პოლიტიკა
სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ფულზე არ იყიდება“

1saak-pollit3საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. როგორც გუშინ, 19 მარტს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა, ხმის მიცემამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც აღნიშნული კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. უმრავლესობის წარმომადგენელ ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა ალტერნატიული წინადადება არ არსებობს, ხოლო რაკი „ალტერნატიულ წინადადებასთან საქმე არ გვაქვს, სარეიტინგო კენჭისყრას არავითარი გამართლება არ აქვს“.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით კი, „უმცირესობა თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაა, აუცილებლად მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე. ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს კეთდება ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მოხდეს სახელმწიფო დესტაბილიზაცია“.

სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძეც, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიანობის დემონსტრირების სურვილს უკავშირებს.

თავის მხრივ, ქვეყნის მეთაური მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა სურს, „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებას „ორივე ხელით უნდა დათანხმდეს“. ამ თემაზე საუბრისას სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფულზე არ იყიდება.

„ბოლო თვეებში ჩვენ გვესმის მთავრობის და უმრავლესობის განცხადებები, რომ 110 ხმა აქვთ, 130 ხმა აქვთ და გარდა 5-6 ტვინგაცხელებულისა, ყველა მისცემთ ხმას. როგორც „კარტოჟნიკები ბლეფობენ“, ისე გვესმის, რომ არ გვინდა ამათი ხმა, მაინც გავიტანთო. ახლა დადგა ჭეშმარიტების მომენტი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, საქართველოში არსებობს თუ არა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ იყიდება – ფულზე ყველაფერი არ იყიდება“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.