საზოგადოება
,,ქართული პარტიის” პირველი გასვლა რეგიონებში

kaxa_miqqaiaახლადშექმნილმა ,,ქართულმა პარტიამ” პირველი რეგიონალური შეხვედრა ზუგდიდში ჩაატარა. ,,დაიცავი საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის - კახა მიქაიას სახლში ამ პარტიის ლიდერები: სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე ზუგდიდის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი კახა მიქაიას ხელმძღვანელობით, რომელიც იმუშავებს ,,ქართული პარტიის” სამეგრელოს ორგანიზაციის ჩამოყალიბებაზე.

,,ჩვენ პირველი გასვლა სპეციალურად დავგეგმეთ ზუგდიდში. გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტიის პირველი ორგანიზაციაც ზუგდიდში ჩამოვაყალიბოთ, რადგან აქ გვყავს უშიშარი პიროვნება კახა მიქაია, რომელიც, მიუხედავად აქ არსებული მძიმე ვითარებისა, აქტიურად იბრძვის იმ შიშის დასაძლევად, რომელმაც მოიცვა სამეგრელოს მოსახლეობა,” - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კახა მიქაიას განმარტებით კი შიში მართლაც ძალიან ძლიერია, იმდენად ძლიერი, რომ დაშინებული მოსახლეობა ხმის ამოღებას ვერ ბედავს, ,,ჩემთან შეხვედრისა და დალაპარაკებისაც კი ეშინიათ, მაგრამ ვიცი, რომ ამ ხალხში ძალიან ძლიერია რევანშის სურვილი, რომ ეს შიშიც გაიფანტება და რევანშიც იქნება,” – განაცხადა კახა მიქაიამ და ჟურნალისტებისთვის სპეციალური განცხადებაც კი გააკეთა. ,,მე მაქვს გადამოწმებული ინფორმაცია, რომ დიდძალი თანხის გადახდის საფასურად ციხიდან გამოუშვეს კრიმინალი, ბაჩო და დათა ახალაიების ბიძა, რომელიც ამჟამად იმყოფება ნორიოს პოლიგონზე. მას სპეცბანდის შექმნა აქვს დავალებული, რომელიც შემდგომ რადიკალურ ოპოზიციას დაუპირისპირდება,” - თქვა კახა მიქაიამ.

ამ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ,,ქართული პარტიის” ყრილობა თბილისში 22 ნოემბერს გაიმართება.