რელიგია
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს

1avtokefaliaსაქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს.1917 წელს, ძველი სტილით 25 მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისათვის:1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას. დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარქოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო.

1917 წლის 12 (25) მარტს ქართველი სამღვდელოების მიერ საგანგებო კრებაზე მიღებულ დოკუმენტში წერია: „1917 წლის 12 (25) მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები, რაც უდიდესი გამარჯვება იყო.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა, ეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება გახლდათ.

„საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება სულიერი ძალა, რომელიც მოემსახურება ჩვენს საქართველოს“, – ბრძანა სამების ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.