პოლიტიკა
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვას არ ესწრებიან უმცირესობის წევრები, რომლებმაც იგი დაზვერვასა და კონტრდაზვერვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის დასრულებამდე დატოვეს.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის საქმიანობას კი, ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველი სამთავრობო გუნდი გააგრძელებს.
„კონსტიტუციაში ნათლად ჩაიწერება, რომ ამის შემდეგ მთავრობის ძველ შემადგენლობას, ანუ მას, რომელსაც პრეზიდენტი გადააყენებს, თუ თავად გადადგება, მთავრობის მოვალეობის შესრულება დაეკისრება. სწორედ ეს მთავრობა გააგრძელებს საქმიანობას მანამდე, სანამ არ შეიქმნება ახალი – პარლამენტის ნდობით აღჭურვილი მთავრობა“, – განმარტა ვახტანგ ხმალაძემ.