პუბლიკაციები
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ მეორე შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებასთან

1amaS-mtსაქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. 2013 წლის 19 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ რიგით მეორე შეხვედრა ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებთან. დარბაზის პარტერი, ლოჟები და ყველა იარუსი „ლაზარეს“ მხარდამჭერთა მიერ იყო გადავსებული. ხალხი ყველგან ფეხზე იდგა, ამიტომ თეატრის ადმინისტრაცია იძულებული შეიქნა, კარი ღია დაეტოვებინა, რომ ფოიეში მდგომ სტუმრებსაც დარბაზისთვის თვალყურის დევნება შესძლებოდათ.

(საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარე“ 2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოში, დიდი ქართველი პოეტის – რეზო ამაშუკელის, ინიციატივით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, რომლის მიზანიც საქართველოსათვის წმიდათაწმიდა ღირებულებების  –  მამულის, ენის, სარწმუნოების, დედაეკლესიის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვაა.)
შეხვედრას  ესწრებოდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, სახელოვანი მსახიობები, რეჟისორები, მწერლები და პოეტები, მხატვრები, ექიმები, ყოფილი პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები, ომისა და ქართული შეიარაღებული ძალების ვეტერანები, მღვდელმსახურები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებლები, მთავარი საბჭოს წევრები, მათ შორის –მედიაკორპორაცია „ასავალ-დასავალის“ ხელმძღვან ელი, „ასავალ-დასავალის“ გამომცემელი  და მთავარი რედაქტორი  ლაშა ნადარეიშვილი და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.  

გამომსვლელთა სიტყვები ძალიან ემოციური იყო, რაც ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და კონკრეტულ პრობლემებს მოიცავდა. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესის აუცილებლობა, დემოგრაფიული პრობლემა, ქართული მიწაწყლის უცხოელებისათვის მიყიდვის შეჩერების საკითხი, რუსულ-ქართული ურთიერთობები, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური დიალოგი და სხვა. სამწუხაროდ, გამომსვლელთა და სიტყვით გამოსვლის მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ, მიუხედავად 5-წუთიანი რეგლამენტისა, ყველას გამოსვლა ვერ მოხერხდა, თუმცა, შეკრება გვიან საღამომდე გაგრძელდა.

ღონისძიებას  ბატონი  რეზო ამაშუკელი და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე უძღვებოდნენ. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს მიერ დაწერილი ბრწყინვალე  ნაწარმოებით –„ერეკლე ბრძოლის წინ“ – დაიწყო, რომელსაც დარბაზი ფეხზე დგომით უსმენდა. შემდეგ ბატონმა რეზო ამაშუკელმა შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ ღონისძიებას მიმართვები გამოუგზავნეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა, რომელმაც ეს წამოწყება დალოცა, და დიდმა ქართველმა მწერალმა,  ქართული ლიტერატულის ცოცხალმა კლასიკოსმა ჭაბუა ამირეჯიბმა (ბერმა დავითმა). 

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ასოციაციის პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციისა „ქალები საქართველოს საუნივერსიტეტო განათლებით“ თამარ კიკნაძე; პროფესორი, მოძრაობა „ლაზარეს“ დარბაზისა და მთავარი საბჭოს წევრი ელბერტ ბატიაშვილი; უფლებადამცველი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე; პროფესორი, საზოგადოებრივი მორაობა „ლაზარეს“ თავმჯდომარის მოადგილე ალეკო ცინცაძე; პოლიტიკურ მეცნერებათა დოქტორი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია; არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი კახა კახიშვილი; ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე; მსახიობი, სოხუმის თეატრის ყოფილი მმართველი დიმა ჯაიანი; იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და მოძრაობა „ლაზარეს“ დარბაზის წევრი ბიძინა სავანელი; დემოგრაფი, პროფესორი, მოძრაობა „ლზარეს“ საზოგადოებრივი დარბაზის წევრი ანზორ თოთაძე; ოსურ-ქართული მისიის წარმომადგენელი მარინა კაჟაშვილი; ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მოძრაობა „ლაზარეს“ დარბაზის წევრი დავით მხეიძე; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ყოფილი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში, პოლიტიკური დევნილი, მეცნიერებათა დოქტორი და  პროფესორი გიგლა ბარამიძე; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია; საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი დავით ლორთქიფანიძე; ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია; ანსამბლ „ერისიონის“ ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი; აკადემიკოსი, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ელიზბარ ჯაველიძე.

მკითხველს ვთავაზობთ ღონისძიებიდან ფოტორეპორტაჟს, გამოსვლებიდან ამონარიდებს და რეზო ამაშუკელის საქინფორმისთვის მიცემულ მოკლე კომენტარს „ლაზარეს“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. 

რეზო ამაშუკელი (მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელი):

„ჩვენ აქ იმიტომ  ვართ შეკრებილნი, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არ არის.  ჩვენ დღეს აქ ერთმანეთთან მოვედით. თუ გვტკივა ჩვენი სამშობლო, სულში არავის უნდა ჩავაფურთხებინოთ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეთიკის ნორმები დავიცვა, მაგრამ ამათთან („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ვგულისხმობ) სხვანაირი ლაპარაკი არ გამოდის. ის მონსტრები, რომელთაც მოინდომეს ქართველების გადაკეთება, ქართული ენის წაშლა, ჩვენი ისტორიის, კაცობისა და მენტალიტეტის გაცამტვერება, უნდა დაისაჯონ. ეს არ უნდა ვაპატიოთ. თუ ამას ხელისუფლება ვერ მოახერხებს, ნურავის ეწყინება, მოვახერხებთ ჩვენ! მე ან შევეწირები ამ საქმეს, ან ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყნის გაუბედურებას ცდილობდა, დავსვამ იმ სკამზე, რომელსაც იმსახურებს“.

ელიზბარ ჯაველიძე (აკადემიკოსი, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი):

“როდესაც ერისშვილები იკრიბებიან, ეს ქვეყნის ზეიმია. აქ საუბარი იყო სამოქალაქო საზოგადოებაზე. მინდა გითხართ, ჩვენ მამულიშვილთა საზოგადება გვჭირდება და არა სამოქალაქო საზოგადოება. რადგან, დღეს საქართველოს გადაგვარებას, გარყვნას და გაფუჭებას  სწორედ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებით ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები. მათ საქართელოში 2000 - ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს, რომლებიც ფულის გამო ემსახურებიან უცხო ქვეყნებს. ეს სამშობლოს ღალატია. 20 წელია გავიძახით, რომ საქართველოში მიზანმიმართულად ხდება ქართველი ერის განადგურება და სახელმწიფოს დაშლა, დეცენტრალიზაცია (ამიტომ გადაიტანა სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტი ქუთაისში და არა იმიტომ, რომ ამ ქალაქის ბედი აღელვებდა). ყველაფერ ქართულს ებრძვიან და ჩვენ ამას დუმილით ვეგუებით. დღეს საქართველოში ქუჩაში გამოდიან ახალგაზრდები და ვის იცავენ? ბენდუქიძეს, რომელსაც არანაირი ადამიანური ნიშანწყალი არ გააჩნია, ეს არის სპეკულიანტი, მოვაჭრე, რომლემაც მთელი საქართველოს ქონება ერთ ლარად იყიდა და გაასხვისა. ეს ადამიანი ქართული სოფლის დასანგრევლად ლაშქრობდა და თურმე დღეს სოფლის მეურნეობის გადარჩენა უნდა. ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას“ ხმა იმ მიზეზითაც მისცა, რომ იგი ელოდებოდა სამართლიანობის აღდგენას. იშვიათად , მაგრამ მაინც ვცემ პიროვნებებს პატივს, რომლებიც ერისთვის იბრძოდნენ, ასეთები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ისინი საქართველოსთვის იბრძოდნენ. სააკაშვილის ყველაზე დიდი დანაშაული ის გახლავთ, რომ ის იყო პირწავარდნილი მტერი საკუთარი ქვეყნის და ყველა იმ ბრძანებას ასრულებდა, რომელსაც ამერიკა თუ ევროვა კარნახობდა.

როგორც ცნობილია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ემზადებიან დესტაბილიზაციისთვის - ღამღამობით იკრიბები და სხვადასხვა მეთოდებით გეგმავენ ხელისუფლების დაბრუნებას. თუ ეს მოხდება, დამიჯერეთ საქართველო ერთ თვეში აღარ იარსებებს.  ამიტომაც ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ ხმა უნდა ავიმაღლოთ და ეს ადამიანები სწორედ ციცხებით უნდა გავუშვათ აქედან.”

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი,ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“):

„ჩვენი ერთადერთი მიზანი არ არის  იმ ადამიანების მხოლოდ პასუხისგებაში მიცემა, ვინც ცხრა წლის განმავლობაში სხვადასხვა უკანონობას სჩადიოდა, არამედ მთავარი ამოცანაა სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ გვინდა ამ პროცესის დაწყება, მაგრამ ხელისუფლება ვერ, თუ არ ახერხებს ამ საკითხის მოგვარებას. ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბერს გაიმარჯვა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას ბოლო არ უჩანს. ჩვენ შევადგინეთ სქემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ პროცესის დაწყება. ამ სქემის ფარგლებში 14 აპროლს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში დავგეგმეთ ფართომასშტაბიანი შეხვედრა. ამ შეხვედრის მიზანი არ იქნება მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა და ძალების დემონსტრირება. გადავწყვიტეთ, საქართველოს ხელისუფლებაზე გარკვეული სახის ძეწოლა მოვახდინოთ. გაკეთდება მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მისცემს პოლიტიკურ, იურიდიულ და მორალურ შეფასებას იმ ცხრაწლიან პერიოდს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა ქვეყანას. მოძრაობის მიერ დელეგირებული ჩვენ მიერ შექმნილი ჯგუფი 15 აპრილს აღნიშნულ მიმართვას პარლამენტს წარუდგენს. ჯგუფში შევა ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ ცხრა წლის განმავლობაში შეელახა ღირსება, ჩამოერთვა უფლება და დარჩა მორალური თუ სხვა სახის კომპენსაციის გარეშე. ეს იქნება სახალხო მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებას იმ პრობლემების მოგვარებას მოსთხოვს, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“.

ვახტანგ მაისაია (პოლიტიკურ მეცნერებათა დოქტორი, ყოფილი პოლიტპატიმარი):

„მე ახლახან დავტოვე მიხეილ სააკაშვილის საკონცენტრაციო ბანაკი და გავხდი თავისუფალი ადამიანი, თუმცა, დღემდე მაქვს განცდა, რომ ვიმყოფები იმ ტყვეობაში, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაადამიანურმა რეჟიმმა მოუწყო ქართველ ერს. ეს იყო 21-ე საუკუნის ფაშიზმი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. აგრეთვე, უნდა მოხდეს ქვეყნის ბიუროკრატიული სისტემის იმ ჯალათებისაგან გაწმენდა, რომლებიც დღემდე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის საბოტაჟს ახორციელებენ. ჩვენ ქართველ საზოგადოებას ყოველ წამს უნდა შევახსენოთ ის დანაშაულები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში. უნდა მოხდეს იმ ძალოვანი უწყებების დაშლა, რომელნიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებზე პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდნენ და შეიქმნას ამ უწყებების დემოკრატიული მოდელები. ჩვენი მიზანია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყება და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. ვაი მას, ვინც წინ გადაგვეღობება და ამის საშუალებას არ მოგვცემს!“

კახა კახიშვილი (არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი):

მოდი, ვთქვათ, თუ რა ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში: მიმდინარეობდა ხალხისთვის ქონების უკანონოდ წართმევა, მოქალაქეების ქუჩაში ჩაცხრილვა, პენიტენციარულ სისტემაში შეგნებულად ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ანგრევდა ადამიანურ ფსიქიკას, ხორციელდებოდა ისეთი პოლიტიკა, რომლის შედეგადაც საქართველოში ქართველები აღარ უნდა ყოფილიყვნენ და იწმინდებოდა ტერიტორია გლობალური პროექტებისთვის. უფლის წყალობით, ქართველმა ხალხმა მოახერხა ამ პროცესის ეტაპობრივად შეჩერება, თუმცა, სააკაშვილის იდეოლოგები კვლავ ცდილობენ საკუთარი პოლიტიკის განხორციელებას.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომლის მიმართაც მე, პირადად, დიდი ნდობა მაქვს  (რასაც ვერ ვიტყვი მის გუნდზე), რომ გადახედოს არსებულ ვითარებას და იმოქმედოს. ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს. ჩვენ კი უნდა ვიყოთ ფხიზლად და ვაკონტროლოთ ჩვენი ხელისუფალი, რომ ხალხის გვერდის ავლით ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა გლობალური პროექტი აღარ განხორციელდეს“.

ზაზა დავითაია (ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი):

„ვუყურებ დარბაზს და ბრძოლის შემდეგ მცირე შესვენებაზე ხეობებსა და ჩრდილებს შეხიზნული დაჭრილი მებრძოლები მგონიხართ. ჩემო ქართველებო, ჩემო გიორგიანნო, ჩემო დაჭრილებო, ჩემო სისხლისაგან დაცლილებო, მაგრამ მაინც ამაყნო, გეორგიანნო, არავინ თქვას, რომ ომი მორჩა. ქართველებს ჯერაც წინ გვაქვს კრწანისი, წინ გვაქვს მარაბდაც.

ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში ახალი ტერმინი შემოვიდა და დამკვიდრდა კიდეც, მას „კოაბიტაცია“ დაარქვეს. ამ სიტყვის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს, მაგრამ მე მისი ჟღერადობა რაღა