საზოგადოება
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელ ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, „საქართველოს სავაჭრო ქსელში საქართველოს საბაჟო პუნქტების გავლით დაავადებული პროდუქტი ვერ მოხვდება!“
როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, გასულ კვირას საქართველოში სარფისა და ვალეს საბაჟო პუნქტების გავლით საქართველოში 300 ტონამდე კარტოფილი შემოვიდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, პროდუქტი კარტოფილის კიბოთი და მურა სიდამპლით დაავადებული აღმოჩნდა. საქონელი იმპორტიორ ქვეყანას დაუბრუნდება.
მოისწრაფიშვილის განცხადებით, შემოსავლების სამსახური მთელი დატვირთვით ახორციელებს მასზე დაკისრებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, რომლებიც ითვალისწინებს პრევენციულ ღონისძიებებსაც, რაც ევროკავშირის მონიტორინგის პროგრამითაა დამტკიცებული და მას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან შემოსული ყველა საეჭვო პროდუქტი.