საზოგადოება
ალასანია ლეონ პანეტას ტელეფონით ესაუბრა

1-telefoni-sazogadoooe2საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლეონ პანეტას ტელეფონით ესაუბრა. საუბრის მთავარი თემა ავღანეთში პოსტ-ISAF-ის პერიოდში ქართველი სამხედროების ახალი ფუნქციები იყო.

ლეონ პანეტამ ქართველ კოლეგას ავღანეთში აშშ-ის სამოქმედო გეგმა გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართველი სამხედროების სიმამაცესა და პროფესიონალიზმზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულების შემდგომაც დარჩებიან და ამერიკელ სამხედროებს დაეხმარებიან.

ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაგრძელებს, სადაც 21-22 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.