საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. დღეს უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელსაც იგი დადებითად აფასებს.
ნათქვამის დასადასტურებლად კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნიდან რამდენიმე ციტატა წაიკითხა. მათ შორის, ისიც, სადაც ხაზგასმით იყო საუბარი სასამართლო ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის თაობაზე. „საბჭოს ყველა წევრის ვადაზე ადრე შეცვლა დანერგავს იმის პრეცედენტს, რომ ყოველ ახალ მთავრობასა თუ პარლამენტს შეეძლება საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. ძალიან ბევრ შემთხვევაში ასეთი ცვლილება, განსაკუთრებით, მცირე ვადაში, აღძრავს იმის ეჭვს, რომ რეალური განზრახვა შეიძლება იყოს საბჭოს მიმდინარე საქმეებზე ზეგავლენის მოხდენა“, – ნათქვამია დასკვნაში.
კუბლაშვილის განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამოღებული იქნეს ის მუხლი, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველ შემადგენლობას შეუწყდება უფლებამოსილება. „ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას მიეცეს მანდატის დასრულების შესაძებლობა“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.