პუბლიკაციები
ლევან ვასაძე: „ვიცი, რაც მოხდება ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ“

1ANALITIKA-geoსაქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქინფორმი გთავაზობთ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინტერვიუს არამზადებზე, მიამიტ ჯიგრებსა და ვაჟკაცებზე პოლიტიკაში, რომელიც 2013 წლის 20 მარტს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდება. ლევან ვასაძის ნააზრევის სრულ ვერსიას - „ერი და სახელმწიფო“ მკითხველი გაეცნობა „კვირის პალიტრის“ საიტზე.

"პოლიტიკაში სამი კატეგორიის ხალხი მოდის: არამზადები - ძალაუფლებით ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად,  მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან, და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის მადლობას არავინ ეტყვის", - განაცხადა "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ. ლევან ვასაძესთან საუბარი მისი იმ წერილის ("ერი და სახელმწიფო") განხილვით დავიწყეთ, რომელიც სრული სახით ჩვენი გაზეთის ვებგვერდზე - www.kvirispalitra.ge გამოქვეყნდება:

- ბატონო ლევან, მიუხედავად თქვენდამი დიდი ინტერესისა, წლების განმავლობაში არ ჩნდებოდით პრესაში, უარს ამბობთ ინტერვიუებზე და საზოგადოებამ ძალიან ცოტა რამ იცის თქვენზე. რატომ არიდებდით თავს მედიასთან ურთიერთობას?

- ჩემი დამოკიდებულება პრესისადმი ძალიან ლოიალურია, თუმც მრავალი წლის განმავლობაში მე ვარ მსხვერპლი ცილისწამებისა და ჭორებისა. ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი შემთხვევა დავითვალე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების კონტროლირებადი მედია შესაშური რეგულარულობით, 2-3 თვეში ერთხელ, ჩემზე წერდა, რომ პოლიტიკური ამბიცია მაქვს. ადრე იწერებოდა, რომ ეს ამბიციები მქონდა, მერე კი წერდნენ, თითქოს ამის შესახებ განვაცხადე. არც ერთი ეს ჭორი და პუბლიკაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჭკვიანმა ადამიანებმა მირჩიეს, რომ არანაირი აზრი არა აქვს ამ ჭორების უარყოფას. რაც უნდა მეთქვა, მაინც ჩემს წინააღმდეგ მოტრიალდებოდა ყველაფერი. ამიტომაც ვიყავი მთელი წლები ჩუმად.

- თქვენი ბიზნეს- და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ ჩვენს მკითხველს დიდი ინფორმაცია არა აქვს და გვიამბეთ.

- პროფესიით გეოფიზიკოსი ვარ. მე და ლადო გურგენიძე (ყოფილი პრემიერ-მინისტრი) ვიყავით პირველი ქართველები, ვინც გორბაჩოვის დროს ამერიკელებმა წაგვიყვანეს განათლების მისაღებად. კონკურსები გავიარეთ, მოვხვდით პირველ ნაკადში და 1990 წელს განათლების მისაღებად წავედით აშშ-ში. სამოქალაქო ომის დროს თბილისში დავბრუნდი. მთაწმინდაზე პირველი სკოლის უკან ის სახლი დაიწვა, სადაც გავიზარდე. ამ გაჭირვების ჟამს ისევ აშშ-ში წავედი, სადაც ვმუშაობდი კიდეც. 1995 წელს მოსკოვში ჩავედი და იქ გავაგრძელე ჩემი ბიზნესკარიერა. ვიყავი რამდენიმე დასავლური საინვესტიციო ბანკის თანამშრომელი და დირექტორი. მერე კი გავხდი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბიზნესკორპორაციის "Система"-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ეს კორპორაცია არის ერთადერთი კონგლომერატი, რომელიც 2005 წელს გავიდა ლონდონის ბირჟაზე, რაც ძალიან დიდ გამჭვირვალობასა და ცივილიზებულობის ხარისხს მოითხოვს. ეს ძალიან დიდი კონცერნია, 130 ათასი კაცი მუშაობს მასში და წელიწადში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი აქვს ბრუნვა. ყველა ამ მასშტაბის კონცერნი რუსეთში წიაღისეულის მოპოვებასა და გაყიდვას ეწევა. ეს ბიზნესი "Система"-საც აქვს, მაგრამ ეს არ არის მისი ძირითადი მიმართულება.

მისი მთავარი ბიზნესებია ტელეკომუნიკაციები, ფიჭური და ფიქსირებული კავშირგაბმულობა, ჰაიტეკი და ელექტრონიკის წარმოება. 2007 წელს რუსეთში ბიზნესსაქმიანობას თავი დავანებე და ოჯახით ინგლისში წავედი. 2007-2008 წლებში ლონდონში ვსაქმიანობდი, 2009 წლიდან კი საქართველოში ვცხოვრობ ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა ბიზნესები და პროექტები, ძირითადად, უცხოეთში მაქვს. საქართველოში ჩემი ბიზნესსაქმიანობა ნახევრად პატრიოტულია და შეიძლება მას ალტრუისტულიც ვუწოდოთ. ჩვენი ჯგუფი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს საქართველოში. მათ შორის არის "ბაგრატიონი 1882", ეს პროექტი დიდი სოციალური დატვირთვისაა  და გულით გავაკეთეთ. უცხოელი ტექნოლოგები მოვიწვიეთ თბილისში. 140 ჰა ვენახი გავაშენეთ და კიდევ 100 ჰა-ს გაშენებას ვგეგმავთ. ძირითადად, ექსპორტზე ვმუშაობთ უკრაინაში, ჩინეთში, აშშ-ში, გერმანიაში გაგვაქვს ღვინო. ახლა რუსული ბაზარი იხსნება და ესეც, ალბათ, დაგვეხმარება. ასევე მაქვს საყვარელი და მნიშვნელოვანი ბიზნესპროექტი, რომელიც ფაქტობრივად ქველმოქმედებაა - ეროვნული სამოსის კომპანია "სამოსელი პირველი". ჯერჯერობით ორი მაღაზია გვაქვს გახსნილი ჭავჭავაძისა და შარდენის ქუჩებზე, იმედია, კიდევ გავხსნით. ამ პროექტს გადაყოლილები ვართ და ძალიან გვიყვარს. ასევე მაქვს სარესტორნო ბიზნესი. ჩემი ძირითადი პროექტები საქართველოში ბიზნესის სფეროს არ ეხება. უფრო მეტად სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტებში ვარ ჩართული.

3 სკოლა დავაარსეთ.  კიკეთში დავაარსეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებელი, სადაც შევიმუშავეთ სპეციალური საგანმანათლებლო აღმზრდელობითი სისტემა, რომელიც 4 ბლოკისაგან შედგება: აკადემიური განათლება, სპორტი და ათლეტიკა, სასულიერო- ზნეობრივი განვითარება და ასევე ბავშვების შრომითი განვითარება. მსგავსი სკოლები თი-ბი-სისთან ერთად ავაშენეთ წეროვანსა და სენაკში. სენაკის სკოლაზე გარკვეულ მეთოდოლოგიურ-აკადემიურ კურატორობას ახორციელებს კიკეთის სკოლა. ეს ჩემთვის უმთავრესი საქმეა. ჩემი შვილები ინგლისში სწავლობდნენ და მე და ჩემმა მეუღლემ, ნინომ გადავწყვიტეთ, რომ სჯობდა ისინი საქართველოში გაზრდილიყვნენ. შვიდი შვილი მყავს, ოთხი ბიჭი და სამი გოგო: შიო (ირაკლი)  (ეს მამაჩემისა და ჩემი მოძღვრის სახელია), გიორგი, თამარი, ნიკოლოზი, ეკატერინე, ილია და მარიამი. ჩემი მეექვსე და მეშვიდე შვილის ნათლია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.

- დარიალის ხეობაში სამონასტრო კომპლექსის აშენება თქვენი იდეა იყო?

- ხილვით მოცემული (რომელიც პატრიარქის მამას ჰქონდა) განჩინებაა, რომ დარიალში მონასტერი აშენებულიყო. სხვათა შორის, ჩემმა მშობლებმა დარიალის ხეობაში, სტუდენტურ ალპინიადაზე გაიცნეს ერთმანეთი. საქართველო ბევრი უსახელო ხუროს ქვეყანაა. არსად არის ამდენი ტაძარი, რომლის ამშენებლის სახელიც არავინ იცის და არც მე ვარ დარიალის სამონასტრო კომპლექსის აღმშენებელი. ღმერთმა გადმომხედა და რაღაც მონაწილეობა მივიღე მის აშენებაში. ამას ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მოგახსენებთ. სამონასტრო კომპლექსი ძალიან დიდია და კიდევ ასი წელი დასჭირდება მის დასრულებას.

- თქვენი წერილი "ერი და სახელმწიფო" ქართველი ერისა და სახელმწიფოს წარსულისა და აწმყოს შეფასება და მომავლის ხედვაა. რა იყო ამ წერილის დაწერის მიზეზი და მიზანი?

- ეს წერილი იმდენად ვრცელია, მის გამოქვეყნებას გაზეთის ერთი ნომერი არ ეყოფოდა და თქვენი რედაქციის მადლობელი ვარ, რომ ეს წერილი სრულად "კვირის პალიტრის" საიტზე გამოქვეყნდება.

საზოგადოდ, ძალიან მიყვარს წერა და კითხვა. 4 წლისა, როდესაც წერა-კითხვა არ ვიცოდი, ლექსებს ვამბობდი, რომელსაც ბებიაჩემი იწერდა. 90-იანი წლების დასაწყისში "ზემელზე" კინოს სახლში პოეზიის სალონი გვქონდა მე და ჩემი თაობის პოეტებს. ბიზნესსკოლაში რომ მომიწია წასვლამ, ძმაკაცები დამცინოდნენ, გიჟპოეტა ლევანისგან რა ბუღალტერი უნდა გამოვიდესო. ჩვენი თაობის ბიზნესმენებს  მემკვიდრეობით არ მიუღიათ ბიზნესები.

20 წლის წინ სიტყვა ბიზნესიც არ ვიცოდით. სისტემა დაინგრა და ჩემს თაობას, ვისაც ადარდებდა მშობლებისთვის როგორ მოევლო და რა ეჭმია, საშოვარზე წასვლამ მოუწია.  ჩემთვის, როგორც გეოფიზიკოსისთვის, ფინანსები უცხო არ იყო, მაგრამ ბიზნესის დაწყების მოტივაცია სოციალური ფონი და ახლობლების წინაშე პასუხისმგებლობა გახდა. თუმცა დღემდე ჩემი საყვარელი საქმე ლექსის წერა და კითხვაა. პუბლიცისტიკაში მე ახალბედა ვარ. ჩემი წერილი სამნაწილიანია. პირველი ნაწილი არის გააზრება იმისა, როგორი იყო ეპოქათა ცვლა საქართველოში. წავიდა საბჭოთა სოციალისტური სისტემა და შემოვიდა კონსიუმერისტული,  სამომხმარებლო დასავლური სისტემა. ერთი იდეოლოგიის მეორით ასეთი ჩანაცვლება ჩვენი ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრი მომხდარა. ჩვენ, უძველეს ერს, ყოველი ახალი იდეოლოგია გვეუბნებოდა - გათავისუფლდით ძველისაგან. რაც აქამდე იყო, ყველაფერი ცუდია და მე ვარ ყველაზე კარგიო. ეპოქათა ასეთ ცვლაში უნდა ვიფიქროთ, ვინ ვართ. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი შავრაზმელები და არ უნდა ვთქვათ, რაც ახალია, ცუდიაო. უამრავი კარგი რამ მოდის ახალთან ერთად, მაგრამ ისიც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ახალს ყველაფერი სუფთა, კარგი და მარგებელი მოაქვს. ამის განურჩევლად მიღება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანს. ჩემი წერილი მცდელობაა დასავლეთის ავკარგიანობის გარჩევისა. დღეს ისეთი ვითარებაა, დასავლეთს ვინც აკრიტიკებს, აბრალებენ, რომ რუსეთი უნდა და კა-გე-ბეს აგენტია.

გვეუბნებიან, არც კი გაბედოთ, რომ დასავლეთი, როგორც აბსოლუტური კერპი, ეჭვქვეშ დააყენოთო. ეს შეცდომაა. ვენაცვალე დასავლეთს, მაგრამ გავარჩიოთ, რა აქვს კარგი და ჩვენს მსოფლმხედველობასთან, ჩვენს ტრადიციებსა და ცხოვრების წესთან თავსებადი. ვინც ასე თავს მოგვახვევს თავის იდეოლოგიას, რით განსხვავდება ბოლშევიკებისაგან, რომლებიც გვეუბნებოდნენ, ოსმალებისგან გადაგარჩენთ, ოღონდ დაგვემონეთო. ყველა ქართველი რომ დამორჩილებოდა მათ იდეოლოგიას, დღეს რა ვიქნებოდით? გამომრჩევლობა გვმართებს. უნდა მივიღოთ ის, რაც გვარგია და რაც არა, ის უკუვაგდოთ. ყველა ახალ იდეოლოგიას საერთო ისა აქვს, რომ ყველა აბსოლუტურ, თავდახრილ მორჩილებას ითხოვს. ყველაფერში თუ არ დაემორჩილე, მტერი ხარ.

ჩემი წერილის მეორე ნაწილი სააკაშვილის მმართველობის ანალიზია. ჩემი ამოცანა არ არის პერსონალიებზე შეტევა და მათი კრიტიკა, მაგრამ უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მსოფლმხედველობისთვის სახიფათო ვექტორი აირჩია. დანერგა უსამართლობა და ადამიანის ღირსება ფეხქვეშ გათელა. არსად ყოფილა მსოფლიოში, რომ 9960 ბიზნესმენს 9 წლის განმავლობაში თავისი ქონება და ბიზნესი სახელმწიფოსთვის ეჩუქებინოს, ჩვენთან კი მოხდა.

წერილის მესამე ნაწილში კი მოცემულია ჩემი ნაფიქრი საქართველოს მომავალ განვითარებაზე.

მსოფლიოში ხუთი ათასი ერი და ორასიოდე სახელმწიფოა. ჩვენ ერების იმ 3%-ში ვართ, რომელსაც სახელმწიფოებრიობა მიეცა. მორწმუნე, ალბათ, იტყვის სახელმწიფო ღმერთმა მოგვცაო, ათეისტი კი - ისტორიულმა გარემოებებმაო, მაგრამ რისთვის მოგვეცა ქართველებს სახელმწიფოებრიობა და რა უნდა ვაკეთოთ აწი? რატომ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა გარკვეული პერიოდით და რატომ დაგვიბრუნდა? სახელმწიფოებრიობა ჯილდოა თუ პასუხისმგებლობა? აი, ესაა ჩემი მსჯელობის საგანი.

- სააკაშვილის ხელისუფლების გაცხადებული კურსი პროდასავლური იყო, მაგრამ რეალურად რამდენად მივდიოდით ჩვენ დასავლეთისკენ?

- თანამედროვე, მოაზროვნე ქართველს წარმოუდგენელია, დასავლური კულტურა არ აინტერესებდეს. თუ ვერ ხედავ იმ პლუსებს, რაც დასავლეთმა, მისმა კულტურამ მისცა ადამიანს, ან არაგულწრფელი ხარ, ან ბეცი. კულტურა, არქიტექტურა, ესთეტიკა, მწერლობა, პიროვნების გასაქანი - ეს დასავლეთის მიმზიდველი მხარეებია. საბჭოთა სატუსაღოში მოქცეულნი ამ ყველაფერს ვნატრობდით. მე დასავლეთის მეხოტბეთა რიცხვს განვეკუთვნები. მიყვარს ჰემინგუეი, პიკასო, "ბარსელონა", მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი დასავლური კერპად აქციო და მიიჩნიო, იქ ყველაფერი კარგია. მე, ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც აშშ-ში წავედი და იქ წლები ვიცხოვრე, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ისტორიული დასავლეთი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, სხვაა და სხვაა - თანამედროვე დასავლეთი, რომლის ვარდნისა და ფასეულობების დეკადანსის ნიშნები ბოლო 50 წელია ძალიან თვალსაჩინოა.

ოჯახი, რითაც ადამიანი ბედნიერია, დასავლეთში მარცხდება.

 

სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეორე ოჯახი ინგრევა. ყველაზე "თავისუფალ" ქვეყანაში აშშ-ში, ყველაზე მეტი პატიმარია. არნახულია გარყვნილების  ფორმები და გვეუბნებიან, - ეს ყველაფერი მიიღეთო, რომ ახალგაზრდამ უნდა იცხოვროს გარყვნილი სექსუალური ცხოვრებით, რათა დაღვინდეს და მერე შექმნას სტაბილური ოჯახი. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ეს დოქტრინა რომ სწორი იყოს, რატომ ინგრევა ოჯახების ნახევარზე მეტი? რატომ არა აქვს ლოგიკური აზროვნების მქონე დასავლეთს ამაზე სწორი პასუხი? კაცობრიობამ კარგა ხანია იცის, რაც ღრმად შედიხარ ცოდვაში, მით უფრო ძნელად აღწევ მას თავს. პედოფილების დასაცავად პოლიტიკური მოძრაობები იქმნება, რომ სექსუალური კავშირის დასაშვები ასაკი 12-14 წლამდე დასწიონ. სტაბილურ და კეთილდღეობით მცხოვრებ დასავლეთის ქვეყნებში რატომ  არის ყველაზე მაღალი თვითმკვლელობების სტატისტიკა? ყველაზე მეტი ბავშვი ძალადობრივად აშშ-სა და კანადაში იხოცება. ანტიდეპრესიული, ნახევრად ნარკოტიკული მედიკამენტების მოხმარება, რომელიც ადამიანის წამალზე დამოკიდებულებას იწვევს, ყველაზე მაღალი იქაა. საკრედიტო ვალებში მყოფი მოსახლეობა ბევრად მეტ მონობაში ცხოვრობს თავისუფლების დროშის ქვეშ, ვიდრე ჩვენ, ვისაც ჯერ ასეთი პრობლემები არა გვაქვს. დასავლეთის ქვეყნები სულ ცდილობენ ეკონომიკურ გამდიდრებას და უპირველესად გაკოტრების კანდიდატები სწორედ ისინი არიან. მიყვარს, მაინტერესებს დასავლეთი, მაგრამ ამ ფაქტებს რა ვუყოთ? აზროვნებაზე უარი ვთქვათ და ბრმად მივენდოთ? ჩვენგან ითხოვენ, - თუ გინდათ, ევროკავშირში შემოხვიდეთ, ყველაფერი დასავლური უნდა მიიღოთო. რატომ უნდა მივიღო ყველაფერი?

დასავლეთში აღარ არსებობს ცოდვის ცნება. რელიგიურობა დასაცინი და ჩამორჩენილობის ნიშანი გახდა.

ქართული კულტურა კი ასე არ მიიჩნევს. ათეისტურ იმპერიაში გავიზარდე, მაგრამ ოჯახებში იყო შენახული ზნეობა და ღმერთის შიში. უნდა გამოვიდეთ დასავლეთის თავდახრილობიდან. შევხედოთ დასავლურ იდეოლოგიას, როგორც საინტერესოს, რაღაცებში ჩვენთვის მარგებელს, მაგრამ რაღაცებში ჩვენთვის მავნებელ იდეოლოგიას. დასავლეთისგან ავიღოთ, რაც ჩვენთვის სასარგებლოა. მივცეთ საკუთარ თავს სელექციის, სელექტიური ვესტერნიზაციის უფლება. ხომ არიან დასავლეთში ლიბერალები და აზრთა სხვადასხვაობა მათთვის მისაღებია, შეეგუონ იმას, რომ ჩვენ არ მოგვწონს ზედმიწევნით ის, რაც მათ მოსწონთ.

- საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის მომავალს როგორ ხედავთ?

- კეთილი ნების შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია არ წაიღოს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად დაგინებული აღიარება უკან, მაგრამ არც ხელი შეუშალოს ჩვენს მათთან შერიგებასა და რეინტეგრაციას. ეს ლოგიკურად სავსებით თავსებადი ცნებებია, რადგან ოსეთის სახელმწიფოებრიობა რუსეთს უხერხულობას უქმნის. ამ ხაფანგის საშიშროებას რუსები ნელ-ნელა მიხვდებიან, თუ უკვე არ მიხვდნენ. და თუ არ მიხვდებიან, მაშინ დიდი გაჭირვება ელოდებათ. საქართველო მაინც აუცილებლად გამთლიანდება და ჩვენი სახელმწიფოსათვის ბევრად მომგებიანი იქნება, თუ ეს მოხდება არა რუსეთის ნგრევის, არამედ მისი კეთილგონიერების ფონზე.

ჩვენც უკომპრომისოები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს, სამაჩაბლოსა და აფხაზეთს ეხება, მაგრამ უაზროდ რუსების გინებას, ჯობია, თავს მივხედოთ. ორმხრივი შეცდომების შედეგად, რუსეთი ქართული სახელმწიფოს მოწინააღმდეგედ ჩამოყალიბდა.

თანამედროვე რუსეთის მიმდინარე დაშლის პირველი სამი ეტაპი - რომანოვთა იმპერია, ვარშავის ბლოკის ქვეყნების ბუფერული ზონა და საბჭოთა კავშირი - დიდი სისხლიანობით გავიარეთ და სამწუხაროდ, თავად ფედერაციის დაშლის აპოკალიფსური მოლოდინი აშკარად სახეზეა ჩეჩნეთისა და დაღესტნის უხორცებელი სეპარატისტული ჭრილობების სახით. ჩვენი მოძმე ეს და სხვა კავკასიელი ერები თვითგამორკვევის ურთულეს პროცესში იმყოფებიან და საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერეოდეს ამ კონფლიქტებში, ამით იგი კრემლს დაემსგავსება, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ერევა ამგვარ პროცესებში. ჩვენ, როგორც აქამდე გვიკეთებია, მეგობრობისა და ჰუმანიტარული თანადგომის ხელი უნდა გავუწოდოთ ყველა გაჭირვებულ ჩვენს მეზობელსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ ფარისევლურად მეზობლად მიმდინარე სეპარატისტულ ომებში რომელიმე მხარის თანადგომა კარგს არაფერს  მოგვიტანს.

რუსეთის მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება სხვა არაფერია, თუ არა თავად რუსეთში არსებული საკუთარი ქვეყნის დაშლის შინაგანი შიშის რეფლექსი. ამ შიშის სავალალო, ირაციონალური და მაზოხისტური პროექცია ისურვა კრემლმა ჩვენს სახელმწიფოზე, სამწუხაროდ, არა ჩვენი სიშტერისა თუ ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული ღალატის გარეშე. აბა, ირაციონალიზმის გარდა სხვა რით აიხსნება რუსეთის მიერ თვითმავნებლური გამოცხადება იმისა, რომ ოსებს, რომელთა 95%-ზე მეტიც რუსეთში ცხოვრობს, ეკუთვნით საკუთარი სახელმწიფო? - საკუთარი ემოციური სიშტერის ხაფანგი, ან დერჟიმორდობით შენიღბული რუსეთის ინტერესების ცინიკური ღალატი, რომლის შედეგებსაც ოკუპანტის საერთაშორისო სტატუსში ჩავარდნილი რუსეთი, სამწუხაროდ, მხოლოდ მძიმე დანაკარგებით თუ დააღწევს თავს, თუ რამეს სასწრაფოდ თავად არ იღონებს ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

მიუხედავად ყველაფრისა, გავბედავ და თანამედროვე საქართველოში უაღრესად არაპოპულარულ და სახიფათო აზრს ვიტყვი:

ერთმორწმუნე რუსები კულტურულადაც და ზნეობრივადაც ჩვენი მტრები კი არა, ჩვენი მოკავშირეები არიან და ორივე ერის ძალიან დიდი შეცდომა და ამ ერების მტრული ძალების დიდი ჩალიჩის შედეგია ჩვენი ასეთ დაპირისპირებამდე მისვლა. საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ძირძველი მიწების წართმევას და სანამ რუსეთი არ მიხვდება, რომ მას საქართველოს ნამსხვრევების ნაცვლად თავად საქართველოსთან სჭირდება მოკავშირეობა, მანამდე იქნება ორივე ქვეყანა გაჩხერილი ამ ორივესათვის უაღრესად მავნებელ ჩიხში.

იცით, გაეროს დასკვნების შესახებ? საგანგაშოა მათი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან  დაკავშირებით. გვგონია, რომ 2050 წელი შორსაა, როდესაც გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 32%-ით შემცირდება და სწორედ ქართველების ხარჯზე. ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება. საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია.

ჩვენი ორი ეთნიკური რეგიონის - ახალქალაქისა და მარნეულის ინტეგრაციაზე წლებია ვფიქრობ. კონსულტაციებს გავდივარ სულიერ მამებთან, ჩემზე ჭკვიან ხალხთან, და მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მომზადდეს ორი პროექტი. რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ამით სომხებს მივცემთ კოლოსალურ შემოსავალს, მშენებლობაზე დავასაქმებთ, რძეს და კარტოფილს მოგვყიდიან და შემოსავალი გაუჩნდებათ. ამით მათი ინტეგრაციაც მოხდება, ქართულს უკეთ ისწავლიან და ბევრად კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში.