საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი სურვილი ისაა, რომ როგორმე დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია მოსკოვში, გუშინ, 4 თებერვალს, ქართული დელეგაციის და რუსეთის მთავარი სანიტარის, გენადი ონიშჩენკოს, შეხვედრაც. მისი თქმით, საწყის ეტაპზე რუსეთში ქართული ღვინო დაბრუნდება და შემდეგ– მოლაპარაკებები ხილბოსტნეულის შეტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
„გუშინდელი მოვლენებით გაირკვა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება თვითონ ზღუდავდა რუსული ბაზრის გახსნას“, – დასძინა ივანიშვილმა და, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მთავრობის ძირითად სტრატეგიად ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე რჩება.
„ჩვენ ამ მიმართულებით სწორად და გამართულად მივდივართ და ჩვენთვის გაუგებარია ოპონენტების კრიტიკა, რომლებიც ახალ სიცრუეებს უყრიან საზოგადოებას, თითქოს წარუმატებელი საგარეო პოლიტიკა გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.