აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა რფ-ის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო, რომელმაც გუშინ, 27 თებერვალს, სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა, რომ ამაში ხედავს „ერის სულიერი ლიდერის სურვილს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის მიმდინარე მოვლენების მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს“.
დღეს რუსული მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი საქართველოში სტუმრობას გეგმავს მისი უწყების ინსპექციის დაბრუნების შემდეგ. „რა თქმა უნდა, მე ჩავალ საქართველოში. ჯერჯერობით ეს საკითხი საგნობრივად არ განიხილება, მაგრამ ასეთი გეგმები არსებობს“, – განაცხადა მან.
როგორც გუშინ იუწყებოდა საქინფორმი, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუს ექსპერტებთან „უკანა თათებზე დგომის“ გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თავად ონიშჩენკომ საქართველოს სტუმრობის პატივი არ დასდო, რადგან ქართველებს მუქთახორებად მიიჩნევს. „ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ეს სიტუაცია გოგოლის „რევიზორს“ ახსენებს.
„გამახსენდა გოგოლის „რევიზორი“. არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი „კაპიკი“ და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ, მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?! მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 26 თებერვალს, საღამოს, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.