პოლიტიკა
დაზვერვის სამსახური პრემიერის დაქვემდებარებაში გადადის

1dazverv-polit2საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის ინფორმაციით, დაზვერვის სამსახური, ისევე, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის დაქვემდებარების სფეროდან გამოიყოფა და მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებად ჩამოყალიბდება.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება ამით არანაირად არ იზღუდება. სხვა კონტექსტში აქვთ გადატანილი ეს ჩვენს კოლეგებს უმცირესობიდან, ვინაიდან არის იგივე შემთხვევა, რაც დაცვის სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონში იყო, ანუ ამ კანონების პირველივე მუხლში წერია, რა არის ეს სამსახურები და წერია, რომ ისინი არიან აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალიზებული დაწესებულებები. დღეს ეს ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტის თაობაზე, რომ იგი არის იმავდროულად ხელმძღვანელი მთავრობისა, არ არის, და მე ვფქირობ, რომ ეს დაწესებულებები აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელ მთავარ კოლეგიალურ ორგანოს – მთავრობას უნდა ექვემდებარებოდნენ უშუალოდ“, – განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები კანონპროექტს მხარს არ უჭერენ.