშვილი და თამარ პაპავა - ეს ორი პროკურორი სულხან მოლაშვილის საქმეში ბრალდების მხარდამჭერ პროკურორებად გამოდიოდნენ. მოგეხსენებათ, რომ ევროპულ სასამართლოში მოლაშვილის სარჩელის განხილვა დასრულებულია. ასევე ცნობილია ის უკანონობა და უსამართლობა, რაც მოლაშვილთან მიმართებაში ხელისუფლებამ სწორედ ვალერი გრიგალაშვილის და თამარ პაპავას მეშვეობით განახორციელა. ეს ორი ადამიანი მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. პროკურორი თეონა გურგენაშვილი - თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომის მდივანი გახლდათ. იგი სააპელაციოს მოსამართლე მანანა ოთარაშვილის დისშვილია. ეს მოსამართლე ხელისუფლების მონა-მორჩილი და მათი ნების შემსრულებელი იყო. მას უამრავი უკანონო განაჩენი აქვს გამოტანილი, რის გამოც საბრალდებო სკამზე უნდა დაჯდეს. მას წინა ხელისუფლებამ ამაგი დაუფასა - დისშვილი პროკურორად დაუნიშნეს.

პროკურორი მანანა ცაავა - პროკურატურაში შევარდნაძის დროიდან მუშაობს. მისი შვილიც პროკურორია. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, მანანა ცაავას მიმართ ქრთამის აღებებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში არაერთი საჩივარია შესული, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, რადგან მფარველად როლანდ ახალაია ჰყავდა.

ირაკლი ჟვანია, ლევან ბაჩიაშვილი, მადონა ურუშაძე - ციხეებზე ზედამხედველი პროკურორები. მათთვის კარგად იყო ცნობილი რა ხდებოდა საპატიმროებში, იქ არსებულ უკანონობებზე, წამებებზე, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე პროკურატურაში უამრავი საჩივარი შედიოდა, მაგრამ ამ სამი ადამიანის მხრიდან რეაგირება მხოლოდ საქმეების თაროებზე შემოდებით შემოიფარგლებოდა.

ნიკოლოზ ჭინკორაშვილი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უფროსი, წინა ხელისუფლების ყოფილი რეკეტიორი. ეს პიროვნება საპროცესო გარიგებებს შანტაჟისა და დასჯის საფუძველზე აფორმებდა, განსაკუთრებით ბიზნესმენებთან და მეწარმეებთან. სწორედ ჭინკორაშვილი აძალებდა ადამიანებს საჩივრების გამოტანას, არჩადენილი დანაშაულის აღიარებას.

უკანონობას და უსამართლობას მათ შორის ისინიც ახორციელებდნენ, რომლებიც ჩამოვთვალე. 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ არ მისცა ხმა იმას, რომ ის პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" მონური მორჩილების, ამავე ორგანიზაციის აქტივისტობის, მეგობრობისა და მეუღლეობის გამო იყვნენ დანიშნულები, დარჩნენ თანამდებობებზე. მათი მეშვეობით ახალი ხელისუფლება სამართლიანობას ვერ აღადგენს, რადგან როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში ემსახურება უკანონობას, უსამართლობას, არის რეჟიმის ერთ-ერთი ჭანჭიკი და ამ ჭანჭიკის მეშვეობით ხორციელდბოდა ხალხის დაშანტაჟება, დღეს ეს ადამიანი ვერ იქნება სამართლის სადარაჯოზე, ანუ სავლე პავლედ ვერ გადაიქცევა.

- ხომ არ აპირებთ წერილობით მიმართოთ მინისტრს, მთავარ პროკურორს.

- იუსტიციის მინისტრს მივმართე და შეხვედრა მოვითხოვე. ადმინისტრაციის მეშვეობით კონკრეტული გვარების წარდგენა მთხოვა და მაცნობა, რომ ამ შემთხვევაში მოხდება კონკრეტული ფაქტების განხილვა. ამგვარი ფაქტების შესახებ ინტერვიუ მედიასაშუალებებს უკვე მივეცი, ახლა თქვენთან კონკრეტული გვარები პირველად დავასახელე. პროკურორებთან მიმართებაში სხვა ადვოკატებსაც აქვთ პრეტენზიები, რასაც საჯაროდ გამოხატავენ. ვიმედოვნებ მთავარი პროკურორი და იუსტიციის მინისტრი ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ.

- თუ არაფერი შეიცვლება, ამას რა შეიძლება მოჰყვეს.

- ეს იქნება საზოგადოების შეურაცხყოფა, რითაც ხელისუფლება მნიშვნელოვნად დაკარგავს საზოგადოების იმ ნდობას, რაც მათ 1 ოქტომბერს გამოუცხადეს. საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, არ უნდა გავჩერდეთ. "ნაცმოძრაობამ" არჩევნები სწორედ ამგვარი პროკურორების გამო წააგო და არა ვიღაცის პოლიტიკური პლატფორმის გამო. 1 ოქტომბერს ხალხმა ხმა ამ პროკურორების და იმ მოსამართლეების წინააღმდეგ მისცა, რომლებიც სასამართლოებში დღესაც მართლმსაჯულებას ახორციელებენ. ეს ყველაფერი თუ ასე დარჩა, შედეგი ამომრჩევლის შემდგომ ქმედებებზე, მომავალ არჩევნებზე აისახება. ახალი ხელისუფლება ვალდებულია ხალხის დაკვეთა შეასრულოს.

ნინო მიქიაშვილი,

გაზეთისაქართველოს რესპუბლიკა