საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის, პარლამენტარ გოგლა ჟვანიას განცხადებით, პრემიერის მკვლელობის საქმე უახლოეს თვეებში გაიხსნება. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლება მისი ძმის მკვლელობის საქმის მტკიცებულებებს აყალბებდა, რის გამოც საქმის გახსნა გართულდა, თუმცა, იმედოვნებს, რომ პროკურატურის მხრიდან აქტიურობა და ამ საქმისადმი დიდი ინტერესი გამოძიების დასრულებას დააჩქარებს.
გოგლა ჟვანიას განცხადებით, „ხელისუფლება ცდილობდა ამ საქმის მასალების მიჩქმალვასა და გაყალბებას. მათ FBI-ის დასკვნაც კი გააყალბეს და საპირისპიროდ თარგმნეს“.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მან ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოწმის სტატუსით მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც დაიკითხებიან.
რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგომას, გოგლა ჟვანიამ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს პარლამენტში სააკაშვილისთვის ძმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვების დასმას: „სააკაშვილთან მე დიდი ხანია, ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები აღარ მაქვს. კითხვები მას შემდეგ აღარ მაქვს, რაც დავინახე, რომ ის დაინტერესებულია ამ საქმის მასალების გაყალბებით. მასთან კითხვებით, შეიძლება მხოლოდ გამოძიება დაინტერესდეს“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის 3 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებიდან მერვე წლისთავი შესრულდა.