პოლიტიკა
პირველად 2006 წლის შემდეგ მოსკოვში ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება

1biznesm1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პირველად 2006 წლის შემდეგ, 2013 წლის 8 აპრილს, მოსკოვში ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება. ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორია თბილისში მოქმედი „ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი“ (ЦГРЭС, დირექტორი – გიორგი სეთურიძე).

ფორუმი რუსი პარტნიორების ინიციატივით ტარდება, რფ-ის მხრიდან მასში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები.

ЦГРЭС-ის მონაცემებით, საქართველოს მხრიდან მოსკოვის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკების ასოციაციის, ავიაკომპანია „აირზენას“, ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის წევრი კომპანიების, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

მოსკოვის ფორუმზე ქართული კომპანიები რუს პარტნიორებთან შესაძლო თანამშრომლობის გეგმებს წარადგენენ. ფორუმზე საუბარი იქნება, აგრეთვე, ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროებში, საბანკო სექტორში და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის შესახებ.

როგორც ЦГРЭС-ის დირექტორმა გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, ბევრი ქართული კომპანია დაინტერესებულია რფ-ის სხვადასხვა რეგიონში ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის განახლებით. მან უსაფუძვლო უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში განხორციელდება.

„ჩემი მონაცემებით, ქართული კომპანიები, რომლებსაც რფ-ში პროდუქციის შეტანა სურთ, მიწოდებას სხვადასხვა რეგიონში განახორციელებენ და ამ დროს გაითვალისწინებენ მიწოდების სავაჭრო-ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, პროდუქციაზე მოთხოვნას, ყველა აუცილებელ ბიზნესფაქტორს“, – აღნიშნა მან.

სეთურიძემ განაცხადა, რომ „იმ რეგიონებს შორის, სადაც, პირველ რიგში, აღდგება ქართული ღვინის, მინერალური წყლების, ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტი, იქნება მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, რფ-ის რიგი სხვა ქალაქები მილიონიანი მოსახლეობით, აგრეთვე, სოჭის რეგიონი და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები, სადაც ქართულ პროდუქციაზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო“.

ცნობისათვის: „ქართულ-რუსული ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი“ (ЦГРЭС) ნახევარი წლის წინ შეიქმნა, ცენტრის ხელმძღვანელი სეთურიძე ბოლო თვეებში რამდენჯერმე იმყოფებოდა მოსკოვში და სხვადასხვა უწყებისა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარების საკითხებს განიხილავდა.