საზოგადოება
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე საქართველოს ძირითად პარტნიორ აშშ-სა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხს შეეხო.
„მინდა, ჩავიდე მეგობარ ქვეყანასთან გამართული წელით და მათ ვაჩვენო, რომ მოვიყვანეთ ძალიან კარგი გუნდი, რომ კარგი ხელწერა გვაქვს და ვიქნებით კარგი პარტნიორი აშშ-თვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გაუღრმავდეთ ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ დაიწყო ურთიერთობის პირველი ეტაპი – სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები, რაც ძველ ხელისუფლებას არ მოსწონს. „რასაც თვითონ ხელოვნურად ბლოკავდნენ, ბუნებრივად ვითარდება და არ სიამოვნებთ. ამას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ვერ შეაჩერებენ ამ პროცესებს. თუმცა, გლობალურად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მეგობრული ურთიერთობის დამყარება რუსეთან ვერ მოხდება 5 წუთში. ძირითადი საწყისი, რისი ოპტიმიზმიც გამაჩნდა, გამართლდა – სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები იწყება და გაღრმავდება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება წინ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნებას. ამასთან, იგი იმედოვნებს, რომ ქვეყანა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებასაც მოახერხებს.