აქტუალური
საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლება „Agile spirit 2013“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ერთთვიანი სწავლება სამ ფაზად ჩატარდება. წვრთნების აქტიური ფაზა დღეს დაიწყო და 29 მარტს დასრულდება. ერთობლივი წვრთნები მედიისთვის ღიაა.
ცნობისათვის: სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2013“ საქართველოში მესამედ ტარდება და სამშვიდობო ოპერაციებში ორი ქვეყნის სამხედრო დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დახვეწას ისახავს მიზნად. პირველად ამ სწავლებაში თავად ჟურნალისტებიც მონაწილეობენ. ისინი ავღანეთში ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან.