საქართველოში ჩამოსული ფრანგი ანთროპოლოგები ადასტურებენ, რომ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი ცაგერშია.
სპეციალურად ამ მოვლენისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია წუხელ სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. მაქსიმე აღმსარებლის სხეულის ერთადერთი ნაწილი დღემდე ათონის მთაზე ინახება.
ფრანგი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ცაგერის მონასტერი იქ დაცული სიწმინდის გამო, მომლოცველთა ხშირი სტუმრობის ადგილი გახდება.
აღსანიშნავია, რომ წმ. მაქსიმე იმპერატორ ჰერაკლეს პირველი მდივანი იყო, შემდეგ ბერად აღიკვეცა. 656 წელს ის თრაკიაში გადაასახლეს, შემდეგ კი ისევ კონსტანტინეპოლში გადმოიყვანეს. ღირსი მამა საშინლად აწამეს თავის ორ მოწაფესთან ერთად: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადაასახლეს. აქ სასწაული აღსრულდა: მოწაფეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ. წმინდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და გარდაიცვალა 662 წლის 13აგვისტოს. ქ. ცაგერში, მის საფლავზე ღამღამობით სამი ლამპარი ინთება და მრავალი კურნება აღესრულება.