პუბლიკაციები
ბორის ბერეზოვსკი: „როგორ ვიშოვოთ დიდი ფული?“

1analitika-Berezovskiუკვე ხანდაზმული კაცი ვარ, ვინც ცხოვრებაში მიაღწია ყველაფერს, რაზეც კი ოცნება შეიძლებოდა. იმდენი ფული მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე ვერ დავხარჯავ, ხოლო ჩემი მოკრძალებული მოთხოვნების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე სიცოცხლეც მეყოს. ასე რომ, ფულის შოვნით დაინტერესებული აღარ ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ბროშურის გამოქვეყნებით სარგებლობას მოვუტან სასოწარკვეთილებსა და გადაუჭრელი პრობლემების წინაშე მყოფებს. სათითაო მზე არ არსებობს, მაგრამ ფული ამ ქვეყანაზე ყველასთვის საკმარისია. იმისათვის, რომ ფული გქონდეთ, საჭიროა სურვილი და მზადყოფნა მათ მისაღებად, და იღბალი, იღბალი, იღბალი… სამყარო ქაოსის სტიქია როდია. არც იღბალია ისე ბრმა, როგორც ბევრს წარმოუდგენია. ადამიანებს სხვადასხვა რაოდენობის ფული აქვთ, იმიტომ, რომ განსხვავებულად აღიქვამენ რეალობასა და სამყაროს. იმისათვის, რომ გამდიდრდეთ, გარეგნულად კი არა, შინაგანად უნდა შეიცვალოთ. თუ გნებავთ, ამას წარმატების მაგია უწოდეთ.

ჩვენი პირველყოფილი წინაპარი სანადიროდ წასვლის წინ ირემს სილაზე ხატავდა და ნახატს შუბით განგმირავდა. რისთვის აკეთებდა ამას? იმის გამო ხომ არა, რომ ათასწლეულების გამოცდილებით იცოდა: ნებისმიერ მატერიალურ ქმედებას საფუძვლად უდევს გეგმა, მომავალი მოვლენის იდეური დამუშავება? ეს არ გახლდათ პრიმიტიული მაგია, ის ნამდვილად ეხმარებოდა მონადირეს ნამდვილი ირმის განგმირვაში. ასეთია რწმენის ძალა, რომელიც ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების, ანდა პირიქით – ჩვენი შიშებისა და ფობიების მატერიალიზების ძალაა. რწმენასთან ხუმრობა არ ვარგა: პლაცებო (ანუ რწმენის გარეგნული მატერიალური ატრიბუტები) შეიძლება იყოს როგორიც გნებავთ, თუნდაც ქვიშაზე ან დროშის ქსოვილზე დახატული, რადგან თავად რწმენაა საქმის მამოძრავებელი იმდენად, რამდენადაც ძლიერია თავად რწმენა! თუ წარმოების წარმატებულობისა არ გჯერათ, საქმეს საერთოდ ნუ დაიწყებთ – ურჩევენ დამწყებ მეწარმეებს. გგონიათ, ეს მეტაფორაა? ფიქრობთ, რომ ბიზნესის წარმატება მხოლოდ ნაწილობრივ არის დამოკიდებული რწმენაზე? ცდებით, საქმეში წარმატების რწმენა სწორედაც რომ მთლიანად განსაზღვრავს მის წინსვლას.

ხშირად გაიგონებთ, რომ იღბალი სულელებს წყალობს. ეს გასაოცარი დაკვირვება, ერთი შეხედვით, სავსებით ალოგიკურია, თუმცა ჭეშმარიტი. სულელს ერთი საინტერესო თვისება აქვს – რაიმე საქმის დაწყებისას ის არ ფიქრობს თანამდევ სირთულეებზე, იმ დაბრკოლებებზე, რომლებსაც “ჭკვიანი” წინდაწინ განსაზღვრავს და ადგილს მიუჩენს წარმოსახვაში. ამის გამო სირთულე სულელისთვის მარტივდება. თითქოსდა, სულელის პრობლემაა – რაკიღა კედელს ვერ ხედავს, არ ნიშნავს, რომ შუბლით არ შეეჯახება, მაგრამ… ოი, საოცრებავ, “სულელი” სწორედ იმიტომ, რომ კედელს ვერ ამჩნევს, მასში თავისუფლად გადის! ის წარმატებას თავისთავად აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ კედელი, რომელსაც “ჭკვიანი” ხედავს, სინამდვილეში წარმოსახული, ცნობიერებაში შექმნილი, ილუზორული ყოფილა! სამყარო დამოკიდებულია იმ წარმოდგენებზე, რომლებიც მის შესახებ გაგვაჩნია.

რაც მეტ დაბრკოლებას ხედავს სულიერად დახვეწილი ნატურა, მით მეტ წინააღმდეგობას აწყდება (რაც მისივე “შეკვეთით” წარმოიშვება). რაფინირებულ ინტელიგენტს რომ შესთავაზო, ვაჭრობა დაიწყეო, წინასწარ ათას მიზეზს მაინც ჩამოთვლის, რის გამოც საქმე მარცხიანი იქნება: შეთქმულებას ბაზარზე, საბითუმო მიმწოდებელთა ძლიერებას, რეკეტს, არამდგრად და ხარბ ხელისუფლებას, და კიდევ უამრავ ფაქტორს. არადა, ხშირად ვხედავთ, როგორ იწყებს ვაჭრობას ამ ინტელიგენტის მეზობელი, არცთუ გონებაგახსნილი კაცი და წარმატებასაც აღწევს, რადგან თავისი უმეცრებისა და წარმოსახვის განუვითარებლობის წყალობით, არ ფიქრობს სირთულეებზე. ქუდბედიანი დაიბადაო, იტყვიან იღბლიან კაცზე. წარმატების მიღწევის პირდაპირპროპორციულად ახალი  წარმატების ალბათობა იზრდება. რაც მეტია გამარჯვება, მით მეტია ახალი გამარჯვების შანსი.

რატომ? რა უცნაური ურთიერთკავშირია? გამოდის, ადამიანი უნდა დაარწმუნო, რომ წარმატებულია და მართლაც წარმატებული გახდება! ფულს ფული იზიდავს, – აი ზემონათქვამის კიდევ ერთი დასტური. აბა რატომაა, რომ მდიდრდები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიან? არასდროს წარმოთქვა “არა” სხვის ნაცვლად, სანამ ამას თვითონ არ გეტყვის. ხშირად ადამიანი წინდაწინ ისე მკაფიოდ წარმოიდგენს, როგორ ეუბნებიან უარს თხოვნაზე, წარმოსახვაში ისე ნათლად გაათამაშებს თავისი მარცხის სცენას, რომ აღარც კი ღირს რაიმეს სათხოვნელად სადმე წასვლა – აუცილებლად უარს მიიღებს. თვითონვე ითხოვა და თვითონვე სტკიცა უარი საკუთარ თავს. ჰოდა, ვინ რას მისცემს?

 

სამყაროს მეტაფიზიკა  

ინდუსები სამყაროსეულ ილუზიას “მაიას” უწოდებდნენ, მათი რწმენით, ეს მირაჟების სამეფოა, რომელიც ადამიანს გარს ერტყმის. ნუთუ მატერიალური ბუნება ილუზიაა? ნუთუ ჩვენთვის ჩვეული გარემო უბრალო მირაჟია, ხოლო ნივთეული კანონები, რომელთა მორჩილებასაც შევეჩვიეთ, თავად გამოვიგონეთ? საკუთრივ ჩემთვის ეს მართლაც ასეა. ხარისხის მქონე მეცნიერმა და მილიონების მქონე მეწარმემ კარგად ვიცი: თუ ხვალ კაცობრიობა ირწმუნებს, რომ დედამიწას პარალელეპიპედის ფორმა აქვს, ეჭვი არ შეგეპაროთ, კოსმოსიდან ჩვენი პლანეტის კუთხოვან ფოტოებს მივიღებთ! ჩემი თვალსაზრისით (რასაც ჩემი კომერციული გამოცდილებაც ადასტურებს), სინამდვილეში არსებობს პიროვნებისა და სამყაროს ურთიერთკავშირის ერთობ მოქნილი დინამიკური სისტემა, რომელიც პიროვნების გონებრივ სიმწიფეზეა გათვლილი.

ჩემი წარმოდგენით, სამყარო აპარატია, რომელიც მის შესახებ ჩვენი წარმოპდგენების ილუსტრირებას ახდენს. ჩვენ ხანმოკლე დროით შევდივართ “მაიაში” და ვარსებობთ იქ იმ სამყაროში, რომლის შექმნასაც საკუთარი თავისთვის საჭიროდ მივიჩნევთ. ეს კი ნამდვილი ოცნებების საუფლოს ჰგავს. საფრთხე კი იმაში მდგომარეობს, რომ ცნობიერებას შეუძლია ბოროტებისა და ჯოჯოხეთის მოდელირებაც დედამიწაზე. ტყუილუბრალოდ დავადანაშაულებთ ამაში სამყაროს – მან ხომ მარტოდენ ჩვენი შეკვეთა შეასრულა! ჯობს დამნაშავე საკუთარ თავში ვეძიოთ. კაცობრიობის დიდი მასწავლებლები ადამიანის პიროვნულ გარდასახვას იმიტომ იჟინებდნენ, რომ იცოდნენ: სამყაროს შესახებ ძველი შეხედულებებით ახალი სამყაროს აშენება შეუძლებელია! ჩვენ რწმენისა და ნებისყოფის სამყაროში ვცხოვრობთ. ესაა და ეს. ყველაფერ დანარჩენს “პლაცებოს” ხასიათი აქვს.

რა არის პლაცებო? მედიკოსები ასე უწოდებენ ფუყე სატყუარას, რომელსაც პაციენტს წამლის ნაცვლად აძლევენ. იმ რწმენით, რომ ეს წამალია, ბევრი პაციენტი გამოჯანმრთელებას იწყებს. ჰოდა, აქციებიც, ფულადი ნიშნებიც, დიპლომებიც და კიდევ ბევრი რამ თქვენი პლაცებოა, მაგრამ შეხედეთ დაკვირვებით, რა იქნებოდა ეს ფერადი ქაღალდები მათ მიმართ კოლექტიური რწმენის გარეშე? მხოლოდ თქვენი ღრმა რწმენა აქცევს მათ ჭეშმარიტად ფასეულად და შესაძლოა ძნელად საშოვნელადაც. თუ თქვენ შინაგანად გწამთ, რომ ფული ძნელად იშოვება, მართლაც გაგიჭირდებათ მისი შოვნა – თვინიერი სამყარო სიამოვნებით წარმოგიდგენთ თქვენი “სიმართლის” დამადასტურებელ ფაქტებს. ის ხომ თქვენს შეკვეთებზე მუშაობს! რაც მეტად ირწმუნებთ, რომ ღარიბი ხართ, მით მეტად გაღარიბდებით და როცა საკუთარი უიღბლობის რწმენა “მდოგვის მარცვლისოდენა” გახდება, აღარაფერი გიშველით – სიღატაკეს თავს ვეღარ დააღწევთ.

 

რწმენის შესახებ  

რწმენა რთული, ორმხრივი ფაქტორია. მას შეუძლია აგვაღზევოს ან გაგვანადგუროს, გაგვამდიდროს ანდა გაგვაღარიბოს. ჩვენს სამყაროს პირველ რიგში, მშობლებისგან ვიღებთ, ეს ისაა, რასაც ინდუსები “კარმას” უწოდებენ, რადგან სულს, მაიას სქელ ფენებში რომ შესულა, ჯერჯერობით წარმოადგენა არა აქვს ცხოვრებაზე. სამყაროს მისთვის აღმზრდელები ქმნიან. რაც მშობლებისთვის იყო სამყარო – დღესასაწაული თუ კატორღა, იგივე იქნება ის ბავშვისთვისაც. შემდეგ, მოწიფულობაში შებიჯებისას უკვე გვიჭირს ჩვენი “კარმის” შეცვლა. ჩვენ ხომ დაგვარწმუნეს და ფაქტებითაც, მაგალითებითაც დაგვიდასტურეს, რომ ათასის მიღება ძალიან ძნელია. ჰოდა, არ გვესმის, როგორაა იოლი ზოგიერთი ადამიანისთვის მილიონის შოვნა…

გარდატეხის ეპოქებში განსაკუთრებით ნათელი ხდება, რამდენს ნიშნავს ჩვენი წარმოდგენები ცხოვრების შესახებ. მეოცე საუკუნის 90-იანი წლების რუსეთში მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ კაპიტალიზმი სამოთხეა და აკი დღეს ცხოვრობს კიდეც სამოთხეში, ყოველ შემთხვევაში – მატერიალურ სამოთხეში. მოსახლეობის მეორე ნაწილს კი, რადგან ასე აღზარდეს, სჯეროდა, რომ კაპიტალიზმი ჯოჯოხეთია, და როგორც კი გაიჟღერა სიტყვა-პლაცებომ – “კაპიტალიზმი,” სწორედაც რომ ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. სინამდვილეში ნებისმიერი “იზმი” ფუყეა, შინაარსს მათ, სამყაროს შესახებ, ჩვენივე წარმოდგენები სძენს. მარქსისა და სმიტის მომხრეები ერთნაირად მართალი არიან – უბრალოდ, ისინი სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. სამყარო კი წარმოდგენების განსხვავებული ფენებითა და პლასტებით იგება: 1. ჩვენი პირადი წარმოდგენები. 2. კოლექტიური და ჯგუფური წარმოდგენები. 3. რიგი თაობების ისტორიულად ჩამოყალიბებული წარმოდგენები. 4. სამყაროს აბსოლუტური კანონები, რომლებიც არასდროს შეცვლილან. შესაბამისად, ჩვენ გარშემო არსებული რეალობის მოდუსი – “განაჩენები” არსებობს.

ზუსტად ისიც კი არ ვიცით, რატომ, მაგრამ სავსებით დარწმუნებული ვართ, რომ “ეს” შეუძლებელია, “ის” – ნაკლებსავარაუდოა, “აი ეს” – სავსებით შესაძლებელია,” ხოლო “აი ის” – გარდუვალია. თუმცაღა ადამიანის ნებელობას, თუკი მას ისევე გავავარჯიშებთ, როგორც სპორტსმენები – კუნთებს, ძალუძს წინ აღუდგეს წარმოდგენათა მეოთხე ჯგუფსაც – აბსოლუტურ კანონებს მოდუსი – “განაჩენით” : “ეს შეუძლებელია.” სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ინდოსტანში მივლინებებისას თავად შევხვედრივარ და ვურთიერთობდი იოგებთან, მაგებთან, ბერებთან, რომლებიც გრავიტაციას დაძლევდნენ: ისინი ლევიტირებენ (დაფრინავენ) და ტელეპორტირებენ (ნივთებსა და საგნებს გადააადგილებენ). ეს ნებელობის უმაღლესი გამოვლინებაა, მისი საოცარი ძალა, იმ ძალის დარი, ქრისტეს სიტყვებში რომ ასახულა “მდოგვის მარცვლისოდენა რწმენის” შესახებ.

გაიხსენეთ ქრისტეს მოწაფე, ბუნების კანონების საწინააღმდეგოდ წყალზე რომ გაიარა, შემდეგ ეჭვი შეიტანა ასეთ სასწაულში და უმალ წყალში ჩავარდა. ისტორიული მოწმობები არსებობს იმისა, რომ წმინდა სერაფიმე საროველი “ჰაერში იწეოდა,” ანუ გრავიტაციის კანონის საწინააღმდეგოდ, ლევიტირებდა. გულწრფელად გეტყვით, “ნებალპინიზმის” (ამ ტერმინს ორი სიტყვის ნაერთით: “ნებელობა” და “ალპინიზმი” ვქმნი) ასეთ სიმაღლეებს ვერ შევწვდი, და საეჭვოა აწი შევწვდე. სამაგიეროდ, ვიცი, რომ თუკი შესაძლებელია ნებალპინიზმის მსოფლიო რეკორდი, მაშასადამე შესაძლებელია მისი რეგიონული ჩემპიონატებიცა და ტურნირებიც. თუ გამდიდრების ამოცანას დაისახავთ, არ დაგჭირდებათ ბუნების კანონების დასაძლევად ქანცის გაწყვეტა. ამას ისედაც მოახერხებთ, რადგან ფული “გარდუვალის” კი არა, “სავარაუდოს” კატეგორიას ეკუთვნის.

მკითხველო, თქვენგან ალბათ ცოტას თუ უხილავს ჩემსავით, მფრინავი მაგები, სამაგიეროდ, შორიახლო ყველას გინახავთ მდიდარი ადამიანები და შესაძლოა, გვერდით სადარბაზოსა ან თქვენსავე კარის მეზობლად. საქმე ისაა, რომ იღბალი ბრმა სულაც არ გახლავთ, ის თითოეულ თქვენგანს თქვენივე რწმენის შესაბამისად მოგეგებათ. ფულის ფლობის რწმენას ებრაელებს ადრეული ბავშვობიდან გვინერგავენ. სწორედ “ნებალპინიზმის” მეთოდში მდგომარეობს ებრაელების ზღაპრული სიმდიდრის საიდუმლო. მერე, რასაკვირველია, ამას ემატება “შეთქმულება” და “ებრაელების ზესოლიდარობაც,” თუმცა საფუძველს მაინც ებრაელების რწმენა წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ისინი ღვთის რჩეული ხალხია. “ღმერთი მთელი სამყაროს საუნჯით დაგვასაჩუქრებს!” – ირწმუნებოდნენ ებრაელები საუკუნეების განმავლობაში. ცხადია, მათ სიმდიდრე, ღმერთმა (შემოქმედმა, მოაზროვნემ, სამართლიანმა ზეპიროვნებამ) კი არა, სამყარომ (მაიამ, მატერიალურის ილუზიამ) უბოძა. ღმერთი კი ვფიქრობ, წუხდა, როცა ჩემს თანატომელთა საქმეებს ხედავდა. მაგრამ სამყარო ყველას მისი რწმენის მიხედვით და არა სამართლიანად, ასაჩუქრებს.

განა სახარებაზე უკეთ სადმე თქმულა: “თქვენი რწმენისაებრ მოგეგებათ თქვენ.” ებრაელობის მესიანიზმის გარეშე ჩვენი შეთქმულება ფუყე იქნებოდა. არის კიდეც ფუყე, “პლაცებო,” რომელზე ჩაბღაუჭებული ებრაელები ფიქრობენ, რომ ღმერთი “გამოიჭირეს.” შეუძლებელია ებრაული წარმატების ახსნა მხოლოდ მატერიალური ფაქტორებით. განა ბეჩავ და დევნილ უგვარტომოთა შეთქმულებას სხვა ხალხები თავის, გაცილებით ძლიერ შეთქმულებას ვერ დაუპირისპირებდნენ? განა ხელმწიფეებს თავიანთ იუდეველ ქვეშევრდომებზე მეტი ძალმოსილილება არ ჰქონდათ? მე აღზრდილი ვარ გარემოში, რომელიც მსოფლიო ფულს საკუთრებად აღიქვამდა და ამ რწმენას მრავალ შთამაგონებელ პლაცებოს უმატებდა. ებრაელები დაბადებით “ნებალპინისტები” არიან (ისევე, როგორც ზანგები – სპორტსმენები), თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ხალხებს არ შეუძლიათ “ნებალპინიზმს” დაეუფლონ. უბრალოდ, მათთვის ეს უფრო ძნელია, რადგან მენტალიტეტი (კიდევ ერთი პლაცებო) გამდიდრების დამაბრკოლებელ ბევრ მავნე წარმოდგენას შეიცავს. “ნებალპინიზმი”, ისევე, როგორც ნებისმიერი სპორტი, პირველად მონაცემებზე, ვარჯიშის ინტენსივობასა და მწვრთნელების უნარებზეა დამოკიდებული. ვარჯიშის ინტენსივობით შესაძლებელია პირველადი მონაცემების დეფექტების გამოსწორება.

 

შემოსავლის ზრდის მეთოდიკები 

მაშ, ასე, მოემზადეთ “ნებალპინიზმის” სტილით პრაქტიკული სავარჯიშოებისათვის. დასაწყისისათვის უნდა შეისწავლოთ თქვენი უნარები “ბუნებრივ მდგომარეობაში” – რამდენს გამოიმუშავებთ, რაზეა “გათვლილი” თქვენი ინდივიდუალური სამყარო. უპირველესად, გააანალიზეთ თქვენი ნაცნობობის წრე და მოიკვეთეთ სკეპტიკოსები, პესიმისტები და წუწუნა ადამიანები – ისინი “ნებალპინისტის” ფეხებზე მიბმულ სიმძიმეებს წარმოადგენენ. შეეცადეთ თანამოაზრენი იპოვოთ – ოპტიმისტები, ვისაც წარმატების თქვენსავით სჯერა. მწვერვალისკენ ჯგუფურად სვლა უფრო იოლია – ჯგუფის წევრები ერთმანეთს “ზევით ექაჩებიან”, რადგან სხვაგვარად მწვერვალზე ვერ ავლენ. ამას “ჯგუფური ნებალპინიზმი” ეწოდება. ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ეტაპია “ძველი სამყაროს” ანუ, იმ რეალობის უგულებელყოფა, რომელიც სტიქიურად შეიქმნა მშობლების, თქვენი მეგობრების, ბაშვური შთაბეჭდილებების გავლენით.

ის, რაც ახლა ობიექტური რეალობა გგონიათ, სინამდვილეში სამყაროს შესახებ სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ფანტაზიის ნაკრები გახლავთ. დაფიქრდით, როგორი გსურთ, რომ იყოს “ახალი სამყარო”? იქნებ, ყველაფერი გაკმაყოფილებთ “ძველ სამყაროში”? მაშინ მოსალოცად გქონიათ საქმე! ანდა იქნებ ფული კი არა, სულ სხვა რამ გჭირდებათ? თუმცა, ჩვენ ახლა მხოლოდ ფულზე ვლაპარაკობთ. თუ სავსებით დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც გარკვეული თანხა გჭირდებათ, მოემზადეთ ახალი მიჯნების დასაპყრობად. თუ ღარიბი მასწავლებელი ბრძანდებით და უცებ სურვილად მილიონ დოლარს ჩაუთქვამთ, თავს მოვიჭრი, რომ მარცხი გელით! ეს იგივეა, არანავარჯიშებმა სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონობა რომ მოისურვოს. უნდა იცოდეთ, რომ მართალია, სამყაროსთვის შეუძლებელი არაფერია (ხომ ხდება, რომ ღატაკებიც იგებენ მილიონებს ლატარიაში და როგორც ხვდებით, ეს შემთხვევით არ ხდება!), მაგრამ ჯერჯერობით ბევრი რამ თქვენთვის შეუძლებელია.

რეალისტი იყავით. შემოსავლის ზრდა მომავალი წლისთვის დაგეგმეთ, რათა მანევრირებისთვის სივრცე მოიპოვოთ და 20 პროცენტზე მეტით ნუ დაიწყებთ. ერთხელ ჩავუთქვი, რომ ჩემს შემოსავალს გავაორმაგებდი და სასტიკი მარცხი ვიწვნიე, იმიტომ კი არა, რომ მეთოდიკა არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ თავადვე ვერ ვირწმუნე ასეთი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. რისკი ასეთია: მიზნად ძალიან მაღალი მიჯნის მიღწევას თუ დაისახავთ, მარცხი გელით, რითაც საკუთარ ეჭვებს კიდევ უფრო გაამძაფრებთ – ყოველი მარცხის შემდეგ წარმატების ტრაექტორიაზე დაბრუნება უფრო ძნელია, თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები, რაღა თქმა უნდა, არ არსებობს. მთავარი საფრთხე სწორედ ესაა – ერთი შეხედვით, თითქოსდა რა, ჩაუთქვი სურვილი და აჰა, ინებე მზამზარეული, პირდაპირ სამყაროს კატალოგიდან! სინამდვილეში კი სამყარო ყველა სურვილს როდი აკმაყოფილებს და აი რატომ. მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ფსიქოტექნიკები გვასწავლიან, რომ სურვილის ემოციური მხარე, ანუ წადილი უთუოდ უნდა დაიძლიოს, თუ ამ სურვილის ასრულება გნებავთ. მაგალითისათვის შეადარეთ თქვენი შეგრძნებები ორ შემთხვევაში: როცა საკვების მიღება გნებავთ, შედიხართ სამზარეულოში და აღებთ მაცივარს. თქვენს შინაგან სამყაროში სურვილი კი არსებობს, მაგრამ წადილი – არა! მშვიდად ხართ, ემოციები არ გაწუხებთ. არ გებადებათ კითხვა, საიდან და როგორ მოხვდა თქვენს მაცივარში კეფირი და ძეხვი. ისინი უბრალოდ აქაა, გაიწვდენთ ხელს და აიღებთ. ჩვენს გრძნობებს ვერ გაიზიარებენ აზიისა და აფრიკის ხალხები, სადაც მასობრივად იხოცებიან შიმშილით. მათ შემთხვევაში ჭამის სურვილს ეზავება დამფრთხალი წადილი, შიში იმისა, რომ საკვები შესაძლოა ვეღარ იშოვოს. რამდენადაც უფრო ძლიერია ეს შიში და ეჭვი (ტყუილუბრალოდ კი არ არსებობს საზარელი გამოთქმა “ეჭვის ჭია”), მით ნაკლებია სასურველის მიღების შანსი.

მე არ ვიცნობ არც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფული უყვარს. ბიზნესმენები იყენებენ ფულს ცინიკურად და გონივრულად, ფულის სიყვარული კი მათ დაღუპავდა. მოგების მისაღებად თავიდან დიდი თანხა უნდა დააბანდო, ანუ გამოემშვიდობო ფულს და რაც უფრო ულმობელი იქნება ეს განშორება, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ფული კი, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ღარიბებს უყვართ, დაჰკანკალებენ, ხელით სინჯავენ, ჯიბეში იკუჭავენ და ინახავენ. ამიტომაც ფული არასდროს აქვთ. სწორედ აქედან მომდინარეობს ბიზნესის დევიზი, რომელიც ალბათ არაერთხელ გსმენიათ: “ნამდვილად დიდი თანხის შეგროვება შუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ მისი გამომუშავება გახლავთ.” სად მარხია აქ ძაღლის თავი? სამყარო ჩვენს შეკვეთასთან ერთად, რომელსაც ბობოქარი ემოცია – წადილი ახლავს, დამატებით განაცხადს იღებს იმასთან დაკავშირებით, რომ სასურველი თურმე ძნელად მისაღწევია. თუკი გწადიათ (და არა უბრალოდ და მშვიდად გსურთ), მაშინ თქვენს განაცხადს საზარელი დამღა აჩნია: “სურს, ეს ყველაფერი დიდი სიძნელეების გზით მიიღოს!” და კვლავ ვერავის დაადანაშაულებთ, აკი თვადვე შეუკვეთეთ პრობლემები, ჰოდა, ინებეთ!

მაშ ასე, სურვილი გაქვთ. თვითკონტროლისთვის უმჯობესია ჩაიწეროთ იგი ან კარგად დაიმახსოვროთ. ეს სურვილი ცივ-გონივრული (ყოველგვარი წადილის გარეშე), რეალისტური უნდა იყოს (უფრო სწორედ, თქვენ უნდა გეჩვენებოდეთ ასეთად) და ძალზე მკვეთრად არ უნდა ცვლიდეს თქვენს ცხოვრებას. დავუშვათ, მოკრძალებულ მუშაკს თვეში 8 ათას რუბლი ხელფასი აქვს. ერთხელაც აიღო ხელში “ნებალპინისტური” ფურცელი (პლაცებოს სახეობა) და წააწერა: “მომავალი წლიდან თვეში 10 000 რუბლს ანუ, წელიწადში 120 000 რუბლს მივიღებ.” ახლა დაუფიქრდით, რა სახის პლაცებოს გამოყენება შეიძლება მიზნის მისაღწევად? რა მოქმედებები დაგარწმუნებთ, რომ მეტის გამომუშავება შეგიძლიათ? რა ფსონს უნდა ჩამოხვიდეთ იღბალის იმედით? ეს სამყაროს კი არა, რომლისთვისაც თქვენი თხოვნა წვრილმანია, არამედ თქვენ გჭირდებათ თვითრწმენისთვის.

უნდა იცოდეთ, რომ სამყარო სასურველს თქვენი მხრიდან რაიმე მოქმედებების გარეშეც გიბოძებთ, თუკი წადილი ვერაგულ განაცხადს არ მიაწვდის იმის შესახებ, რომ ამის მიღება ძნელია. რაც უფრო რთულად გეჩვენებათ რაიმე შედეგის მიღება, მით უფრო რთული მისაღები იქნება ის რეალობაშიც. არ აჰყვეთ წადილს! არ უთხრათ საკუთარ თავს: “კარგი იქნებოდა, რომ…” იცოდეთ, რომ აქა და აქ ესა და ეს გელით და შეეცადეთ, რომ ეს ცოდნა დიდი სიმშვიდით აღჭურვოთ. თქვენ ხომ არ ღელავთ კარადაში გადანახულ მარაგზე, რადგან ზუსტად იცით, სადაა და რამდენია. ასეთივე ცოდნა მომავლის შესახებ, ვნებებისა და შფოთვის გარეშე – “ნებალპინიზმის” მწვერვალია. მომავალი ისე უნდა ჩაუთქვათ, თითქოს წარსულს იხსენებდეთ, სქემით: “ჰო, მართლა, მომავალ კვირას მე ხომ გაუთვალისწინებელი 1000 დოლარი გამომიჩნდება! ჰოდა, რაში დავხარჯო? ბანკში შევიტანო თუ საყვარელ ადამიანს საჩუქარი ვუყიდო?

წადილისაგან, თხოვნის არშესრულების ავადმყოფური შიშისგან გასათავისუფლებლად, ჩემს საკუთარ მეთოდს გთავაზობთ – “პრიორიტეტების ჩანაცვლებას.” მაგალითად იმისათვის, რომ ადამიანმა არ იფიქროს ფულზე, თავგამოდებით იწყებს ბაღში ფუსფუსს და ფიქრობს, სად იშოვოს მცენარის თესლი, რით გაამდიდროს ნიადაგი, როგორ გაახაროს სუპერგოგრა – და სადღაც, ცნობიერების კუნჭულში, პერიფერიაზე, ღვივის ამდაგვარი აზრი: “ჰო, ის 300 000 მომავალ თვეში… ისე უცბად გამომიჩნდება… სად დავაბანდო?.. ოჰ, თუმცა, ამისთვის სად მცალია, მცენარეები მიჭკნება!” თუ მართლა დარდობთ ბაღზე, სპორტულ გუნდსა ან მეცნიერულ კათედრაზე, იცოდეთ, რომ იქ საქმეები უხეიროდ წავა, რადგან პრინციპი – “ნერვიულობა ამის გამო” ითვალისწინებს “გართულებას ამაში.” დაე ბაღი გადახმეს, სამაგიეროდ, 300 000-ს მიიღებთ საჭირო დროს. რასაკვირველია შეიძლება პირიქითაც მოხდეს – ფული ვერ მიიღოთ, მაგრამ წალკოტი ახაროთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი შიშის გადართვა ბაღზე ვერ მოახერხეთ, რადგან სიღარიბის შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

თუ თქვენთვის ნაცნობ მდიდარ ხალხს დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ სულელური “გატაცებები” აქვთ. თითქოსდა რაში ენაღვლება ფეხბურთი, როცა მისი ფირმის კაპიტალბრუნვა წელიწადში მილიარდს შეადგენს? არადა, სწორედ ფეხბურთი ეხმარება ეჭვის ჭიის “დაპურებაში” და საშუალებას არ აძლევს, საქმე გააფუჭოს. ჩვენი სამყარო, თუკი მატერიალურის ილუზიას განზე გადავდებთ, ბევრი ნებისა და აღმსარებლობის გზაჯვარედინს წარმოადგენს – ბიზნესში თქვენი ნებელობა კონკურენტისა და მყიდველის ნებელობაზე ძლიერი უნდა იყოს. საქონლის დასახელება და ხარისხი მეორადი პლაცებოა, ლატარიის ბილეთი, თქვენი ნებელობისდა შესაბამისად რომ მოგაგებინებთ ან წაგაგებინებთ. ნებისმიერი, ვინც ბიზნესით დაკავებულა, ხალისით დაგიდასტურებთ, რომ ვაჭრობა საქონელზე კი არა, გამყიდველზეა დამოკიდებული. ერთ გამყიდველს ძველმანების გაყიდვაც კი შეუძლია, მაშინ, როცა მეორე ოქროზე ზის და ნახევარ ფასშიც ვერ გაუსაღებია. რაშია საქმე? საქმე კი ფსიქოლოგიაშია, იმაშია, რომ ერთი მარჯვე, მეორე კი შებოჭილი და დათრგუნულია.

ყურადღებით დააკვირდით – რატომ ხდება ასე? განა პასუხი ნათელი არ არის? პირველს ძლიერი ნებელობა აქვს, მეორე კი “თვითმოდულირებული უიღბლოა.” გახსოვდეთ, რომ თქვენი ძალა თქვენს რწმენაშია. თილისმა და ამულეტი კი არ დაგიცავთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ მასთან დაკავშირებული ძლიერების მენტალური ხატება. ნივთი ყოველთვის პლაცებოა, და სხვის ხელში ის უმაქნის საგნად იქცევა. “ნებალპინიზმს” თუ მიჰყვებით, საკუთარ თავს ზრდის მიჯნები უნდა დაუდგინოთ. გამდიდრების პროცესში მიჯნიდან მიჯნისკენ, სულ უფრო მაღლა და მაღლა გაემართებით. თუ სადმე შეფერხდით, ესე იგი საწყის მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეთ, რადგან მიჯნა მეტისმეტად მაღლა დაგიდგენიათ… მიჯნა ყოველთვის თქვენს ცნობიერებაში უნდა არსებობდეს და ამავდროულად წინა პლანზე არ უნდა გადმოიწიოს. უკეთესია თუ მას ქვეცნობიერში შეაგდებთ რათა კი არ იფიქროთ მასზე, არამედ ბუნდოვნად იგრძნოთ. ჩემს მეთოდს გაგიზიარებთ: ვწერდი რომელიმე ციფრს (ჩემ მიჯნას) სხვადასხვა ფურცელზე, ორგანაიზერში, ტელეფონის ყურმილზე და ა. შ. მხოლოდ ციფრს, კომენტარების გარეშე.

საკუთარ თავს ვაჩვევდი იმ აზრს, რომ ეს ციფრი თვალსაჩინოა მომავალში, რომ ის ჩემია, მე მეკუთვნის, უნდა მივეჩვიო და არ უნდა გამიკვირდეს, როცა ის ჩემს ჩეკების წიგნაკში აღმოჩნდება. ეს პრაქტიკულად ყოველთვის მუშაობდა, თანაც, ციფრის წერისას არასოდეს ვინტერესდებოდი, საიდან მოვიდოდა ეს თანხა, ანუ არ ვებღაუჭებოდი პლაცებოს, უბრალოდ ვიცოდი, რომ გარემოებები იმგვარად აეწყობოდა, რომ ზუსტად ამ თანხას უეჭველად მომიტანდა. ისღა დამრჩენოდა, ეს ფული მიმეღო. შეგიძლიათ ჩემს გაკვალულ გზაზე იაროთ, შეგიძლიათ საკუთარი მნემონიკური მეთოდი შეიმუშაოთ, მაგრამ გახსოვდეთ! მოქმედებენ არა ფურცლები და ციფრები, არამედ გონება, აზრი, ხოლო ყველაფერი დანარჩენი პლაცებოა. თუკი შეეცდებით, უბრალოდ სახალისოდ გამოიყენოთ ჩემი მეთოდი და სიცილით აღმოაჩენთ, რომ ის არ მუშაობს, მაშინ თქვენ თავად დააპროგრამებთ საკუთარ თავს მარცხისთვის. რადგან სამყარო, როგორც უკვე გაგაფრთხილეთ, თქვენი მსოფლმხედველობის დასადასტურებლად ნებისმიერი რაოდენობის ფაქტებს წარმოგიდგენთ. ეს მეთოდი ამუშავდება მხოლოდ მაშინ, როცა მას წარმატების რწმენით გამოიყენებთ, როცა საყიდლებს ჯერ კიდევ არმიღებული ფულით დაგეგმავთ, როცა წინასწარ ააშენებთ ფერმას ჯერ კიდევ არნაშობი შინაური პირუტყვისათვის. ფულს კი სამყაროსგან მიიღებთ. თავდაპირველად იყო სიტყვა. ჯერ დაგეგმილი სიმდიდრე – ლოგოსი, აზრი, და მხოლოდ შემდეგ, ოპტიმიზმისა და უკეთესი მოლოდინის გაბედულ ტალღაზე, მოვა სიმდიდრეც.

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)

თარგმნა ნანა ჩარკვიანმა,

საქინფორმი