პოლიტიკა
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა. „საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
უწყებაში სტუმრობის შემდეგ პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მათ შორის, ალასანიას საზღვარგარეთ გახმაურებულ ვიზიტებთან დაკავშირებით. თავდაცვის მინისტრმა სთხოვა ჟურნალისტებს, მსგავსი სისულეებით აღარ დაკავდნენ: „გთხოვთ ჟურნალისტებს, რომ ასეთ სისულეებზე საუბარს ნურც ერთმანეთს ვაკადრებთ და, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები, ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ საზოგადოებისთვის რეალურდ რაც არის საყურადღებო, გთხოვთ, იმაზე გაამახვილოთ ყურადღება. ასეთი სპეკულაციები, ჭორიკნობა ღირსებას არ სძენს არავის“.