ასეთი პროგრესი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველგვარი კონტაქტი შეწყვიტეს, შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის შეცვლის შემდეგ. როგორც ცნობილია, საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ბიძინა ივანიშვილი – მილიარდერი, რომელმაც წარმატებით ააგო ბიზნესი რუსეთში. მისი ტრიუმფალური დებიუტი ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც სააკაშვილის ეპოქის ფაქტობრივი ფინალი აღნიშნა, ექსპერტთა საზოგადოებამ რუსულ-ქართული დიალოგის თანდათანობით აღდგენის შესაძლო შანსებს დაუკავშირა.
თუმცა, სააკაშვილის პოლიტიკური სეზონის გარდაუვალი დაისისგან სიხარული მეზობლობს იმის გაგებასთან, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის გაქვავებულ ურთიერთობას მხოლოდ ღვინით და ტყემლით ვერ გააცოცხლებ. ანალიტიკოსებს შორის ერთსულოვნება არც საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას არის, არც თბილისის საგარეო პოლიტიკის ვექტორებთან დაკავშირებით პროგნოზებში. პოლიტოლოგის, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჭაჭიას აზრით, მოსახლეობის უმეტესობამ არჩევნებზე ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ მხარი სწორედ იმის იმედით დაუჭირა, რომ ეს პარტია საგარეო პოლიტიკურ კურსში ცვლილებებს შეიტანდა. მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ ჩანს, რაც ძაბავს ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმები ივანიშვილს მისცეს.
ადგილი აქვს ერთგვარ პოლიტიკურ პარადოქსს. ანუ ახალი ხელისუფლება ყოფილ რეჟიმს ადანაშაულებს პოლიტიკურ ქმედუუნარობაში როგორც შიდა მეტოქეების, ისე საგარეო პარტნიორების მიმართ, და, ამასთან – ქართული ეკონომიკის რღვევაში. მაგრამ, ამავე დროს, ახალი ხელისუფლება თბილისის საგარეო პოლიტიკის უცვლელობის შესახებ აცხადებს, ხაზი გაუსვა ალექსანდრე ჭაჭიამ „გოლოს როსიისთან“ ინტერვიუში.
„ანუ ამით ისინი აღიარებენ ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს არჩეული და შემდეგ სააკაშვილის მიერ დადასტურებული საგარეო პოლიტიკური კურსის სისწორეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატოში შესვლაზე და, ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეულ კონფრონტაციაზე. თუმცა, პარალელურად, კეთდება განცხადებები, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოგვარდება და ამ მიმართულებით ეფექტიანი სამუშაო ჩატარდება. მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოს ყველა შიდა პოლიტიკური, მათ შორის, ეკონომიკური უბედურება, განპირობებულია სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის მცდარობით. ამიტომ ამ კურსის უცვლელად შენარჩუნება არ გამოიწვევს რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს არც თავად საქართველოს ეკონომიკაში, არც პოლიტიკაში, არც კულტურაში, არც ჰუმანიტარულ სფეროში. აი, ასეთი წინააღმდეგობა არსებობს დღეს“.
მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ჭაჭია დარწმუნებულია, რომ ცხოვრება აიძულებს საქართველოს, მის საზოგადოებას და პოლიტიკურ წრეებს, გადახედონ საგარეო პოლიტიკურ კურსს, და ეს გარდაუვალად მოხდება.
სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის ახალი ქართული მთავრობა უწინდებურად ბევრ რამეშია დამოკიდებული აშშ-ზე – თავის მხრივ, მიაჩნია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ექსპერტ კონტანტინე ჩიკვილაძეს.
„მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ბიძინა ბრძენი ადამიანია, და თუკი ის ძალიან მოინდომებს და გადაწყვეტს, და როგორღაც მოახერხებს რუსეთისკენ შემობრუნებას აი ასე, როგორც რუსეთი ისურვებდა. მე მიმაჩნია, რომ რუსეთმაც უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები. ჰკითხეთ ნებისმიერ ქართველს: რა არის დღეს მთავარი პრობლემა? გასაგებია, რომ ეკონომიკური და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარია – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუკი არის რაიმე შანსი, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი დაკარგული ტერიტორიები, იქნება ეს კონფედერაცია, ფედერაცია თუ ნებისმიერ ვარიანტში, რომ აფხაზებსაც, ოსებსაც იქ კარგად ეცხოვრებოდეს, და ქართველებს, მე ვთვლი, რომ საქართველო ბევრ დათმობაზე წავა რუსეთთან მიმართებაში. მე მიმაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია ამ თვალსაზრისით საქართველოსთან რაღაც დათმობებზე წავიდეს, მაგრამ ეს იქნება არა მარტო საქართველოსთვის დათმობა, ეს იქნება საკუთარი თავისთვის დათმობა, და რუსეთისთვის“.
„რუსეთის ფედერაციისთვის გაცილებით ხელსაყრელია მთლიან საქართველოსთან მეგობრობა, და არა მის ცალკეულ ტერიტორიებთან“, – ასკვნის კონსტანტინე ჩიკვილაძე.