პუბლიკაციები
ვინ დგას ტერორიზმის უკან მსოფლიოში

terrorismდასავლეთის მას-მედია უკვე ათ წელზე მეტია, რაც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას უნერგავს აზრს, რომ ტერორიზმი – სუფთა ისლამური მოვლენაა. 11 სექტემბრის ტერაქტმა საშუალება მისცა მათ, რომ მძლავრი საინფორმაციო შეტევა განეხორციელებინათ. დასავლეთის უპირობო ბატონობის მოწინააღმდეგეებს სახავდნენ ტერორისტებად ან მათ სპონსორებად და ფარულ ხელისშემწყობებად. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა, არსებობს ეჭვი, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი „ორკესტრირებული“ იყო თავად აშშ- ადმინისტრაციაში არსებული გარკვეული ძალების მიერ. ამ ეჭვს იზიარებს მრავალი ადამიანი მსოფლიოში, მათ შორის დასავლეთში.

ცხადია, რომ კომუნიზმის დაცემის შემდეგ, დასავლეთმა თავისი თავი ჩათვალა გამარჯვებულად და პლანეტის ერთადერთ ბატონ-პატრონად, როგორც ეს იყო მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მაგრამ მას სჭირდება მტერი, მოწინააღმდეგე, რომელთან ბრძოლითაც ის გაამართლებს სამხედრო შეჭრას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.

ამგვარ მტრად გამოცხადდა რადიკალური ისლამი, რომელიც, დასავლელი ჟურნალისტების და ექსპერტების მტკიცებით, თავის მიმდევრებს ტერორიზმისკენ უბიძგებს. აქედან დაიწყო ტერორისტ-ისლამისტის სახის კულტივირება, რომლითაც დასავლური მას-მედია დიდხანს იყო დაკავებული. უფრო მეტიც, ტერორისტულად ცხადდებოდა მთელი ქვეყნები. მაგალითად, სადამ ჰუსეინს და ერაყს ბრალი დასდეს ალ-კაიდასთან კავშირებში, თუმცა ამისი არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, და ერაყის ოკუპაციის შემდეგ ეს ნათელი გახდა (რომ ეს კავშირები არ არსებობდა). სხვათა შორის, თავად ალ-კაიდა საკმაოდ საინტერესო და უცნაური მოვლენაა. ბევრი პოლიტოლოგი, ექსპერტი და ჟურნალისტი, დასავლეთშიც კი, მას მიიჩნევს ვირტუალურ საფრთხობელად, რომელიც არსებობს რიგითი დასავლელი ობივატელის დასაშინებლად. ზოგიერთი ეჭვობს, რომ იგი შექმნილია ამერიკული სპეცსამსახურების მიერ და მათ ინტერესებს ემსახურება.

ამჟამად კი დასავლური პროპაგანდა ქმნის მტრის ხატს ირანისგან. მართალია, ირანისთვის ტერორისტის იმიჯის მიწებება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. თანაც, თავად ეს ტერორის თემა და მისდამი გამოცხადებული „წმინდა ომი“ (ბუშის ე.წ. war on terror) დასავლელ ობივატელს საკმაოდ მოყირჭდა. საჭიროა მისი დაშინება უფრო შემზარავი სურათებით, ვიდრე უბრალო ტერაქტია. აქ კი გამოდგება მითიური სურათხატი „ფანატიკოსების ქვეყნისა“ – ირანისა, რომელიც აპირებს შეიარაღდეს ატომური ბომბებით და რაკეტებით და დაუშინოს ისინი მშვიდობიან ევროპულ ქალაქებს.

თუნდაც თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის (თუმცა ამ ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ მიისწრაფის მისი ფლობისკენ, ირანი კი მიერთებულია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას), მაინც ნათელია, რომ მას არ გააჩნია ევროპაზე ან ამერიკაზე თავდასხმის განზრახვა. პირიქით, იგივე ევროკავშირი თავისთავად არ უქმნის პრობლემებს ირანს, ირანელებისთვის ხელსაყრელია ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირების დამყარება, რათა მოახდინოს ამერიკული სანქციების კომპენსირება. ხოლო ის, რომ ირანი თავის რაკეტებს დაუმიზნებს დასავლეთ ევროპას და ამგვარად შეეცდება მის „დაშინებას“, უაზრობაა და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. ბირთვული იარაღი შეკავების ფაქტორს წარმოადგენს და ვინმეს შანტაჟირება მისი საშუალებით თეორიულად შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარეს არ გააჩნია ამგვარი იარაღი. ან საჭიროა ისეთი დიდი რაოდენობით ბირთვული ქობინების და მათი მატარებლების ქონა, რომ გარანტირებულად გაანადგურო მოწონააღმდეგე, ვიდრე ის თავის ბირთვული იარაღის გამოყენებას შესძლებს. ამ შემთხვევაში ასევე საჭიროა რაკეტსაწინაღო თავდაცვის (რსთ) ქონა. აშკარაა, რომ ევროპის და ირანის შემთხვევაში ასეთი სიტუაცია არ იქნება მომავალი ათწლეულების განმავლობაში, თუ საერთოდ როდისმე იქნა. ევროპის ქვეყნები (საფრანგეთი, ინგლისი) თავად ფლობენ ბირთვული იარაღის საკმაოდ დიდ არსენალს, ხოლო ირანს რსთ (სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისთვის) არ გააჩნია და განჭვრეტად მომავალში არც ექნება. ამიტომ ჰიპოთეტური ბირთვული იარაღი ვერ გამოადგება ირანს, რომ ზეწოლა მოახდინოს დასავლეთ ევროპაზე და „ძალით გაიხადოს“ ის მოკავშირედ. თუკი ირანი როდესმე შექმნის ბირთვულ იარაღს, მხოლოდ იმისთვის, რომ დააბალანსოს ისრაელის ანალოგიური არსენალი, და არა იმისთვის, რომ ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები დაუშინოს ბერლინს ან პარიზს.

ამგვარად, აშშ-ს ადმინისტრაცია და პროამერიკული, ატლანტისტური ძალები დასავლეთში, მათ შორის მას-მედიაში, ქმნიან ირანის გარშემო ისტერიას შემდეგი მიზეზების გამო: ა) რათა გააცოცხლონ მტრის ხატი, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება საკუთარი მოსახლეობის დარაზმვა. კომუნიზმი უკვე აღარ არის, ისლამური ტერორიზმის საფრთხობელა გაცვდა, „რუსული დათვი“ ჯერ ისე ძლიერი არაა, ჩინეთი არ გამოდგება მტრის ხატად, რადგან თითოეული დასავლელი ობივატელი მრავლად ფლობს ნივთებს, რომელსაც აწერია Made in China, მომხმარებლისთვის კი ნივთების მწარმოებელი კერპი უფროა, ვიდრე მტერი. ამიტომაც საჭირო ხდება „ურჩხულის“ ახალი და ახალი ვარიანტების ძებნა. ამ „როლისთვის“ გამოდგება „ფანატიკური, ბირთვული ირანის“ იმიჯი, რომელიც იმუქრება, რომ პირისაგან მიწისა აღგვის ისრაელს და შეიძლება დასავლეთიც თან მიაყოლოს. აჰმადინეჟადის ზოგიერთი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია უადვილებს მათ ამ ამოცანას; ბ) ამერიკელებს სურთ უფრო მჭიდროდ „მიაბან“ ევროპა საკუთარ გავლენის სფეროს და ამისთვის კარგი საშუალებაა ირანით ევროპელების დაშინება. რსთ-ს სისტემის განთავსება ევროპაში სწორედ ამ მიზანს ემსახურება, და არა ევროპის ქალაქების დაცვას ირანული რაკეტებისგან; გ) საჭიროა რუსეთის ჩათრევა ანტიირანულ კამპანიაში, რომ მოხდეს ურთიერთობების გაფუჭება ამ ორ ქვეყანას შორის. ეს ძალზე ხელსაყრელი იქნებოდა ატლანტისტებისთვის; დ) არა მხოლოდ ევროპელების დაშინება შეიძლება ირანის საფრთხით, არამედ პირველ რიგში, არაბების, კერძოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნების. ამით ეს ქვეყნებიც უფრო მყარად მიებმებიან ანგლო-ამერიკულ წყვილს, ბონუსად კი შეიძლება ათეულობით მილიარდო დოლარის ღირებულების ჩვეულებრივი იარაღი მიასაღო მდიდარ შეიხებს (რასაც ვხედავთ კიდეც ამჟამად).

სინამდვილეში კი რა ხდება? მაგალითად, ავიღოთ ტერაქტები, რომლებზეც დასავლური მედია გაჰყვიროდა, რომ ეს „წვეროსანი ისლამისტი ფანატიკოსების“ ექსკლუზიური საქმიანობაა. ირანის პირდაპირ დადანაშაულება ტერორიზმის მხარდაჭერაში დასავლეთს არ შეუძლია, თუმცა დრო და დრო ვრცელდება ცალკეული ჩინოვნიკების და სამხედროების გამონათქვამები, რომ თითქოს ირანი ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევს მოძრაობა თალიბანს ავღანეთში. თუმცა, არავისთვის საიდუმლო არაა, რომ თალიბანი თავის დროზე შეიქმნა პაკისტანის სპეცსამსახურების მიერ, აშშ-ს, ინგლისის და საუდის არაბეთის სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით. ავღანეთის ოკუპაციის შემდეგაც, 2001 წელს, ამერიკელები და ინგლისელები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ თალიბანის ბევრ საველე მეთაურთან, რაზეც უხვი ინფორმაცია ვრცელდება. ავიღოთ თუნდაც ნარკოტიკების საკითხი. სწორედ დასავლური ოკუპაციის დროს მკვეთრად გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება და ვაჭრობა ავღანეთში. მძიმე ნარკოტიკების ნაკადი ამ ქვეყნიდან მიემართება პირველ რიგში ირანის საზღვრებისკენ. ყოველწლიურად, ასეულობით ირანელი სამართალდამცავი და მესაზღვრე იღუპება ნარკომოვაჭრეების შეიარაღებულ ბანდებთან შეტაკებებში, რომლებიც ცდილობენ ავთანეთიდან ირანში შეჭრას (სხვათა შორის, ავღანეთში იმყოფება დასავლეთის ქვეყნების და მათი სატელიტების სამხედრო კონტინგენტი, რომელიც თითქმის 150 ათას სამხედროს ითვლის).

მაგრამ ეს სულაც არაა ირანის წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებების სრული ჩამონათვალი. საუბრობენ რა ტერორიზმზე, როგორც საფრთხეზე „ცივილიზებული სამყაროს“ მიმართ, დასავლური სპეცსამსახურები თავად იყენებენ ტერორს არასასურველი მთავრობების და ქვეყნების, კერძოდ, ირანის მიმართ. ყოველ წელს ამ ქვეყანაში ხდება 2-3 ხმაურიანი ტერაქტი, რომელიც ათეულობით მშვიდობიანი მცხოვრების და ოფიციალური პირის სიცოცხლეს იწირავს. ძირითადად ეს ხდება განაპირა პროვინციებში, რომლებიც ესაზღვრებიან ამერიკელების მიერ ოკუპირებულ ავღანეთს და ერაყს. აი ზოგი მათგანის ჩამონათვალი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში: 2008 წლის 12 აპრილს ქალაქ შირაზში აფეთქდა მეჩეთი, დაიღუპა 10 ადამიანი, ასზე მეტი კი დაიჭრა, მათ შორის ზოგი მძიმედ; 2009 წლის 18 ოქტომბერს მოხდა ტერაქტი ქალაქ სარბაზში, ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში, პროვინცია სისტანი და ბელუჯისტანში. დაიღუპა 49 ადამიანი, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა ელიტური კორპუსის რამდენიმე უმაღლესი ოფიცერი, შიიტური და სუნიტური ტომების უხუცესები, აგრეთვე გამვლელები; ამავე პროვინციაში, ქალაქ ზაჰედანში მოხდა ტერაქტი 2010 წლის 15 ივლისს, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი; 2010 წლის 22 სექტემბერს აფეთქება მოხდა ქალაქ მეჰაბადში, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში, სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს. მაყურებელთა რიგებში აფეთქებულ ბომბს 12 ადამიანი შეეწირა, ძირითადად ქალები და ბავშვები. მსხვილი ტერაქტების გარდა, თითქმის ყოველ თვე ხდება თავდასხმები სამართალდამცავებზე, მუსლიმურ სამღვდელოებაზე, ოფიციალურ პირებზე, განსაკუთრებით რეგიონში, რომელიც დასახლებულია ქურთებით. უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელ ტურისტებზე თავდასხმა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

ირანის ხელისუფლება ბრალს სდებს ტერაქტების მოწყობაში დასავლეთის ქვეყნებს და მათ საიდუმლო სამსახურებს. დასავლეთის პოლიტიკოსები უარყოფენ თავიანთ კავშირს ამ ტერაქტებთან და სიტყვიერად ჰგმობენ კიდეც მათ. მაგრამ მაინც შეინიშნება დასავლური სპეცსამსახურებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის კავშირების კვალი. ერთ-ერთი ამგვარი ორგანიზაციაა „ჯუნდალა“ – ის აქტიურია სისტანში და ბელუჯისტანში, რომელიც ძირითადად დასახლებულია ბელუჯებით. მათი უმრავლესობა სუნიტია, თუმცა შიიტებიც მრავლად არიან. ირანის ხელუსუფლებამ დააპატიმრა ამ ტერორისტული დაჯგუფების მეთაურის ძმა, აბდოლჰამიდ რიგი, ხოლო შემდეგ თავად ბანდის ლიდერი, აბდოლმალეკ რიგი. აბდოლჰამიდმა, რომელიც ირანს პაკისტანის ხელისუფლებამ გადასცა, აღიარა, რომ მის ირგანიზაციას პირდაპირი კავშირები ჰქონდა ამერიკულ სპეცსამსახურებთან. მაგრამ ამ აღიარების გარდაც, ბევრი რამ მიუთითებს, რომ „ჯუნდალას“ მსგავსი ტერორისტული ჯგუფები მოქმედებენ დასავლეთის ქვეყნების და ისრაელის ინტერესებში, და მათი მითითებებით. მაგალითად, აბდოლმალეკ რიგი შეიპყრეს თვითმფრინავში, რომელიც გაერთიანებული საამიროებიდან ყირგიზეთში მიფრინავდა. ერთშიც და მეორეშიც ამერიკული ბაზები და ობიექტებია განლაგებული, ხოლო ყორგიზეთის ყოფილ მთავრობას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ამერიკასთან.

ირანის წინააღმდეგ ასევე მოქმედებს ტერორისტული ორგანიზაცია PJAK, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქურთებისგან შედგება და წარმოდგენს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) ფრთას. არის საკმაოდ ბევრი ცნობა, რომ ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენლები და ყოფილი სამხედროები წვრთნიან ქურთ ბოევიკებს ერაყის ქურთისტანში პარტიზანული ბრძოლების წარმოების და ტერაქტების ასათვისებლად. მაგრამ ყველაზე აშკარა კავშირი დასავლელ კურატორებსა და ახლო და შუა აღმოსავლეთში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს შორის არის ე.წ. „სახალხო მოჯაჰედების“ („მუჯაჰედინ-ე-ხალკ“) შემთხვევაში. ეს ორგანიზაცია დაარსდა 1965 წელს მარქსიზმის და ისლამიზმის ნარევის საფუძველზე, თუმცა იბრძვის ირანში ისლამური წყობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ „მოჯაჰედები“ ოფიციალურად აღიარებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციად ამერიკაში და ევროკავშირში, აშშ-ს სპეცსამსახურები ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ მათ გამოყენებას ირანის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ანტიირანული ბოევიკების ბანაკები განლაგებული იყო ერაყში, ირანის საზღვრის სიახლოვეს. თავის დროზე ეს ბანაკები გახსნა სადამ ჰუსეინმა, ირან-ერაყის ომის დროს, როცა „სახალხო მოჯაჰედები“ ერაყის მხარეს იბრძოდნენ, მაგრამ ერაყის ოკუპაციის შემდეგაც, მათ ხელი არავინ ახლო, პირიქით, ბოევიკთა რაოდენობა გაიზარდა. მანამ სანამ ერაყის ძალები არ შეიჭრენ მთავარ ბანაკში და ძალის გამოყენებით არ დაიკავეს ის, ამერიკელები არც ფიქრობდნენ მათ მიერვე ტერორისტების სიაში შეყვანილი მებრძოლების დაპატიმრებას ან მათი ბანაკის დაშლას.

ასე რომ, ამერიკელები არ მალავენ, რომ ახორციელებენ ირანში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილიც არის ტერორისტული აქტები. პრეზიდენტმა ბუშმა 2007 წელს გამოჰყო 500 მილიონი დოლარი ირანში „დემოკრატიის“ დასამყარებლად, თუმცა სინამდვილეში იგულისხმებოდა ფსიქოლოგიური ომის და სხვა ძირგამომთხრელი ღონისძიებების წარმოება. ამის შედეგი გახდა არეულობა ირანში 2009 წელს, როცა ისლამური წყობის მოწინააღმდგეებმა ქუჩის პროტესტები მოაწყვეს, თითქოსდა გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. მათ სურდათ ირანში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა, მაგრამ ეს მცდელობა ჩაიფუშა – ირანის ხალხის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ისლამური რეჟიმის დემონტაჟს და მის შეცვლას პროამერიკული, უხერხემლო მთავრობით.

ამგვარად, იკვეთება რამდენიმე საინტერესო ტენდენცია: დასავლეთს მუდმივად სჭირდება მტერი, რომლის არსებობითაც იგი გაამართლებს განვითარებადი ქვეყნების დამორჩილებას და მათ ექსპლუატაციას. მე-20 საუკუნეში ამ როლს ასრულებდნენ კომუნიზმი და ფაშიზმი, ძირითადად პირველი მათგანი. კომუნიზმის კრახის შემდეგ საფრთხობელად იქცა ისლამი და ტერორი, რომელიც ერთმანეთს დაუკავშირეს. ახლა პირველ პლანზე გადაინაცვლა ირანმა, რომელიც თითქოს ბირთვული იარაღით ემუქრება „ცივილიზებულ სამყაროს“. სინამდვილეში კი, ბევრი ტერაქტის და ტერორისტული ორგანიზაციის უკან დგანან დასავლეთის ძალები, ფული და ინტერესები, რაც კარგად ჩანს ირანის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული ომის მაგალითზე. სხვათა შორის, ამგვარი ომი მიმდინარეობს სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც, მაგალითად, რუსეთის. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ბოევიკებს კავშირები აქვთ ქართულ სპეცსამსახურებთან, მაგრამ რადგან საქართველო ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლეთის, განსაკუთრებით, აშშ-ს სატელიტს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული ხელისუფლების ქმედებების უკანაც სხვა ძალები დგანან. მთლიანობაში, ტერორი წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას და ერთ-ერთ ელემენტს უფრო მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროცესში, რასაც საინფორმაციო ომი ჰქვია.

 

გიორგი ვეკუა - სპეციალურად საინორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“