საზოგადოება
ხადური საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

1-xaduri-sazogadoeba1საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებში საბანკო სექტორის როლზე ესაუბრა.

შეხვედრაზე საბანკო სფეროში არსებულ ვითარებაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და პროცენტებთან დაკავშირებით იმსჯელეს. გარდა ამისა, განხილვის ერთ-ერთი თემა ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების საკითხი იყო. შეხვედრას ეროვნული ბანკისა და ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს შეხვედრა იყო საქმიანი: „გავაცანით ჩვენი ხედვები, მათ შორის, მაკროეკონომიკური პროგნოზები და შევეცადეთ, გაგვეგო ის პრობლემები, რომლებიც კომერციულ ბანკებს აქვთ“.

ხადურის თქმით, კომერციული საბანკო სექტორი ფინანსთა სამინისტროსგან ყოველდღიურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ბიუჯეტისა და საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ; მათი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი შეხვედრით და მხოლოდ ამგვარი ფორმატით. „ჩვენ მზად ვართ, თითოეული ბანკის ხელმძღვანელთან, თითოეულ ბიზნესმენთან ცალ-ცალკე გავიაროთ ის თემები, რომლებიც აწუხებთ მათ, საქართველოს ბიზნესწრეებს, რათა უკეთესი ბიზნესგარემო შევქმნათ ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.