პუბლიკაციები
ნანა დევდარიანი: „ნაცმოძრაობამ“ 19 აპრილის აქცია 2 თვით ადრე დააანონსა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებასთან ივაჭროს!“

analitNEW-nanaსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის სტუმარია საქართველოს ექს-ომბუდსმენი, ცესკოს ექს-თავმჯდომარე, ორი მოწვევის ექს-პარლამენტარი, თბილისის საკრებულოს ექს-მდივანი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ დავით V შვილიშვილი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი ნანა დევდარიანი.

- ქალბატონო ნანა, როგორ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს?

- საკმაოდ მძიმე ვითარებაა იმათთვის, ვინც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას სულმოუთქმელად ელოდებოდა. მე ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ ეს არის ფუჭი მოლოდინი, რადგანაც ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებით არაფერი მთავრდება, პირიქით, ყველაფერი მხოლოდ იწყება, იმიტომ, რომ კიდევ ერთ წელიწადს სააკაშვილი  პრეზიდენტის რანგში რჩება. ამდენად, ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად თავს იჩენს, ჩემთვის მოულოდნელი არ არის. ის ადამიანები, ვინც ცხრა წლის განმავლობაში სამართლიანობის აღდგენას და ვითარების გაუმჯობესებას მოთმინებით ელოდებოდნენ, დღეს, გარკვეულწილად, გაღიზიანებულნი არიან. განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებაში, რომელიც პირველ ოქტომბრამდე ნულოვანი ტოლერანტობის რეჟიმში მუშაობდა და დღეს, როდესაც საქმე ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახეებს, 100%-იანი ტოლერანტობის რეჟიმზე გადავიდა. ის შეხვედრა, რომელიც ივანიშვილსა და კუბლაშვილს შორის შედგა, შეიძლება კარგი ჟესტი იყო დასავლეთისთვის და დემოკრატიული თვალსაზრისით, მაგრამ იგი მოსახლეობაში ძალიან არაერთგვაროვნად არის აღქმული და ადამიანები უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ბევრ პრობლემას და უბედურებას სწორედ სასამართლოს აბრალებდნენ.

- დაგეთანხმებით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ სასამართლო ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს?

- თავსმოხვეული ვითომ კოაბიტაციური და თანაარსებობის პროცესის შედეგია ის, რაც ხდება. ხალხმა იმიტომ არ უთხრა უარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ახლა ამ ორი ძალის თანაარსებობით დატკბეს. ამიტომ ის მოლოდინები და იმედგაცრუებები, რომლებიც საზოგადოებაშია, სრულიად ლოგიკურია. თანაარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს რაღაც  აპატიო. თანაარსებობას აქვს სხვადასხვა ფორმულა და ის, რომ ვიღაცის მოსაწონად და გასახარებლად თანაარსებობა იყოს ორ პოლიტიკურ ძალას შორის ისეთი, რომ შედეგად არაფერი შეიცვალოს, ეს ამომრჩეველში გულისწყრომას აუცილებლად გამოიწვევს. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, კარგ შედეგს არ მოიტანს.

- ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებთან დაკავშირებით ჩვენ  ევროპელი დიპლომატების კომენტარებიც მოვისმინეთ, რომლებიც, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესს. ეს ფაქტორიც ხომ არ უშლის ხელს „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენაში?

- დიახ, ასეა ნამდვილად. იყო მსგავსი განცხადებები და, აგრეთვე, დახურულ კარს მიღმა სხვადასხვა შეხვედრა. დიპლომატები გარკვეულ მესიჯებს ახმიანებენ, ერთი ბანაკიდან მეორეში მიდიან და მოდიან – ეს უმიზეზოდ არ ხდება. მოდი, გავიხსენოთ, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა, დასავლეთს ყველაფერი მოსწონდა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ის ევროპელებს ფაქტის წინაშე აყენებდა ხოლმე. მერე კრიტიკას აზრი აღარ ჰქონდა. თუ ახალ ხელისუფლებასაც უნარი არ აღმოაჩნდა, რომ დასავლეთი რაღაც საკითხებში ფაქტის წინაშე დააყენოს, სულ ასეთი მდგომარეობა იქნება.

- ქალბატონო ნანა, საქართველოს პარლამენტმა „ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით“  რეზოლუცია 96 ხმით დაამტკიცა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი?

- თავისთავად დეკლარირება იმისა, რომ ჩვენი მისწრაფებები არის ამერიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ამას მუდმივად ამბობენ, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, რა შემხვედრი ნაბიჯები გადადგა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ეს ახირება შეუსრულეს. რად უნდა ამას რეზოლუციების მიღება?! ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ქვეყნის საგარეო კურსს პარლამენტი განსაზღვრავს. ეს დღევანდელი პარლამენტია ასეთი კონფიგურაციის, ხვალ სხვა კონფიგურაციის პარლამენტი იქნება და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს ის თვითონ განსაზღვრავს. გაუგებარია, რა მოაქვს ამ რეზოლუციას იმის გარდა, რომ ის რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ“ გაახმიანა. უფრო სიღრმისეულად აღარ ვამბობ, თუ რას გვაძლევს ეს ახირებული ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ამაზე არაერთხელ მითქვამს და დამიწერია.

- შესაძლოა თუ არა ამ დოკუმენტმა რუსეთის ერთგვარი გულისწყრომა გამოიწვიოს?

- არ მგონია. ეს თვალნათელი პროცესია და არა ფარული. რუსეთის იმაზე მეტ გაღიზიანებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავისი ქცევითა და გამონათქვამებით ახერხებდა, ვერავინ შეძლებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან უახლოეს პერსპექტივაში არანაირი ინტეგრაციის ნიშნები არ ჩანს, მეორე მხრივ, ჩვენ მთავარი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი, ისეთი, როგორიც არის, რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და მათი რეინტეგრაცია. ამდენად, მე ვთვლი, რომ პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა, ილაპარაკო ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, როდესაც საქართველოში რეინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯი არ გაქვს წინ გადადგმული (თუ არ ჩავთვლით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას). შეხვედრის დონე სპეციალურ წარმომადგენელსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის უკვე თავისთავად მეტყველებს, რომ ეს არ არის ნომერ პირველი რიგის ამოცანა. თუ გვინდა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები მოვაგვაროთ და გარკვეულ შეთანხმებებს მივაღწიოთ, შეხვედრის დონე უნდა იყოს გაცილებით მაღალი. თუ იმას ვიძახით, რომ ჩვენი უპირობო პრიორიტეტია ევროატლანტიკური სივრცე, მაშინ გამოდის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნის პრიორიტეტი აღარ არის.

მიმაჩნია, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო რეზოლუცია, რომლის შესაძლო პრაქტიკულ შედეგებს მე ამ წუთისთვის ვერ ვხედავ.

- როგორ უყურებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს და ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს?

- ჯერჯერობით ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან მხოლოდ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით არის გადადგმული ნაბიჯები. მოდი, პირდაპირ ვთქვათ – რომ არა სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ახირება, ეს გაცილებით ადრე შეიძლებოდა მომხდარიყო. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი ჯერჯერობით არაფრისმომტანი არ არის. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან – მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ქვეყნებს შორის არც სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვეტილა და არც საქონელბრუნვა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე მოგვარდა – ომი ჩვეულებრივ გრძელდებოდა. ამიტომ ამ საკითხების განხილვა პოლიტიკური დარეგულირების თვალსაზრისით უშედეგოა.

- ქალბატონო ნანა, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არსებობს ე.წ. წითელი ხაზები და ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ თუ  ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან სწორედ აქედან ვეცდებით ურთიერთობების მოგვარებას, პროცესი ჩიხში შევა. მაშინ საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემების მოგვარება, რომ ,თუნდაც, ამ „წითელ ხაზებამდე“ მივიდეთ?

- დეოკუპაციის საკითხზე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ. ერთგვარი ტესტიც კი აქვთ –  გეკითხებიან, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, და ჰგონიათ, რომ ეს რამის მომტანია. მე შეიძლება დღეში ოცდაათჯერ გავიმეორო, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ, ცხადია, ეს დეოკუპაციას არ გამოიწვევს. აქ განსხვავება მიდგომაშია. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ როცა  რუსის ბოლო ჯარისკაცი  საქართველოდან გავიდა, სააკაშვილმა თავისი უგუნური მოქმედებით ისინი უკან დააბრუნა. რუსული ჯარის საქართელოში დაბრუნების ხელსაყრელი იარაღი შექმნა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ, სხვა ამაზე არავინ პასუხისმგებელი არ არის. ჩვენ ჯიუტად ვხუჭავთ თვალს ერთ რაღაცაზე – ჩვენ გვგონია, რომ რასაც რუსები ეტყვიან, იმას გააკეთებენ აფხაზები და ოსები – ეს ასე სულაც არ არის! მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის დროს აფხაზებმა იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ სულაც არ ასრულებენ რუსეთის დავალებებს. ამდენად, დიალოგის დაწყება აუცილებელია აფხაზებთან, ოსებთან და პარალელურ რეჟიმში რუსეთთან.  ეს ვითომ პატრიოტული გამოხტომები, რომ „რუსი ოკუპანტია და არ დაველაპარაკებით“,  წამგებიანია. უნდა ელაპარაკო იმას, ვისთანაც პრობლემა გაქვს, თორემ, ვისთანაც კარგი ურთიერთობები გაქვს, დიალოგის წარმოების აუცილებლობა არც არის.

- ქალბატონო ნანა, ახლოვდება 19 აპრილი, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქციის დღედ დააანონსა. როგორ ფიქრობთ, რაზეა გათვლილი ეს აქცია?

- მოდი, ამ აქციის გამართვის რამდენიმე მიზეზი განვიხილოთ – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ დაგვანახვოს, თითქოს ბევრნი არიან. მინდა, შეგახსენოთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ნახევარი მილიონი მოქალაქე იყო ქუჩაში გამოსული, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. მეეჭვება, ამდენივე ადამიანი მივიდეს 19 აპრილის აქციაზე. ამიტომ მათ ამ გამოსვლას რამე კონკრეტული, პრაგმატული დანიშნულება, ჩემი ვარაუდით, არ შეიძლება ჰქონდეს.  მეორე – რამდენიც უნდა გამოვიდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედება ან რამე შეიცვლება. აგრეთვე, ჯერჯერობით სააკაშვილის ხელში იარაღად რჩება მთავრობის და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება, რაც ყველას კარგად ესმის, რადგან 5-პროცენტიან ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ. შესაძლოა, „ნაცმოძრაობამ“ 19 აპრილის აქციით ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევაც სცადოს, რათა სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და ხელისუფლება უსუსურობაში დაადანაშაულოს, თუმცა,  მეეჭვება, რომ ამდენად სულელი იყოს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მივდივართ დასკვნამდე, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2 თვით ადრე საპროტესტო აქცია იმიტომ დააანონსა, რომ ივანიშვილის მთავრობასთან კარგად ივაჭროს და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. თუ ივანიშვილის გუნდი, რამდენიმე მაგალითის მსგავსად, „ნაცმოძრაობას“ ყველაფერზე თავს დაუქნევს, აქედან კარგი არაფერი გამოვა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ არენაზე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა კი არ არის, არამედ არის ქართველი ხალხი და ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ ორმა პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში, უბრალოდ, არ შეუშვა და ამ ცეცხლთან თამაშს არავის ვურჩევ.

ესაუბრა დიანა შერეშაშვილი