პუბლიკაციები
საშუალო ფენის სიღარიბე საქართველოში

1analitt-mtavსაქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქინფორმმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენი თანამემამულის – დავით ძიძიკაშვილის, წერილი მიიღო, რომელიც აშშ-ში 1998 წლიდან ცხოვრობს (2006 წლამდე მუშაობდა ეკონომისტად რესპუბლიკურ პარტიაში. ამჟამად მასაჩუსეტსის შტატში, ენერგოკომპანია  „National Grid“-ში მუშაობს მთავარ ფინანსურ ანალიტიკოსად; დაამთავრა საფოლკის უნივერსიტეტი ( ფინანსები); პეპერდინის უნივერსიტეტი (საჯარო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხით ( ეკონომიკა და საერთშორისო ურთიერთობები); ბოსტონის უნივერსიტეტი ( საერთაშორისო ეკონომიკა – საერთაშორისო ურთიერთობები – ბაკალავრის აკადემიური ხარისხით). არის ფინანსების, ბიზნესადმინისტრაციის, სახელმწიფო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. 2008 წელს „Boston Business Journal“-ის მიერ წარჩინებული სწავლისთვის მიენიჭა „MBA All Star“ ).

ბატონმა დავითმა მეტად საინტერესო სტატია გამოგვიგზავნა სიღატაკის ფაქტორების განსაზღვრასთან მიმართებაში, რომელსაც საქინფორმის მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:

ამ სტატიაში მინდა, განვიხილო და ჩემი ანალიზი წარმოგიდგინოთ საშუალო და საშუალოზე მაღალი ფენების გაჭირვებასა და სიღარიბის ერთ-ერთ ფაქტორზე. ეს ფაქტორი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბისაა და, გარკვეულწილად, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ ძირითად საფუძვლადაც მოიხსენიება.

ამ სტატიაში აქცენტი მაქვს ადამიანის ქცევასა და ფინანსური, ეკონომიკური გადაწყვეტილების რაციონალურ ლოგიკაზე, იმ ჯაჭვურ ფსიქოლოგიურ ციკლზე – გადაწყვეტილების მიღების ფაქტორზე, რომელიც სიზუსტით განსაზღვრავს ამ ადამიანთა თუ მასების კატეგორიის წარმატებულობასა თუ გაჭირვებას მთელი ცხოვრების მანძილზე.

ადამიანის ქცევა და საწყისი გადაწყვეტილება, რომელიც გარკვეული საქციელის ფსიქოლოგიური წინამორბედია და რაციონალი, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში განიხილება და თეორიულ/ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს; ერთგვარი ფენომენია, რაც გარკვეული ეკონომიკური პროფილის შედგენისა და ანალიზის გამოტანის საშუალებას იძლევა.  მომავალ შედეგებს – წარმატებას და წარუმატებლობას, მხოლოდ მატერიალურ-ფინანსური მხრიდან განვიხილავთ, მაგრამ ამ შედეგის საფუძველია ის პირველი ფსიქოლოგიური საფეხური – რაციონალური თუ არარაციონალური ლოგიკა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება და მოჰყვება გარკვეული საქციელი.

ეკონომისტები, რომლებიც ადამიანის საქციელს, გადაწყვეტილებების მიღების ლოგიკასა და ფსიქოლოგიას სწავლობენ, ეთანხმებიან იმ ძირითად მოსაზრებასა და თეორიას, რომ ეკონომიკურად და ფინანსურად წარუმატებელი ადამიანი ყოველთვის მატერიალური „მინდა“-ს თვალსაზრისით იღებს გადაწყვეტილებებს (ამ „მინდა“-ს მაგალითს და ანალიზს ქვემოთ დეტალურად განვიხილავ).

მსურს, მკითხველს ავუხსნა, რომ საქართველოში მცხოვრები საშუალოზე ქვემო, საშუალო და საშუალოზე მაღალი ფენების (დავყოთ რეალურად ასეთ კატეგორიებად: საშუალოზე ქვემო – 1000-2000 ლარი ოჯახის საერთო შემოსავალი თვეში, საშუალო – 2000-4000 ლარი თვეში, საშუალო-მაღალი – 4000-6000 ლარი საერთო შემოსავალი) მაგალითი შეიძლება, ზოგადად, ყველა დანარჩენ ფენებსაც მოერგოს.

დავიწყოთ მაგალითით და თეორიით – დავუშვათ, 4-სულიან ოჯახს გაუჩნდა ახალი შემოსავალი 100 000 ლარი (ან მიწა გაყიდა, ან ლატარეაში მოიგო, არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ერთჯერადი შემოსავალი). ახლა მივაქციოთ ყურადღება დღევანდელი ქართული ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებების ფენომენს და შევადაროთ რაციონალური გადაწყვეტილებების მქონე ადამიანის ლოგიკასა და საქციელს.

საქართველოში ასეთ შემთხვევაში (თუ ოჯახს არ აწუხებს მძიმე დაავადება, არ სჭირდება ოპერაცია, ანუ ამ მაგალითში განვიხილავთ ჯანმრთელ ოჯახს, რომელიც ცხოვრობს საკუთარ ბინაში) ოჯახებისა და ინდივიდების დიდი ნაწილი ასეთ შემოსავალს მოიხმარდა „მინდა“-ს დასაკმაყოფილებლად: მატერიალურ საგნებზე, რომელიც, გარკვეულწილად ,არც არის საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს, ამ ადამიანის ლოგიკით საჭიროც იყოს გარკვეულ ეტაპზე.

ასეთ შემთხვევაში ხშირად ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც ეს კახეთში მოხდა, როცა სტიქიისგან დაზარალებულმა ოჯახები, რომლებმაც ნაღდი ფული მიიღეს დასახმარებლად, წავიდნენ და ძვირადღირებული ავტომანქანები შეიძინეს. ან რამდენია ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი ძვირადღირებულ ბინას ყიდის ქალაქის ცენტრში, ოჯახი მოშორებით გადაჰყავს და ძვირადღირებულ სპორტულ მანქანას ყიდულობს, რომელშიც შემდგომ ეტაპებზე უჭირს საწვავის ჩასხმა, მომსახურება, ბოლოს კი ნახევარ ფასად ყიდის ამ საქონელს და დიდ წაგებაზე გადის საერთო შედეგით. ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრია და ეს საბოლოო ჯამში, გარკვეულწილად, მთლიან ქვეყანას აყენებს ზარალს.

როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა რაციონალური გადაწყვეტილება სწორი სტრატეგიული გათვლით? ეს ძალიან ადვილი სტრატეგიაა, უბრალოდ, ამის დანერგვა და ჩვევად გარდაქმნაა პრობლემა, რომ სტრატეგიასა და ლოგიკას შესაფერისი საქციელი მოჰყვებოდეს. გადახედეთ ქვემოთ წარმოდგენილ მატრიცას ფოტოზე. რაციონალური ადამიანის საქციელი უნდა პასუხობდეს ორ შეკითხვას: „მინდა“, თუ „მჭირდება“. ანუ ყველა გადაწყვეტილება ყოველ სტადიაზე ამ ორ კატეგორიად უნდა იყოფოდეს.

ზემოხსენებული მაგალითით, ავიღოთ საშუალო ფენის ოჯახი, რომლის საერთო შემოსავალია 3000 ლარი თვეში. დავუშვათ, მათ სჭირდებათ ახალი ავტომობილი. ძველი ავტომობილი თითქმის ვერ ფუნქციონირებს. ერთჯერადი შემოსავლით ამ ოჯახს შემოუვიდა 100 000 ლარი. რაციონალური ადამიანი ამ თანხას შეხედავდა ასე: პირველი შეკითხვა – რა გვჭირდება? გვჭირდება აუცილებლად ავტომობილი ოჯახის გადასაადგილებლად, სამსახურში მისასვლელად და ა.შ.; რა მინდა? მინდა დასვენება ევროპაში, შოპინგი, ორი ავტომანქანა, უახლესი ტექნოლოგია; მინდა ახალი ძვირადღირებული ტანსაცმელი და ა.შ.

რაციონალური ადამიანის ლოგიკით, გადაწყვეტილება პირველია – ავტომობილი. მიდის ეს ადამიანი ავტომობილის შესაძენად. არარაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მთლიან 100 000 ლარს შეხედავდა როგორც მანქანის შეძენის მთლიან ბიუჯეტს, თუ მანამდე ის არ დახარჯავდა ამ თანხის ნაწილს დასასვენებლად, ძვირადღირებულ ტანსაცმელში, ტექნიკაში, და ა.შ. რომელიც მას არ სჭირდება, არამედ უნდა საკუთარი „მინდა“-ს დასაკმაყოფილებლად.

რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მეორე საფეხურზე უკვე მანქანების ბაზარზე იხელმძღვანელებს შემდეგი ლოგიკით: ოჯახი ხშირად დავდივართ სოფელში, ბევრს ვატარებთ მანქანას, გვჭირდება მცირეძრავიანი, სტაბილური ჯიპი, რომ მისი მომსახურება არ იყოს ძვირი. არარაციონალურად მოაზროვნე ადამიანი მთლიანი დარჩენილი თანხით, რაც ყველაზე ძვირადღირებული, „გამოსაჩენი“ ავტომობილი მოუვიდოდა, იმას იყიდიდა. შეიძლება სპორტულიც კი შეიძინოს და მთლიანად უგულებელეყო ოჯახის „მჭირდება“, რადგან მას უნდა ახალი, ლამაზი, სწრაფი სპორტული მანქანა!

რაციონალურად მოაზროვნე ადამიანსაც უნდა  და მოსწონს ძვირადღირებული BMW ან MERCEDES-ის ბრენდის ჯიპები, მას ძალიან უნდა ახალი, მაგრამ მან იცის, რომ ეს ზედმეტი ხარჯია და მას ეს მხოლოდ უნდა, და არ სჭირდება; მას სჭირდება პრაქტიკული ჯიპი, რომელიც აკმაყოფილებს მისი „მჭირდება“-ს ძირითად მოთხოვნებს. ვთქვათ, ის ყიდულობს ნახმარ იაპონურ ჯიპს, და რჩება ფულის დიდი ნაწილიც სხვა აუცილებელი ან მომავალი „მჭირდება“-ს დასაფინანსებლად.

ამ დარჩენილ თანხებსაც რაციონალური ადამიანი „მჭირდება“-ს თეორიით უფრო სტრატეგიულად მოიხმარს. ვთქვათ, მან შეიძლება დარჩენილი თანხები ოჯახის „შავი დღის“ ბიუჯეტში გადადოს და ბანკში პროცენტიან ანგარიშზე დადოს, რაც სავსებით რაციონალურია და სტრატეგიული, რადგან მისი ძირითადი „მჭირდება“ დაკმაყოფილებულია და ის არ აქცევს „მინდა“-ს დიდ ყურადღებას, რადგან ეს მისთვის არარაციონალურია.

ასეთი მაგალითი ჩვენს საზოგადოებაში უამრავია და, სამწუხაროდ, დავარქვათ ამას ქართული „მე მინდა, რადგან ვიმსახურებ“-ის ფენომენი, თუ საშინელი გაუნათლებლობა ფინანსებსა და ძირითად ეკონომიკურ პრინციპებში, პირადი ცხოვრებისეული ბიუჯეტისა და დაგეგმარების არსწავლა თუ იგნორირება. ამ „მე მენდა“-ს დევნით და ცხოვრების სტილით დღეს მაღალი საშუალო ფენის ქართული ოჯახებიც კი ფინანსური გაჭირვების ზღვარზე დგანან და ამ გაჭირვებას ყველაფერს აბრალებენ – დიდ ფასებს, ცხოვრების გაძვირებას, ყველაფერს, საკუთარი არარაციონალური გადაწყვეტილებების გარდა.

ანუ არარაციონალურად მოაზროვნე ადამიანს რაც უნდა შემოსავალი მისცე, ის სულ საკუთარი„მინდა“-ს მომსახურებასა და დაკმაყოფილებაზე იქნება გადართული ფსიქოლოგიურად, მაგრამ ,სამწუხაროდ, „მინდა“ 99%-ის შემთხვევაში ვერ კმაყოფილდება, თუ „ფორბსის“ მილიარდერების სიაში არ არის და მისი ცხოვრებაც ფინანსური წარუმატებლობის და გაჭირვების ერთ დაუსრულებელ ისტორიას ჰგავს, ის განწირულია წარუმატებლობისათვის. თქვენ წარმოიდგინეთ, „ფორბსის“ სიის მილიარდერების უმთავრესი ფაქტორი ისაა, რომ ისინი „მჭირდება“-ს და სტრატეგიული წინხედვის გენიოსები არიან და ესაა უმთავრესი ფაქტორი, რამაც მათი ეკონომიკური წარმატება განსაზღვრა.

„მინდა“-ს დაკმაყოფილება ერთგვარი ფსიქოლოგიური ნარკოტიკია. ასეთი ხალხი, მიუხედავად იმისა, საშუალო, მაღალი ან დაბალი ფენის წარმომადგენელია,  მუდამ მატერიალური გაჭირვების პირას იქნება. ისინი ვერ შეძლებენ ფულის შენახვას, საკუთარი ფინანსების მიზანმიმართულების სტრატეგიულად განსაზღვრას და ბოლოს ყოველთვის წაგებული იქნებიან.

უფრო დაწვრილებით შევხედოთ მატრიცას. თუ გსურს, წარმატებას მიაღწიო, ყველა ფინანსური თუ რაციონალური გადაწყვეტილების წინამორბედი უნდა იყოს მისი კატეგორიზაცია: „მე მინდა“და „მე მჭირდება“. შემდეგ, მეორე საფეხურზე რომ გადავალთ, იმის შემდეგ, როცა იდენტიფიცირებას ვუკეთებთ – პირველ საფეხურზე რა გვჭირდება, მეორეზეც იმავე ლოგიკას მივდევთ. „მჭირდება“-ს კატეგორიაშიც გვხვდება მეორადი არჩევანი: „მე მინდა“, თუ „მე მჭირდება“ (როგორც ზემოაღნიშნული მანქანის შეძენის პროცესში აღვწერეთ).

ეს პროცესი არ არის ერთჯერადი, ეს გრძელდება მუდამ, სანამ ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ პიროვნება ამ წესს დაიცავს, მიუხედავად იმისა, რომ, ვთქვათ, შეიძლება ის საშუალოზე ქვემო ფენაში იყოს, სავსებით შესაძლებელია, მაღალი ფენის არარაციონალური გადაწყვეტილებების მქონე ადამიანზე ბევრად წარმატებული გამოდგეს.

1analittt-txt

უფრო მათემატიკურად თუ შევხედავთ გადაწყვეტილების მიღების მატრიცას, შეგვიძლია ამ ლოგიკაში ყველა „მინდა“-ს მინუს 1 ქულა მივაწეროთ და ყველა „მჭირდება“-ს – პლუს 1. ანუ საბოლოოდ ადამიანმა თუ გადაწყვეტილება მიიღო, რაციონალური გადაწყვეტილება ნულზე მეტი იქნება, ყველაზე რაციონალური კი – ნულზე ბევრად მეტი.

„მინდა“-ს დაფინანსების ყველაზე დიდი მსხვერპლია მსოფლიო ეკონომიკური წყობა, რომელიც 1990-იანების შემდეგ საშინლად მოირღვა და 2008 წელს, ფაქტობრივად, განადგურდა. ამ დროს დიდმა წამყვანმა სახელმწიფოებმა, ჯერ აშშ-მ, შემდეგ ევროპამ და სხვებმა, დაიწყეს „მინდა“-ს აქტიური დაფინანსება.

აშშ-ში სახელმწიფოს აქტიური შუამდგომლობით დიდმა ბანკებმა საზოგადოების უდიდეს მასას, ვისაც საკმარისი შემოსავალი არ გააჩნდა,  მაღალპროცენტიანი კრედიტები მისცეს თითქმის ყველა „მინდა“-ს დასაკმაყოფილებლად: ძვირადღირებული სახლები, რომელთა ყიდვაც მათ არ შეეძლოთ, მაგრამ  უნდოდათ; მათ, ასევე, უნდოდათ ახალი ძვირადღირებული ავტომობილები, ძვირადღირებული ჩასაცმელი, დასვენება... მინდა, მინდა, მინდა და მინდა... სახელმწიფოს დახმარებით ბანკებმა მოსახლეობაზე „მინდა“-ს დასაფინანსებლად გასცეს უფრო მეტი კრედიტები და ამ კრედიტის საშემოსავლო გარანტიები, ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტრანზაქციების მეშვეობით ევროპელებს, სხვა ბანკებს მიყიდეს.

როცა ევროპელებმა დაინახეს , რომ აშშ-ის მოსახლეობას რაც უნდოდა, უმალვე იკმაყოფილებდა სურვილს კრედიტების საშუალებით, იგივე გზა აირჩიეს. საბოლოოდ, როცა მოსახლეობამ ვეღარ შეძლო ამ კრედიტების დაფარვა, ეკონომიკური კრიზისის „დომინოს ეფექტი“ დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ ნგრევიას და დისტრუქციის პროცესშია და არ დასრულებულა...

როდესაც ინდივიდუალებსა და ოჯახებს განიხილავთ, ამ ძირითადი მატრიცითა და ლოგიკით შეგიძლიათ განსაზღვროთ და წინასწარ შეაფასოთ ცხოვრების მანძილზე დარჩენილი წარმატების თუ წარუმატებლობის, გაჭირვების შანსი და სიზუსტითაც გამოთვალოთ.

დღეს საქართველოში ფინანსებსა და ეკონომიკის განათლებაზე აუცილებელია  დიდი აქცენტის გაკეთება, რადგან ეკონომიკური სიძლიერე განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობასა და სტაბილურობას. რაც მეტი ეკონომიკურად ძლიერი და წარმატებული მოქალაქეები გვეყოლება, მით უფრო მეტად მოიგებს საქართველო და ეს აუცილებლად ქვეყნის ინტერესში უნდა შედიოდეს, თუ გვინდა, პროგრესი და დემოკრატია შევინარჩუნოთ და გავზარდოთ.”