რელიგია
საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის სპეციალური პარაკლისები ჩატარდება

specparaklisi-religia1საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე იქადაგა, ხალხს გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში დღეიდან, 11 მარტიდან, ყოველდღიურად სპეციალური  პარაკლისები ჩატარდება საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის.

ყოველდღიური პარაკლისები  19.00 საათზე დაიწყება. ყოველ ორშაბათს აღევლინება წმიდა სამების პარაკლისი საქართველოს კეთილდღეობისა და გადარჩენისთვის; სამშაბათს კი –  ბავშვებისთვის. უწმიდესმა მრევლს მოუწოდა, სამშაბათობით ბავშვები ტაძრებში მიიყვანონ. ყოველ ოთხშაბათს იქნება ჯვრის პარაკლისი და ამ დღეს სასულიერო პირები ავადმყოფებისთვის ილოცებენ. ყოველ ხუთშაბათს ღვთისმშობლის პარაკლისი ჩატარდება  ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის მშვიდობისთვის. ყოველ პარასკევს  – ყოველთა წმინდათა პარაკლისი ერის, ეკლესიისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. შაბათობით მიცვალებულთათვის დიდი პანაშვიდი იგეგმება, კვირა დღეს კი, აღევლინება წმიდა სამების პარაკლისი მსოფლიოსთვის. სასულიერო პირები მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცებენ.