აქტუალური
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიესალმება დემოგრაფიული განვითარების ფონდის დაარსების ინიციატივას. „ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით“, – ამბობს პრემიერი მიმართვაში, რომლის თაობაზეც საქინფორმს ივანიშვილის პრესსამსახური ატყობინებს.
„გაეროს მონაცემებით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და თუ პრობლემას დროზე არ ვუშველეთ, თუ თანამიმდევრულ და, ამავე დროს, სასწრაფო ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ეჭვქვეშ დადგება ქართული სახელმწიფოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მთლიანად ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა. შევიმუშავებთ სპეციალურ კონცეფციას, რომელიც კონცეპტუალურად განსაზღვრავს პრობლემის გადაჭრის გზებს“, – ნათქვამია მიმართვაში.პრემიერმა მადლობა გადაუხადა ფონდის დაარსების ინიციატორებს და ყველას, ვინც ამ ფონდში შეტანილი წვლილით უდიდეს სამსახურს გაუწევს ჩვენს ქვეყანასა და მის მომავალს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი გუშინ დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით.