საზოგადოება
ხადური: „ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა – საქართველო დაიწყებს საკუთარი ვალების მომსახურებას“

1-xaduri-sazogadoo3საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გუშინდელ ბრიფინგზე აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოში ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებს, შეერთებული შტატების ადმინისტრაციას კი აქვს ადეკვატური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო ასი დღის განმავლობაში გაწეული სამუშაოს შესახებ და მხარს უჭერს ხელისუფლების კურსს.

ხადურის ინფორმაციით, აშშ-ში შეხვდა ათი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს მიმართ დაინტერესება გამოთქვეს და მარტში ვიზიტს გეგმავენ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ეწვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დელეგაციები, ევროკავშირის 6 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები, და იმედოვნებს, რომ  ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდება.

ხადურის განცხადებით, საქართველო წელს იწყებს საერთაშორისო ვალების გადახდას: „წელს ჩვენ უნდა გადავიხადოთ ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის და გადავიხდით ამ ვალს წლის პირველ ნახევარში. დახლოებით 360 მლნ ლარი გვაქვს ბიუჯეტში იმისათვის, რათა ორ ვალს მოვემსახუროთ – ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი, და საქართველოს წინა მთავრობის მიერ 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების, რომელთა ნაწილი 2011 წელს გადაიფარა, მაგრამ დარჩა 40 მლნ დოლარი. ამ 40 მლნ დოლარს ჩვენ მოვემსახურებით და წელს ამ ვალს დავაბრუნებთ. ეს იქნება უპრეცედენტო შეთხვევა, როცა საქართველო დაიწყებს საკუთარი ვალების მომსახურებას“.