საქართველო,14 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არავითარ სარგებლობას არ მოუტანს საქართველოს, აფხაზეთსა და სომხეთს, რადგან ეს ჩიხური გამოსავალია. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 13 თებერვალს, პრეზიდენტის რეზიდენციაში „აღმოსავლეთპარტნიორობის“ მეორე არაფორმალური დიალოგის მონაწილეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე არ მინდა, რომ მეზობელ და მეგობარ სომხეთს რაიმე პრობლემები შეექმნას მომავალში ტვირთებთან დაკავშირებით. მე, უბრალოდ, მინდა, მათ იცოდნენ, რა არის ჩემი პოზიცია ამ რკინიგზასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას. როდესაც მათ იყიდეს სომხეთის რკინიგზა, მიითვისეს უკანონოდ ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა, მაშინ უკვე გამიჩნდა კითხვა: რა გეგმა ჰქონდა ასეთი რუსეთს, რაში სჭირდებოდა სომხეთის რკინიგზა, თუ მას არ ჰქონდა საქართველოს რკინიგზა გახსნილი. ეტყობა, მოსკოვში უფრო შორსმიმავალი და მზაკვრული გეგმა ჰქონდათ, ვიდრე მე წარმომედგინა. მათ ჰქონდათ გათვლები, დაკავშირებული საქართველოს არჩევნებთან, ალბათ, ჰყავდათ საკუთარი ფავორიტი და კონკრეტული ვალდებულებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, თუ საქართველო დღეს აფხაზეთის რკინიგზას გახსნის, ამით რუსეთს იქ ინვესტიციების მიზიდვის საშუალებას მისცემს, რაც, თავის მხრივ, აფხაზეთის რეინტეგრაციას გაართულებს საქართველოსთვის.
„ეს იქნება კავკასიაში ექსპანსიის ინსტრუმენტი, როგორც ეს 2008 წელში ვნახეთ, საქართველო კი ამით ვერაფერს მიიღებს, პირიქით, საქართველოს გაურთულდება აფხაზეთის რეინტეგრაციის საკითხი ასმაგად და გვექნება სხვა ტიპის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მე მგონია, რომ ეს არის ჩიხური, არასწორი გზა და ეს არ პასუხობს არცერთი კავკასიური სახელმწიფოს ინტერესებს, პასუხობს მხოლოდ ერთი ქვეყნის მოკლევადიან, საკმაოდ აგრესიულ ინტერესებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.