საქინფორმის სტუმარია თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, ქალბატონი ნანა კაკაბაძე.
– ქალბატონო ნანა, 14 აპრილს, ქართული ენის – ასეთ მნიშვნელოვან დღეს, თქვენი ორგანიზებით სპორტის სასახლეში იმ პატიმრებისა და მოქალაქეების დიდი ყრილობაა დაგეგმილი, რომელთა მიმართაც ხელისუფლება წლობით არაადამიანურ, ანტიკონსტიტუციურ და შეურაცხმყოფელ უკანონო ზომებს მიმართავდა. ამ ფაქტებმა მთელი ქართველი საზოგადოება არჩევნების წინ ქუჩაში გამოიყვანა. რას აპირებთ და რას გეგმავთ ამ ყრილობით?
– ეს პოლიტპატიმრებისა და პატიმრების ინიციატივაა, მაგრამ 14 აპრილის ყრილობაში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ პოლიტპატიმრები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ 9-წლიანი მმართველობის პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობა“ ქართველი ხალხის ღირსებას ლახავდა; უფლებებს, ქონებას, ბიზნესსა თუ სხვ. ართმევდა; ფიზიკურად შეურაცხყოფდა, აწამებდა.გახსოვთ, ალბათ, ის კადრებიც, რომლებმაც შეძრა მთელი ქართველი საზოგადოება (მეგის ქარდავას კადრებს გულისხმობს, – ბ.ა.). ეს შეურაცხყოფა ხორციელდებოდა როგორც კონკრეტული პატიმრების მიმართ, ისე ეს იყო წინა ხელისუფლების მიერ წარმოებული და მთელ ქართველ ხალხზე განზოგადებული პოლიტიკა და ქართველმა ხალხმაც სწორედ ასე მიიღო! ამას კი მოჰყვა ის პროტესტი, რომელმაც საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა და ის გამარჯვებაც, რომელიც 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა მოიპოვა. თუმცა, ხალხს ნაციონალების სასარგებლოდ სერიოზულად გაუყალბეს არჩევნების შედეგები, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს! გაყალბებაც იმ მასშტაბით ვერ მოხერხდა, რა მასშტაბით გაყალბების სურვილიც ჰქონდათ ნაციონალებს და მაინც ქართველმა ხალხმა გამარჯვა!
ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია! ყველაზე მთავარი, რაც ვერ გაკეთდა – არ არის სამართლიანობა და უსამართლობის ეს განცდა თითოეულ მოქალაქეს დარჩა! ჩვენ ვხედავთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ზეწოლას ბიძინა ივანიშვილზე, რათა მან ვერ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ვერ მოახდინოს იმ სამართლიანობის აღდგენა, რასაც ის წინაარჩევნოდ ქართველ ხალხს დაჰპირდა. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ისევ ჩვენი – ხალხის, გასაკეთებელია, ანუ ის, რაც დაიწყო პირველ ოქტომბერს, უნდა დასრულდეს და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს!
რა ხდება 14 აპრილს და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებასა და ხალხს?! ეს არის სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი, რადგან ჩვენ ვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას. რეჟიმის გასამართლებაში კი არ იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ვიღაც კონკრეტული პირები იქნენ დასჯილნი. გასამართლებაში, პირველ რიგში, ვგულისხმობთ, რომ უნდა შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი 9-წლიანი მმართველობის პერიოდი. ეს შეფასება უნდა გააკეთოს პარლამენტის კომისიამ, რომლის შექმნასაც 14 აპრილს ყრილობის მონაწილენი მოითხოვენ. ეს კი გულისხმობს იმას, რომ პარლამენტმა შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც იურიდიულ შეფასებას მისცემს სააკაშვილის გუნდის 9-წლიანი მოღვაწეობის პერიოდს. აქ კი ყველაზე მთავარი სწორედ ის არის, რომ მასში სამოქალაქო საზოგადოება უნდა ჩაეთოს აქტიურად.
14 აპრილს, 14:00 საათზე, გამართულ ყრილობაზე ქართველი ხალხი აირჩევს თავის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ საპარლამენტო კომისიაში ლობირებას გაუწევენ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაგროვილ ყველა პრობლემას. ანუ ამ კომისიაში შევა ყველა დაჩაგრული ჯგუფის თითო წარმომადგენელი – იქნება ეს სახლებიდან გამოყრილი ხალხი, ომის ვეტერანები, ქონება- თუ ბიზნესჩამორთმეული პირები, სამსახურებიდნ გამოყრილები და ამ დაუსრულებელი სიის ნებისმიერი წარმომადგენელი. ვინაიდან ამ 9 წლის განმავლობაში შექმნილი აუარებელი პრობლემის გადაჭრის გზებიც ერთად უნდა ვეძებოთ. გამოსავალი გზები ჯერ ამ კომისიის შიგნით უნდა გამოვნახოთ და შემდგომ მისმა წარმომადგენლებმა ამას ლობირება საპარლამენტო კომისიაში უნდა გაუწიონ.
ყრილობის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ის, რომ (ყრილობაზე შექმნილი „საზოგადოებრივი კომისიიდან“) ამ კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი უშუალოდ იქნეს ჩართული საპარლამენტო კომისიაში, რათა დამყარდეს უწყვეტი უშუალო კონტაქტი დაზარალებულ ჯგუფებსა და საპარლამენტო კომისიას შორის. ჩვენი წევრების იქ ყოფნა უზრუნველყოფს ჩვენს ხელთ არსებული კომპრომატებისა და ფაქტების მუდმივ რეჟიმში მიწოდებას. ეს საპარლამენტო კომისიას ხელს შეუწყობს შემდგომში „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მოღვაწერობის პოლიტიკურ, იურიდიულ და მორალურ შეფასებაში. მეორე მხრივ, ერთობლივად ( ჩვენი წარმომადგენლებისა და საპარლამენტო კომისიის წევრებს შორის) მოხდება პრობლემების დაძლევის გზების ძიება.
ვფიქრობ, ეს ძალზე კარგი და საშური საქმეა, ქვეყნის მართვაში საზოგადოების ჩართვის ყველაზე ეფექტიანი ფორმაა და ვფიქრობ, უპრეცედენტო შემთხვევაცაა, როდესაც საზოგადოება ხმამაღლა აცხადებს, რომ „მას უშუალოდ უნდა, პროცესებში იყოს ჩართული!“ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას მეტ-ნაკლებად ჰყავდა თავისი არჩეული მთავრობა და პარლამენტი, მისი ჩართულობა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, აქამდე არ ჩანდა და არც იგრძნობოდა! ყველაფერს, რეალურად, ერთი ჯგუფი –150 მანდატის მქონე ადამიანი, ან ის მთავრობა წყვეტდა, რომელიც დანიშნული იყო, საზოგადოების ხმა კი, მაინც ყველაფრის მიღმა რჩებოდა. ყრილობაზე შექმნილ კომისიას ზეწოლის ის ბერკეტი ექნება, რომელიც ხელისუფლებას ხალხის ხმას გაათვალისწინებინებს.
ყრილობა გარდაიქმნება სამოქალაქო მოძრაობად და ამ მოძრაობაში გაწევრება შემდეგნაირად იქნება შესაძლებელი: სპორტის სასახლეში მობრძანებულ ყველა ადამიანს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლება მოძრაობაში გაერთიანება. თითოეულ მათგანს სავარძელზე დახვდება მათი გვარით, სახელითა და მისამართით დაფიქსირებული ფურცელი და იმავე ყრილობაზე, ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფისთვის ჩაბარების შემთხვევაში, ჩამბარებელი ავტომატურად გახდება სამოქალაქო მოძრაობის წევრი. შევსებული მონაცემებისგან შედგება საინფორმაციო ბანკი, საიდანაც ნებისმიერ დროს, როცა კი ამ საინფორმაციო ბანკში შეყვანილ ამა თუ იმ ჯგუფს რაიმე პრობლემა ან ინფორმაციის მიწოდების პრობლემა შეექმნება, ჩვენ სწრაფი რეაგირებისთვის ძალზე მოკლე ხანში – რამდენიმე საათში, ათასობით ადამიანის ინფორმირების შესაძლებლობა გვექნება; შევძლებთ, შევატყობინოთ, რომ ჩვენი ჯგუფის რომელიმე წევრის უფლება შეილახა და მას სამთავრობო დონეზე ესაჭროება მხარდაჭერა და გვერდით დგომა. ჩვენ კი, ყველანი ერთად გავერთიანდებით იმისათვის, რომ ეს პრობლემები გადავჭრათ.
ეს მართლაც ძალზე სერიოზული და კარგი მექანიზმია, რომელიც ქართველი ხალხის სასიკეთოდ იმუშავებს. ამასთან, ეს ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, დააჩქარებს პროცესს, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ დღესაც ხელისუფლებაში მყოფი ყველა დამნაშავე პირი, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანებისთვის უფლებების შელახვას კვლავაც ბედავენ და ახერხებენ, ჩვენი კომისიის მეშვეობით მათი პასუხისმგებლობის საკითხი ბევრად უფრო სწრაფად დადგება, ვიდრე ის დღეს არის; საზოგადოებაში განცდაც, რომ სამართლიანობის აღდგენას საშველი აღარ დაადგა, დასრულდება და საბოლოოდ გაქრება, რამდენადაც თავად საზოგადოება დააჩქარებს ამ პროცესებს.
– ქალბატონო ნანა, საზოგადოებისა და ხალხის მიერ ორგანიზებული ყველა საპროტესტო აქცია, გამოსვლა თუ თავყრილობა ე.წ. ოპოზიციისგან, რომელმაც ეს ნიშა მიითვისა, გარედან მართულად და ანტისახელმწიფოებრივად ცხადდება. ამ კუთხით ხომ არ ელით რაიმე პროვოკაციას?! იმავე 8 თებერვლის აქციიდან გვახსოვს, რომ ე.წ . ქალბატონი თუთბერიძე ლამის თქვენს დაპატიმრებასაც კი ითხოვდა თითქოსდა აქციის ორგანიზებისთვის. ამ დროს კადრებიდან კარგად ჩანდა, რომ თქვენ პატიმრების გვერდით იდექით და მხოლოდ პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე რამდენიმე ადამიანის შეშვებას ცდილობდით...
–14 აპრილს ეს გამორიცხულია. 8 თებერვალს ჩვენ – სულ 100-150 პოლიტპატიმარი, მიზანმიმართულად ცოტანი ვიყავით მისული. არ გვინდოდა, რომ ამას რაღაც აქციის ფორმა მისცემოდა. შიგნით ათამდე იმ ადამიანის შეშვება გვინდოდა, რომელთაც პრეზიდენტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებოდა. დაინახეს რა, რომ ჩვენ ცოტანი ვიყავით, ჩანს, ჩათვალეს, რომ ეს ის ძალა იყო, რომელსაც მოერეოდნენ. თუმცა, ვერ გათვალეს, რომ ეს ძალიან მცირე, მაგრამ მოტივირებული ძალა იყო, რომელიც მთელი ამ 9 წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებისგან შეურაცხყოფილი იყო. მაშინ კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ მათი ხელახალი დამცირებისა და დაკნინების მცდელობა გაჩნდა, ამ ადამიანებმაც ხმა ამოიღეს.
ეს იყო ჩვენი მისვლის მიზეზი, რადგან 9 წლის განმავლობაში სააკაშვილს არ ჰქონია შემთხვევა, განსხვავებული აზრისთვის მოესმინა და გაეზიარებინა ის. რამდენადაც მისი საპრეზიდენტო ვადაც ამოწურული იყო, პატიმრებმა იფიქრეს – იქნებ, ამ ბოლოსთვის მაინც მოეხერხებინათ და დაესვათ პრეზიდენტისთვის ის შეკითხვები, რაც მისი მისამართით დაუგროვდათ – რისთვის იყვნენ ეს ადამიანები ამდენი წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში და ვინ გასცემდა ბრძანებებს ასეთ დაპატიმრებებზე? თუმცა, რა პროვოკაციასაც ჰქონდა იქ ადგილი, ეს მაყურებელმა თავისი თვალით იხილა.
– ქალბატონო ნანა, 19 მარტს საზოგადოებრივმა მოძრაობა „ლაზარემ“ ხალხმრავალი შეკრება გამართა „რუსთაველის“ თეატრში. მოთხოვნა ერთი გაქვთ და ერთ დიდ საქმეს აკეთებთ. დღეს ბატონმა რეზო ამაშუკელმა „ლაზარეს“ შეხვედრაზე მოსულ მთელ საზოგადოებას 14 აპრილს სპორტის სასახლეში მოსვლისკენ მოუწოდა. „ლაზარეც“ ნაციონალების რეჟიმის გასამართლების საკითხს აყენებს. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული სამოქალაქო- საზოგადოებრივი შემადგენლობა ყალიბდება ქვეყანაში. სამწუხაროდ, ტელევიზიებიდან, „იმედის“ გარდა, „ლაზარეს“ შეკრებაზე არავინ მისულა. ალბათ, ვერ გაიგეს, რომ ამგვარი საზოგადოებრივი შეკრებები ბიძინა ივანიშვილის, ახალი ხელისუფლებისა და 1 ოქტომბრის არჩევნების მონაპოვარის მხარდაჭერაა და არა – პირიქით.
– მე ეჭვიც არ მეპარება, რომ „ლაზარე“ მთელი შემადგენლობით უერთდება 14 აპრილის ყრილობას, რამდენადაც ეს არ არის რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის ან ადამიანების ნება; ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა – მოთხოვნა იმისა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ეს არის ის, რასაც ბატონი ბიძინა ჰპირდებოდა ხალხს.
იმედი მაქვს, რომ – ვის-ვის და – ბატონ ბიძინას ყველაზე მეტად სურს ქართველი ხალხისთვის იმ დანაპირების შესრულება, რისთვისაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. ეს არის ხელისუფალი, რომელსაც არც რაიმე კორუფციული გარიგების და არც რაიმე ფინანსური მოგების ინტერესები ჰქონია. ერთადერთი, რაც მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო – და მე იმედი მაქვს, რომ ეს ასეა, არის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელსაც, დაწყებული კარიერიდან და ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული, ყველაფერს მიაღწია, ისტორიაში შესასვლელად ერთადერთი – საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დახმარებაღა რჩება.
მჯერა, რომ მისი სურვილიც და პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც სწორედ ეს არის. შესაძლოა, მას დღეს ამისი შესაძლებლობები იმდენად ფართოდ არ აქვს, რადგან არის როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ზეწოლები. თუმცა, ეს ქართველი ხალხის მოთხოვნაა და იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, 1 ოქტომბრის მსგავსად, 14 აპრილიდანაც მიაღწევს იმას, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს.
– ქალბატონო ნანა, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. 14 აპრილი ქართველი ხალხის გამარჯვების დღეა და სამართლიანობის აღდგენის წამოწყებაც. ასეთ დღეს ეს, ალბათ, სიმბოლურია...
– ნამდვილად, ქართველმა ხალხმა 1978 წლის 14 აპრილს მოახერხა უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ თავისი პატარა ქვეყნის ღირსებისა და ენის დაცვა. 2013 წლის 14 აპრილსაც (იმ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგაც, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა) ქართველი ხალხი მოახერხებს გამარჯვების მოპოვებას და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იზეიმებს სამართლიანობა!
ესაუბრა
ბაია ამაშუკელი