პოლიტიკა
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას გუშინ ქვეყნის მეთაური გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი მზად არის ხალხთან ერთად ბოლომდე საბრძოლველად.
„დღეს პრემიერმა ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი მცდარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება ან თუ ფულზე არ იყიდება, 90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის მოქმედებს, საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ, დემოკრატიულ ნაწილზე და, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის ამ წარმომადგენლებში, არ მოქმედებს“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის პოზიციებს ბოლომდე გაიტანს.
„ჩვენ საქართველო გადავარჩინეთ 2003 წელს, 2008 წელს და საქართველოს გადავარჩენთ ამ გამოწვევებშიც, რომლებიც სახეზეა. ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. მე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ვარ ბოლომდე და ჩვენ როგორც დღეს გავიტანეთ ჩვენი პოზიცია, ასევე გავიტანთ ჩვენს პოზიციებს ბოლომდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.