პუბლიკაციები
კონსტანტინე ჩიკვილაძე: „საქართველოში მკვიდრდება ის, რაც აშშ-თვის ხელსაყრელია“

1-chikv-zarubezhსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ექსპერტი საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა საკითხებში, ევრაზიის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჩიკვილაძე „გოლოს როსიისთან“ ინტერვიუში მოგვითხრობს „ვარდების რევოლუციის“ მიზეზებზე საქართველოში და აფასებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.

– მოგვიყევით საქართველოს ისტორიასა და რუსეთთან მისი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების შესახებ...

– რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებს უძველესი ფესვები აქვს. საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთთან ურთიერთობებმა თავის დროზე ჩვენს წინაპრებს პრობლემურ სიტუაციასთან გამკლავების საშუალება მისცა. საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს, სადაც მისი მეზობელი ქვეყნები მუსლიმანურია: თურქეთი, ირანი, ერაყი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კავკასია. რუსეთთან ურთიერთოებები საქართველოს თავისი მრწამსის – მართლმადიდებლობისა და თავისი ტრადიციების შენარჩუნებაში დაეხმარა.

ბოლო წლებში სააკაშვილის რეჟიმი მაქსიმალურად ავითარებდა ჩვენი ურთიერთობების მხოლოდ უარყოფით მხარეებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქართველებმა და რუსებმა მეტი უნდა ისაუბრონ პოზიტივზე; იმ კარგზე, რაც იყო. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა. აქ ძირითადი რელიგია, ისევე, როგორც საქართველოში, მართლმადიდებლობაა. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობები, უპირველესად, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. უნდა დავაფასოთ, რომ შევძელით ჩვენი მრწამსისა და ტრადიციების შენარჩუნება, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვერ ამოძირკვა სააკაშვილმა თავისი პროამერიკული პოლიტიკით.

რა თქმა უნდა, ის პრობლემები, რომლებიც სსრკ-ში მისი დანგრევის  ბოლო წლებში წარმოიქმნა, ყველას შეეხო. არასწორად მიმაჩნია საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება – მაქსიმალურად სწრაფად გაეწყვიტათ ურთიერთობა რუსეთთან. თქვენს ქვეყანასთან უნდა გაგვეგრძელებინა კეთილი, ნორმალური ურთიერთობები. დამოუკიდებლობისთვის კი, რომლისკენაც მივისწრაფვოდით, სხვა მეთოდებითაც შეიძლებოდა მიგვეღწია.

– ამბობთ, რომ საქართველოს რუსეთისადმი არცთუ სწორი მიდგომა აქვს. რაშია ის მცდარი?

– მიმაჩნია, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ 1989 წელს, როცა ხელისუფლების სათავეში გამსახურდია იყო, ვერ შეძლო მიმდინარე მოვლენების სწორად გაანალიზება. ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კავშირის გაწყვეტა რუსეთთან და დამოუკიდებლობის მიღწევა. ამისათვის რეალურად უნდა ყოფილიყო, ჯერ ერთი,  წინაპირობები, მეორეც, რეალურად უნდა შეფასდეს რეგიონი, რომელშიც ცხოვრობ. შეუძლებელია ნორმალური სახელმწიფოს აშენება, მით უფრო კავკასიაში, თუ მეზობელ რუსეთთან ცუდი ურთიერთოებები გაქვს. ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართელოა, ჯერ კარგად უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტლება. თუმცა, არ ვამბობ, რომ მხოლოდ საქართველოა დამნაშავე. დამნაშავეა, ალბათ, რუსეთიც. ის უფრო რბილად და დიპლომატიურად უნდა მისდგომოდა საქართველოს და მაშინ შესაძლოა,  ასეთი კონფლიქტი არ მომხდარიყო.

– კომენტარი გაუკეთეთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს. მართლა მიგაჩნიათ, რომ საქართველო ამერიკის მარიონეტად იქცა?

– ეს დიდი ხანია, ცნობილია. სააკაშვილი თავის დროზე სწავლობდა და მუშაობდა აშშ-ში. რა თქმა უნდა, მას იქ ურთიერთობები ჰქონდა აშშ-ის სპეცსამსახურებთან. იგი ამერიკელების წარმატებული „მოწაფე“ გამოდგა და საქართველოში ე. წ. ვარდების რევოლუცია მოახდინა. მას შემდეგ საქართველოში მკვიდრდება ყველაფერი, რაც აშშ-თვის ხელსაყრელია. საქართველოს მთავრობის ყველა ქმედება მიმართული იყო არა ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არამედ აშშ-ის ინტერესების გასატარებლად. ბევრი უკანონობა იყო: მაგალითად, ხორციელდებოდა მოსახლეობის მოსმენების პრაქტიკა, განსაკუთრებით, მათი, ვინც ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგი იყო; მართლმადიდებლობას ავიწროებდნენ –  ბავშვებს სკოლაში ხატების ტარება აუკრძალეს; 35-40 წლის ასაკის ზევით ადამიანები სამუშაოს ვერ შოულობდნენ.

ყველაფერი, რაც რუსეთის წყალობით ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს, სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში შერყვნა და გააფუჭა. ამერიკელებს არ აინტერესებდათ თვითმყოფადი და ტრადიციების მქონე ხალხი. ამას „ვარდების რევოლუციიდან“ გარკვეული ხნის შემდეგ მივხვდი – „სააკაშვილის აგრესიული კურსი საქართველოსთვის ჩიხია“. მას შემდეგ ჩვენი ევრაზიის ინსტიტუტი, მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ჩვენს რუს კოლეგებთან, რათა საქართველო გადარჩეს.

ახლა ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია. იგი რუსეთში მუშაობდა, ჰქონდა და ახლაც აქვს იქ თავისი ბიზნესი, რამდენადაც ვიცი. მან იცის რუსეთის ფასი და ესმის, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის გარეშე საქართველო გაქრება. ის კი, დარწმუნებული ვარ, პატრიოტია და არ უნდა, რომ ეს მოხდეს.

– თქვენი აზრით, რა უნდა მოიმოქმედოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად?

– სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება, გარკვეულწილად, მაინც აშშ-ზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ივანიშვილი ბრძენი კაცია და შეძლებს საქართველოს რუსეთისკენ „შემობრუნებას“. მიმაჩნია, რომ საქართველო ბევრ დათმობაზე წავა რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები. რუსეთისთვის გაცილებით ხელსაყრელია საქართველოსთან მეგობრობა, ვიდრე რომელიღაც უღიარებელ რეგიონებთან, სადაც ადრე თუ გვიან შესაძლოა, ანტირუსული განწყობები წარმოიქმნას. ვფიქრობ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობა გადარჩენისა და მომავალში ნორმალურად ცხოვრების შანსს მოგვცემს.