პუბლიკაციები
ევრაზიის ინსტიტუტი -„ვარდების რევოლუციის“ მუზეუმის შექმნის აუცილებლობის შესახებ

1-analit-euraziaსაქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუცია“ და მის შედეგად დამკვიდრებული ცხრაწლიანი რეჟიმი განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს იმისგან დამოუკიდებლად, დადებითად თუ უარყოფითად იქნება იგი შეფასებული. 2003 – 2012 წლების მანძილზე დიდი ქარტეხილები გადახდა საქართველოს, სრულმასშტაბიანი ომის ჩათვლით. მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ და მის შედეგად დამკვიდრებული რეჟიმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველო იქცა მრავალი საეჭვო ექსპერიმენტის პოლიგონად, დაწყებულ იქნა  „ახალი მენტალობის“ აქტიური დანერგვა, საგარეო პოლიტიკაში კი საქართველოს ვითომ დემოკრატიული რევოლუციების გავრცელების ფორპოსტის როლი მიენიჭა.

ამგვარი განსაკუთრებულობა „ვარდების რევოლუციისა“ უსათუოდ იმსახურებს მის სიღრმისეულ შესწავლას – როგორც მისი გამომწვევი მოვლენებისა და შედეგების, ისე – ხასიათისა და ანატომიის თვალსაზრისით. ამ მიზნის განსახორციელებლად, აუცილებლად გვესახება სრულფასოვანი მუზეუმის შექმნა, რომელიც დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, „ვარდების რევოლუციას“ ყველა პარამეტრით ასახავს.

როგორც ყოველთვის, ევრაზიის ინსტიტუტი მხარს უჭერს ისტორიისადმი ზედმიწევნით ობიექტურ და სამართლიან მიდგომას, თუმცა ვინაიდან „ვარდების რევოლუცია“ ჯერ ბოლომდე ისტორიის კუთვნილება არ არის და რეჟიმის მომხრეები აგრძელებენ პოლიტიკურ აქტიურობას,  მუზეუმის დაარსებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება. საქმე მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაში და ყოფილი პოლიტპატიმრებისათვის, მათ შორის, რეჟიმის მიერ უკანონოდ დახოცილი ადამიანებისათვის, ჯეროვანი პატივის მიგებაში როდია, თუმცა ეს თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. „ვარდების რევოლუციის“ მუზეუმს შეუძლია, სერიოზული წვლილი შეიტანოს სააკაშვილის რეჟიმის მორალური მხილების დაგვირგვინებაში და ამით პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაციაში: მუზეუმში უნდა გამოიფინოს ყველა დარბეული მიტინგისა თუ მანიფესტაციის ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა, აგვისტოს ომის წინ უმაღლესი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები,  ომის დროს უმაღლესი მთავარსარდალის სიმხდალის ამსახველი კადრები, მოტყუებული დევნილები, პენსიონერები, კბილების პროტეზ-ჩაუდგმელი ადამიანები, გახსნილი და მაშინვე დახურული საწარმოები, თბილისის დანგრეული მკვიდრი შენობა-ნაგებობები და ახალი „ვარდების“ არქიტექტურა, და კიდევ მრავალი რამ. მუზეუმში თავმოყრილი მასალები მეტ ზეგავლენას მოახდენს უცხოელ დამთვალიერებლებზე, მათ შორის, დიპლომატებზე, და რაც მთავარია, საქართველოს მომავალ თაობებს მიაწოდებს სრულ ინფორმაციას, მუზეუმში ხშირი უნდა იყოს სკოლის მოსწავლე ახალგაზრდობის ექსკურსიები.

გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან, ევრაზიის ინსტიტუტი მიმართავს საქართველოს მთავრობას, ასევე კერძო პირებს, ვისაც სერიოზული მატერიალური რესურსები გააჩნიათ, დაუყოვნებლივ დაიწყონ ზრუნვა „ვარდების რევოლუციის“ მუზეუმის შექმნაზე.

ევრაზიის ინსტიტუტი

თბილისი, 14 თებერვალი, 2013 წ.

P.S. პროფესორი ლევან მეტრეველი მიიჩნევს, რომ: "ნაციონალური მოძრაობისთვის ძალზე დიდი პატივი იქნებოდა, "ვარდების რევოლუციის" მუზეუმის შექმნა, მაგრამ ექსპოზიციის მოწყობა საჭიროა".