რედაქტორისგან
ნანა კაკაბაძე: „დაგვისახელონ ის პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები, ვინც სიაში ჩვენი პირადი სურვილით მოხვდა!“

1-anal-NEW-nanaსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. რატომ დუმდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პოლიტიკური ნიშნით დევნაზე და მიმართა თუ არა კახა თარგამაძემ პარლამენტს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად?

საქინფორმის რესპონდენტები არიან: თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, პოლიტიკური პატიმრებისა და დევნილების საქმეებზე მომუშავე ჯგუფის წევრი ნანა კაკაბაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი კახა თარგამაძე.

– ქალბატონო ნანა, ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოება აქტიურად განიხილავს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემას.  თქვენ ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ საქმეების შესასწავლად ძალიან მცირე დრო გქონდათ და, შესაბამისად, დასკვნები ზედაპირულად გაკეთდა. როგორი იყო ეს პროცესი?

– პოლიტიკური პატიმრების სიაზე მუშაობა 2003 წლის დეკემბერს დაიწყო. მაშინ, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა ამ რევოლუციას მხარი დაუჭირა. შეიძლება ითქვას, ახალი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება სრულიად დაცარიელდა. ეს სამწუხარო რეალობა იყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ სააკაშვილის მხარეს აღმოჩენილი არასამთავრობო ორგანიზაციები თვალს ხუჭავდნენ ყველა იმ უმსგავსობასა და დარღვევაზე, რასაც ქვეყანაში ადგილი ჰქონდა, მათ შორის, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. ჩვენ ვიყავით სამოქალაქო საზოგადოების ის მცირე ნაწილი, რომელიც, მიუხედავად უმძიმესი წნეხისა, როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ვაფიქსირებდით ყველა იმ მოვლენას, რომელზეც ვსაუბრობთ. ჩვენ გავახმაურეთ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის მირცხულავას საქმე, სულხან მოლაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრება და შემდგომში მისი წამება და სხვა უამრავი საქმე. ჩვენი ორგანიზაცია იყო პირველი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა ციხეებში პატიმრების წამების შესახებ. ჩვენ ციხიდან გამოვიტანეთ სულხან მოლაშვილის ფოტოები, სადაც იგი სასტიკად ნაწამები იყო და ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს გავაცანით. ვაჩვენეთ  დასავლეთს, თუ როგორ უსწორდებოდა სააკაშვილის რეჟმი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენ ვიყავით ერთეულები, ვინც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების სასამართლო პროცესებზე დადიოდა და არსებულ დარღვევებზე მედიაში ღიად საუბრობდა. იყო სრული დუმილი. ეს დუმილი დაახლოებით 5 წლის წინ დაარღვია საერთაშორისო ორგანიზაცია FIDH-მა, რომელმაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დაადასტურა, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.

რა შედეგი გამოიღო დუმილის დარღვევამ?

– როცა ევროპა საქართველოში არსებულ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ადამიანებზე ალაპარაკდა, საზღვარგარეთ და საქართველოში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც დაიწყეს ამ ფაქტების აღიარება. 2008 წელს შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების ჯგუფი, რომელმაც დაიწყო პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების საქმეების შესწავლა. ჩვენ ყველანი კონკრეტული საქმეებით მივედით ამ ჯგუფში და დავიწყეთ საქმეებზე მუშაობა. რეალობა იყო ასეთი – იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი, ხელისფულება კიდევ უფრო სასტიკი იყო (ვგულისხმობ ციხეების ადმინისტრაციას, რომელსაც ბრძანება „ზემოდან“ ჰქონდა მიღებული). მათი წამება და ღირსების შემლახავი მოპყრობა იყო უფრო სასტიკი, ვიდრე დანარჩენი პატიმრების. ამიტომ ძალიან ცოტა თუ ბედავდა იმის თქმას, რომ პოლიტიკური პატიმარი იყო. აი ასეთი გმირების მიერ შემოსული განცხადებების საფუძველზე შედგა პოლიტპატიმართა სია, რომელიც 2012 წლის საპარლმენტო არჩევნების შემდეგ გადავეცით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკა ბესელიას.

ქალბატონო ნანა, იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და დევნილი პირების საქმეებს შეისწავლიდა, ისმოდა ბრალდებები, რომ თითქოს სიაში ადამიანები კომისიის წევრების პირადი სურვილის მიხედვით ხვდებოდნენ...

– როდესაც ისეთი ზედაპირული საუბარია, რომ თითქოს პიროვნულად ხდებოდა ადამიანების შერჩევა და სტატუსის მინიჭება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თავად პროცესზე ხდებოდა დარტყმის განხორციელება. თუ ვინმე დღეს ასე ფიქრობს, მაშინ დაასახელონ ის ინდივიდები, ვინც ამ პრინციპით მოხვდა აღნიშნულ სიაში!

თქვენ თვლით, რომ სააკაშვილის რეჟიმის მომხრე არასამთავრობოების მხრიდან ხდებოდა მსგავსი ბრალდებების წამოყენება?

– არა მარტო მათი მხრიდან. დასავლეთისთვის ძალიან მძიმე იყო იმის აღიარება, რომ „დემოკრატიის შუქურად“  წოდებული ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებში დაედანაშაულებინა. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდებოდა და ფინანსდება დასავლეთის მიერ (ისევე, როგორც ჩვენ), იმის შიშით, რომ არ შესწყვეტოდათ ან არ შემცირებოდათ ეს დაფინანსება, აღნიშნულ თემასთან მიმართებაში დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ.

როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს კიდევ 70-მდე პირმა მიმართა და იწყება პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების ახალი სიის ფორმირება. ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ვერ მოხდა მათი საქმეების განხილვა პირველ სიაზე მუშაობის დროს?

– ჩვენ სია ჯერ არ გვაქვს და ვერ გეტყვით, ვინ არიან ეს ადამიანები, გარდა პოლიტიკური ნიშნით დევნილებისა; ესენი არიან:ლევან მამალაძე, იგორ გიორგაძე, ემზარ კვიციანი და სხვები.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მოხვდნენ ისინი იმ სიაში, რომელიც პარლამენტმა უკვე განიხილა, მათ „თბილისის ჰელსინკის ჯგუფისთვის“  და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ადრე არ მოუმართავთ. მაგალითად, ცნობილი „ყინწვისის“ და „მუხროვანის“ საქმეებიდან სულ რამდენიმე ადამიანი ითხოვდა სტატუსს,  სხვები კი თავს იკავებდნენ იმ მიზეზით, რომ მათი ყოფა საპატიმროებში კიდევ უფრო აუტანელი არ გამხდარიყო. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და პოლიტპატიმართა სია ქალბატონ ეკა ბესელიას გადავეცით, გადავწყვიტეთ, რომ სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული საქმეების სხვა წევრებისთვისაც მიგვენიჭებინა სტატუსი, ვინაიდან ეს აღარ იყო საფრთხის შემცველი და პატიმრებს ამის გამო ციხეებში არავინ აწამებდა.  გარდა ამისა,ზოგმა პატიმარმა გვიან მიიღო ინფორმაცია და ვერ მოახერხა, მიემართა კომისიისთვის.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ციხეებში კიდევ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერჯერობით ვერ მიმართეს კომისიას და, ალბათ, კარგი იქნება, თუ კომისია მოახერხებს, თავად მოაწყოს აუდიენცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ნახოს ასეთი პატიმრები. თუმცა, თქვენ იცით, რომ ამნისტიამაც და პრეზიდენტის შეწყალებამაც უკვე ბევრი პატიმარი გაათავისუფლა და სრული სურათის დახატვა, თუ რამდენი პოლიტპატიმარი იხდიდა 9 წლის განმავლობაში სასჯელს,  შეუძლებელია.

ქალბატონო ნანა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კახა თარგამაძემაც მიმართა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?

– არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ.

ახალი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის დამტკიცების შემდეგ რა პროცედურების შედეგად გათავისუფლდებიან ეს ადამიანები – ეს იქნება ისევ ამნისტიის ფორმატი, თუ სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად?

– ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.

როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია აღნიშნულთან დაკავშირებით?

– ჩემი აზრით, აჯობებს, პარლამენტის ნაცვლად ეს საქმე გადაწყვიტოს სასამართლომ, თუმცა, აქ არსებობს მეორე რამ – სხვადასხვა ხარისხის პოლიტიკური სტატუსი ექნებათ იმ ადამიანებს, ვისი გათავისუფლებაც მოხდა ამნისტიის შედეგად და ვისიც მოხდება სასამართლოს მიერ. მთავარი არის ის, რომ ამ ნიშნით დაპატიმრებულნი უნდა ყოფილიყვნენ გათავისუფლებულნი და შემდგომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, იყო თუ არა ესა თუ ის პირი პოლიტიკური პატიმარი. პრინციპში, ორივე მისაღები ფორმაა, მაგრამ უმჯობესია, სასამართლომ განიხილოს მათი გათავისუფლების საკითხი.

მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა დაკავებები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და დაკავებულების ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. თუ მიმართა რომელიმე მათგანმა „თბილისის ჰელსინკის ჯგუფს“ ან პარლამენტის შესაბამის კომიტეტს პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით?

– არა, მათი განცხადებები არ შემოსულა. ერთია პიარი, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მეორე – რეალობა, რომელიც ჩვენზე კარგად იციან. მათ ფორმალურადაც კი არ მიუმართავთ არც ჯგუფისთვის და არც პარლამენტისთვის, რადგან ძალიან კარგად იციან, რისთვისაც არიან დაკავებულნი. შესაძლოა, მომავალში მოგვმართონ, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი განცხადება არ შემოსულა.

P.S. ვინაიდან ბოლო დროს ქართული მედია აქტიურად განიხილავდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მისაღებად შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემაც მიმართა, გადავწყვიტეთ, ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა. საქინფორმი რუსეთის ფედერაციაში მყოფ კახა თარგამაძეს დაუკავშირდა.

ბატონო კახა, მიმართეთ თუ არა საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნით?

– არა. ჩემ წინააღმდეგ ოფიციალურად არასდროს ყოფილა საქმე აღძრული. მართალია,  სააკაშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ვუპირისპირდებოდი, მაგრამ ეს ხდებოდა არაოფიციალურად. იმის გამო, რომ ვიღაცასთან პიროვნული კონფლიქტი მქონდა, პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღება აბსურდია.

გარდა ამისა, მე საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი. სააკაშვილმა დიდი სიხარულით, ზუსტად 15 წუთში, დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ და ვარ რუსეთის მოქალაქე!

ესაუბრა ნატა წერეთელი