საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ანტიმონოპოლიურ, სახალხო მოძრაობას იწყებს, რომლის ფარგლებში ქართულ ბაზარზე არსებული მონოპოლისტი კომპანიების წინააღმდეგ აქციები გაიმართება. ახალ მოძრაობას, სავარაუდოდ, „სახალხო სოლიდარობა“ ერქმევა.
ახალი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე იქნება.
ნანა კაკაბაძემ „საქინფორმს“ განუცხადა, რომ „საქართველოში ყველა ბიზნესს ხელისუფლება აკონტროლებს, რითაც რიგით მოქალაქეებს სასუნთქ საშუალებას არ უტოვებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ ხელისუფლებას უკან გამოვგლიჯოთ მითვისებული ბიზნესები და თავისუფალი სივრცე, რომელიც მათ ხალხის ნების გარეშე მიიტაცეს. ჩვენ გვინდა ამ პროცესში საზოგადოებაც ჩავრთოთ ისე, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას პრობლემები არ შეუქმნას. ეს არ იქნება მიტინგები, მანიფესტაციები, არამედ იქნება პასიური პროტესტი. თუკი ბოიკოტი შედგება და მოსახლეობა მონოპოლისტ კომპანიაში არ შევა და არ იყიდის წამალს, ის იძულებული გახდება, მომხმარებელი რაღაცით მიიზიდოს – ფასები დაწიოს, აქციები შესთავაზოს. ამ დროს მეორე მონოპოლისტი ფირმაც იძულებული გახდება იგივე გააკეთოს, რაც ჯაჭვური რეაქციით თანდათან გამოიწვევს ფასების დარეგულირებას“.
სამიზნე კომპანიების შესახებ ახალი მოძრაობა საზოგადოებას გაზეთების, მეორე არხისა და ინტერნეტის საშუალებით შეატყობინებს.