სამართალი
საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლება უახლოეს ხანებში საქართველოში გამოაგზავნის მოთხოვნას პოლიტიკოს გივი თარგამაძის დაკავების შესახებ, რომელსაც რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ადანაშაულებენ. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, „როგორც კი ინტერპოლი ოფიციალურად დაადგენს ქართველი პოლიტიკოსის ადგილსამყოფელს და ამის შესახებ რუსეთის გენერალურ პროკურატურას აცნობებს, თბილისში მისი დაკავების ოფიციალურ მოთხოვნას გააგზავნიან“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ, 21 თებერვალს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ თარგამაძის დაუსწრებლად დაპატიმრებაზე სანქცია გასცა. გამოძიების თვალსაზრისით, დაპატიმრება თარგამაძეს საშუალებას მოუსპობს, ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებსა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მსვლელობაზე.
ამასთან, ბასმანის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსი ოპოზიციონერის – ილია იაშინის – საჩივარი იმ 450 ათასი რუბლის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის 6 მაისის არეულობების საქმესთან დაკავშირებით მისგან ჩხრეკისას ამოიღეს, რადგან საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის – ვლადიმერ მარკინის – თქმით, ფულის წარმოშობის წყარო მოწმდება. კერძოდ კი, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ეს ფული ქართველმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ რუსეთის ოპოზიციას მასობრივი არეულობების ორგანიზებისთვის გადასცა.