პოლიტიკა
ივანიშვილი „ოლიმპიადა-2014“-ის მომხრეა, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი – „მწვანე“ გაჩეჩილაძე?..

soWi-politikaa2საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაში. ამის შესახებ მან გუშინ, 5 მარტს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს კარგი საშუალებაა რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად.

„აბა, როგორ უნდა დავიწყოთ აღდგენა?! კულტურამ უნდა იმუშაოს და მან გააკეთოს პირველი ნაბიჯები და პირველი ურთიერთობები, ისევე, როგორც სპორტმა, – განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, – ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ 2014 წელს ქართული გუნდი გავიდეს სოჭის ოლიმპიადაზე“.

პრემიერი გამოეხმაურა მოსკოვში ანსამბლ „ერისიონის“ 9-10 მარტს დაგეგმილ კონცერტსაც და განაცხადა, რომ ძალიან ცუდია, თუ ეს ვინმეს გულისწყრომას იწვევს, რადგან ურთიერთობების დალაგება კულტურის სფეროდან უნდა დაიწყოს.

ივანიშვილი, ასევე, შეეხო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტს მოსკოვში და აღნიშნა, რომ „იქ განსაკუთრებული პოლიტიკური მსჯელობები არ იყო. ნოსტალგია გამოითქმის, რომ მათაც აქვთ სურვილი, ეს ურთიერთობები აღდგეს. ეს ხაზი იკვეთება რუსეთის ქმედებებშიც, თუ გნებავთ, სავაჭრო ურთიერთობების და სავიზო რეჟიმის მიმართულებით. დღევანდელი ურთიერთობა ჩვენსა და რუსეთს შორის მიუღებელია“.

ცნობისათვის: საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ –„მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე „ოლიმპიადა-2014“-ის ჩატარების მთავარი მოწინააღმდეგე იყო და მისი ჩაშლის პირობაც კი დადო, გამუდმებით მიმართავდა რა ყოველგვარ საერთაშორისო ორგანიზაციებს საპროტესტო წერილებით ამის თაობაზე.

მკითხველს შევახსენებთ, რომ მან, საქინფორმის მთავარი რედაქტორის –  ა.ხიდირბეგიშვილის, მიერ „რია ნოვოსტის“ მიწვევით მშენებარე ოლიმპიური ობიექტების მონახულების შემდეგ, ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო და ქართული ტელეარხი „კავკასიით“ გამოვიდა მუქარით, რომ საინფორმაციო სააგენტოს მთავარ რედაქტორს სასამართლოში უჩივლებდა, ხოლო თავად საქინფორმს – „რაც შეიძლება მალე წათრეულიყო საქართველოდან ოკუპანტის ქვეყანაში – რუსეთში“, რისთვისაც ა. ხიდირბეგიშვილმა მას „ბრაზისგან გამწვანებული“ უწოდა.