პოლიტიკა
„პოლიტიკური რყევები კავკასიაში“

FP-politikaa2საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. გამოცემა „Foreign Policy“ აქვეყნებს კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტის – თომას დე ვაალის, სტატიას სათაურით „პოლიტიკური რყევები კავკასიაში“, სადაც სტატიის ავტორი კავკასიის სამ რეგიონში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში – ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც თომას დე ვაალი აღნიშნავს, 1990-იან წლებში თითოეულ ამ ქვეყანას დიდი პოლიტიკური ტურბულენტურობის გამოცდილება აქვს, თუმცა, წლების განმავლობაში წარმოჩნდებოდა, თითქოს ხალხმა საზოგადოებრივი ჩართულობისადმი რწმენა დაკარგა და ეგუებოდა, აეტანა ნებისმიერი მმართველი, ვინც მცირე სტაბილურობის გარანტიას მაინც მისცემდა. ახლა კი უმოქმედობის გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება ისევ დაბრუნდა.

„საქართველოსკენ ყურებისას, – წერს ვაალი, – ბევრი სომეხი, აზერბაიჯანი და რუსი დემოკრატიის ცუდ რეკლამას ხედავს. გასული წლის ოქტომბერში ქართველებმა ისტორიული არჩევნები ჩაატარეს, რომელშიც მმართველი პარტია პირველად დამარცხდა და ძალაუფლება მშვიდობიანად გადავიდა ოპოზიციური კოალიცია  „ქართული ოცნების“ ხელში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. მას მერე ქვეყანა ივანიშვილის მთავრობასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის არსებულ მტკივნეულ კოაბიტაციაშია“.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ყოველი დღე თავისებური პოლიტიკური მელოდრამის მომტანია: ორმხრივი ბრალდებების, საკონსტიტუციური საკითხებზე ვაჭრობის, უცხოელი ვიზიტორებისადმი დემარშის, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებისა და ქუჩაში დაპირისპირებისაც კი, როცა პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა.

„ქვეყნის შიგნით განწყობა არც ისე ტურბულენტურია, როგორც ვარაუდობენ. იუსტიციის შთამბეჭდავმა ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა მითხრა, რომ წინა მინისტრის დროს მომუშავე თანამშრომლების 98% შეინარჩუნა. გარდა ამისა, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა განზე გადგა, უპასუხისმგებლო და სულ უფრო შეურაცხმყოფელი გახდა. ქართველები მზად იყვნენ ცვლილებებისთვის“, – წერს ვაალი.

ავტორს მიაჩნია, რომ ძალაუფლების ცვლილება ქვეყანას მისცემს საშუალებას, ბევრი გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდეს, როგორიც სასამართლო სისტემა, ფარული მონოპოლია და სოფლის მეურნეობის საკითხია. საქართველოს ისეთივე სტრუქტურული დეფიციტი აქვს, როგორც მის პოსტსაბჭოთა მეზობლებს – კონტროლისა და ბალანსის ქრონიკული ნაკლებობა. ამ საკითხში ივანიშვილს ცუდი სასტარტო პოზიციები ჰქონდა. მაგრამ თუ მისი მთავრობა თავს აარიდებს ზოგიერთ ძირითად პრობლემას, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია, იყოს წარმატებული.

ივანიშვილთან დაკავშირებით კი ვაალი წერს: „ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კარგი იქნება, თუ ივანიშვილი საერთოდ არაფერს გააკეთებს. ასე მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი მთავრობა არ ჩაერევა საქართველოს სატელევიზიო არხების მუშაობაში; თუ ივანიშვილი თავისივე გეგმით იმოქმედებს – გადაახალისოს ადგილობრივი თვითმმართველობა, შექმნას 300 მუნიციპალიტეტი და დაამყაროს რეგიონული დემოკრატია საქართველოში, რითაც მძიმე დარტყმას მიაყენებს თბილისის პატრიარქალურ ხელისუფლებას“.

„საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის უდიდესი ტესტი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, – აღნიშნავს თომას დე ვაალი. – ახალი პრეზიდენტი კვლავაც სახელმწიფოს თავკაცი იქნება, თუმცა შემცირებული ძალაუფლებით“.

„რა თქმა უნდა, ქართული პოლიტიკა ქაოტური და დრამატულია, თუმცა, კიდევ უფრო უარესია მისი ალტერნატივა. უმჯობესია, მწვავე დებატები პარლამენტში ან ტელევიზიით ვიხილოთ, ვიდრე ქუჩებში. როგორც ჩანს, ქვეყანა ისწრაფვის ნასიმ ტალების თეორიის – „ანტისიმყიფის“, მიღწევისკენ. რამდენადაც მეზობელი ლიდერები ფეხქვეშ უფრო მყარი ნიადაგისკენ იცქირებიან, მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს ბევრი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ აქვს“, – ნათქვამია ვაალის სტატიაში.